"ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ..." - ვინ არის ბოდიბილდერი ქალი, რომლის ცეკვამ "სელებრითებთან" სოცქსელები დაიპყრო - კვირის პალიტრა

"ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ..." - ვინ არის ბოდიბილდერი ქალი, რომლის ცეკვამ "სელებრითებთან" სოცქსელები დაიპყრო

ბავშვობაში მშობლებმა ცურვაზე მიიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ, ქალთა წყალბურთის გუნდშიც თამაშობდა. 17 წლიდან უკვე თავად მუშაობდა ცურვის მასწავლებლად. ბოლო რამდენიმე წელია ფიტნესინსტრუქტორია. მისი დილა ადრიანად იწყება. მხოლოდ შაბათ-კვირას ისვენებს, სხვა დღეებში მუდმივად სპორტდარბაზშია. 41 წლის იყო, ვარჯიში რომ დაიწყო, მას შემდეგ მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი, ფიტნესინსტრუქტორი, წარმატებული სპორტსმენი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მაკა ხიზანიშვილი სულ ყურადღების ცენტრშია. ბოლო დღეებში მისი პერსონა კიდევ უფრო გააქტიურდა, რადგან სოციალურ ქსელში სხვადასხვა პლატფორმაზე მისი ცეკვის ვიდეოები გამოჩნდა და ბევრი დაინტერესდა ამ ქალბატონის ვინაობით.

- მაკა, ბოლო ხანს, განსაკუთრებით ბევრი ნახვა აქვს ვიდეოებს, სადაც თქვენ გივი სიხარულიძესა და გია ჯაჯანიძესთან ერთად ცეკვავთ. როგორც ჩანს, გიას გადაცემაში იყავით მიწვეული. სოციალურ ქსელში აქტიური ხართ, მაგრამ ამდენი გამოხმაურება მგონი, არც ერთ თქვენ ვიდეოს არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- დიახ, ეს ვიდეოები, რომ დავდე, არც ველოდი ასეთ გამოხმაურებას. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, გადაცემაში მიმიწვიეს და მითხრეს, რომ 4 დღის განმავლობაში გადაღებები გრიგოლეთში იქნებოდა. დავთანხმდი, სამსახურიდან გავეთავისუფლე და ასე აღმოვჩნდი გრიგოლეთში, კარგ სასტავთან ერთად. მათ შორის იყო: გივი სიხარულიძე, ასმათ ტყაბლაძე, მაესტრო მორისი, მისი და და ა.შ. ერთ-ერთი ჩაწერის მერე, მორისმა მუსიკა ჩართო. ავცეკვდი. მოვიდნენ გია, გივი და ყველამ, ასე ვთქვათ, სპონტანურად ვიცეკვეთ, ეს დაგეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება ხალხის რეაქციას, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ვიდეოებზე "სელებრითებთან" ერთად ვარ, ჩემმა ვიზუალმაც იმოქმედა, ვერ გაარკვიეს, ქალი ვარ თუ კაცი. ისეთ კომენტარებს წერენ, რომ... მაგრამ მე არ ვკითხულობ, უბრალოდ მეუბნებიან ხოლმე. იმდენი კომენტარია, რომც მინდოდეს, ფიზიკურად ვერც წავიკითხავ. შეჩვეული ვარ, ყურადღებას არ ვაქცევ.

- როგორც ჩანს, აუზზე ხშირად დადიხართ, უკვე კარგი ნამზეური გაქვთ...

- ზაფხულს არ ველოდები და როცა ამინდები გამოდის, მარტიდან ვირუჯები. აუზზე ძირითადად შაბათ-კვირას დავდივარ, ოთხშაბათს 5 საათიდან ვმუშაობ და მანამდე თუ მოვასწრებ 1-2 საათით გასვლას. სოლარიუმში არასდროს ვყოფილვარ. გვიან შემოდგომამდე ვირუჯები და ფერი დიდხანს მიმყვება.

- ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ბევრი ცდილობს ზამთარში მომატებული კილოგრამები დაიკლოს და ფიტნესდარბაზში მიდის. პანდემიის პერიოდში ონლაინცხოვრებამ კიდევ უფრო მეტი დააყენა ამ პრობლემის წინაშე. ასეა?

- ახლა და მანამდეც, როცა სპორტდარბაზები გაიხსნა, მომხმარებელმა იმატა. ბევრი მწერს, მაგრამ ვაღარავის ავიყვან, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მყავს. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, არა მხოლოდ წონის მატება, არამედ ბევრს ფილტვებისა და სუნთქვის პრობლემა აწუხებს. რაც ამ სფეროში ვმუშაობ, მხოლოდ ამ ზაფხულის განმავლობაში არ მოიმატა მომართვიანობამ. ახალი წლის შემდეგ, 1-2 კვირა "მკვდარი სეზონია", მაგრამ ვარჯიში ამ პერიოდშიც ბევრმა დაიწყო. ბუმია დარბაზში. მოდიან კაცებიც, ქალებიც, ბავშვებიც. ერთი 11 წლის ბავშვი ჩემთანაც დადის, დედასა და ძმასთან ერთად და მთელ ოჯახს ვავარჯიშებ. ბავშვებს ისეთ ვარჯიშებს ვაკეთებინებ, სადაც მუხლსა და ხერხემალზე დატვირთვა არ მოდის, მაგრამ ზოგადად, ადრეულ ასაკში ვარჯიშს არავის ვურჩევ. ვარჯიში სასურველია 16 წლიდან, როცა ხერხემალი უკვე ჩამოყალიბებულია. საერთოდ, კორონაგადატანილები მალე იღლებიან, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, ნელ-ნელა ეს პრობლემა იხსნება. კორონას გადატანის შემდეგ, ასევე ბევრმა ძალიან მოიტანა წონაში. ასე რომ, ძირითადად, ეს ორი პრობლემაა. პირადად მე, პანდემიის პერიოდში სულ აქტიური ვიყავი, არ გავჩერებულვარ და სხვებსაც ვეუბნებოდი: ივარჯიშეთ, სუფთა ჰაერზე გადით-მეთქი, მაგრამ ზოგი ისე იყო დაპანიკებული, მგონი, სახლიდან სულ არ გადიოდა. მთელი ეს პერიოდი ვირუსი არ შემხვედრია, ალბათ ეს ვარჯიშის დამსახურებაა, კარგი იმუნიტეტი მაქვს. მომატებული მომართვიანობის გამო, ვფიქრობ, ჩემი დატვირთული რეჟიმი მთელი ზაფხული გაგრძელდება. ერთი სული მაქვს, შინ მოვიდე და დავისვენო.

- სასურველი შედეგის მისაღწევად, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კვების რეჟიმის შეცვლაც, რაც ბევრისთვის სირთულეებს უკავშირდება...

- რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია. ვინც მოდის, ყველას ვეუბნები, კვების რეჟიმის დაცვის გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა გამორიცხულია. თუ ის ისევე გააგრძელებს ჭამას, როგორც მანამდე, პირიქით, შეიძლება მოიმატოს კიდეც. ბევრისგან მსმენია, რაღაც პროდუქტზე რომ იტყვიან, ამის გარეშე არ შემიძლია, იმის გარეშე ვერ გავძლებ, მაგრამ ასე არ არის. მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ თუ შედეგი გინდა, საამისოდ ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. სწორი კვება დღეში ხუთჯერად კვებას გულისხმობს, 3 საათ-ნახევარი ან 4 საათ-ნახევარი შუალედებით. რაციონში უნდა იყოს: ხილი, ბოსტნეული, ბრინჯი, წიწიბურა, ხორცი, თევზი და ყველა პროდუქტი, უბრალოდ საკვები უნდა მიიღო ზომიერად და არა დიდი რაოდენობით.

- თქვენი რეჟიმიდან გამომდინარე, ასე საათობრივად კვებას რამდენად ახერხებთ?

- ვამზადებ და კონტეინერებით სულ თან დამაქვს. საერთოდ, ვისაც უნდა სწორად იკვებოს, საკვები თან უნდა ატაროს, რადგან თბილისში მხოლოდ 1-2 ობიექტია ასეთი და ხშირად, იქ შეიძლება ტერიტორიულად მოხვედრა არც გიწევდეს. აუზებზე, სადაც პიცა, ხაჭაპური, ფრი და მსგავსი კერძებია, კარგს იზამენ, თუ მენიუში სწორ კვებასაც ჩართავენ.

- გამონაკლისს რამდენად ხშირად უშვებთ?

- ათასში ერთხელ, მეც ადამიანი ვარ (იღიმის). შეიძლება ძალიან ცოტა ტკბილეული ან ცომეული ვჭამო. შაქარს საერთოდ არ ვიღებ, შაქრიან ყავას თუ მოვსვამ, ცუდად ვხდები. შაქარს ვანაცვლებ თაფლით ან ჩირით, - მხოლოდ ქართულით, რადგან ქართულ ჩირს შაქარი არ აქვს დამატებული.

- ზაფხულის შვებულების გატარებას როგორ აპირებთ?

- აგვისტოში შვილთან და ტყუპ შვილიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ვგეგმავდი, მაგრამ 19-20 ნოემბერს შეჯიბრება ჩაინიშნა და არ ვიცი, დასვენებას რამდენად შევძლებ, რომელმაც რეჟიმიდან უნდა ამომაგდოს. 2019 წელს გავხდი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირზე ბოდიფიტნესში. ეს საერთაშორისო ჩემპიონატი ყოველწლიურია, მაგრამ მას შემდეგ პანდემიის გამო აღარ გამართულა. ახლა საქართველოში ჩატარდება. სამჯერ მოვემზადე და პანდემიის გამო სამჯერვე გადაიდო. ახლა იქამდე დაახლოებით 6 თვეა და უკვე დავიწყე მომზადება. თუ შიგადაშიგ კვების განრიგსა და რაციონს ვურევდი, ახლა ასეთი რამ აღარ შეიძლება. უნდა მივიღო დანამატები, ვიტამინები და ასევე, ფიზიკურადაც შესაბამისად მოვემზადო.

- ალბათ ცურვის გამო, ზღვაზე დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას...

- დიახ, წელს თურქეთში დასვენებას ვგეგმავდი, რადგან ახლა საქართველოში ფასები ძალიან მომატებულია, მომსახურებაც არასათანადოა და არეული ამინდები, თურქეთში კი მაღალი დონის მომსახურებაა, კარგი ამინდიც და სულ ცას არ გასცქერი, არიქა, წვიმა არ წამოვიდესო.

- ბევრს ისევ არ სჯერა თქვენი ასაკის...

- ჰო, არ სჯერათ. 21 აგვისტოს 53 წლის ვხდები... 50-ის რომ გავხდი, უნდა აღმენიშნა, მაგრამ მაშინ შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი, ძალიან მკაცრ კვებაზე ვიყავი და დაბადების დღე აღარ გადავიხადე. საერთოდ, დაბადების დღეს ვცდილობ, თბილისში არ ვიყო. 52 წლის რომ გავხდი, შვილიშვილები მოვიდნენ, მიმღერეს და ასე მომილოცეს. ძალიან გამიხარდა. ტყუპი 6-წლინახევრის არიან და წელს სკოლაში მიდიან.

- დაბადების დღისთვის თქვენთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი რა შეიძლება იყოს?

- ბოტასი, ტოპი, "ელასტიკი" და ასეთი რაღაცები. ძალიან მიყვარს პარფიუმერია: სუნამო, ტანის კრემები და ამ ყველაფერში ბევრი თანხა მეხარჯება (იღიმის). ყვავილები არ მიყვარს. მოჭრილ ყვავილს, ქოთნის მცენარე მირჩევნია.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"