ტატუკულტურა საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება - კვირის პალიტრა

ტატუკულტურა საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება

თუკი წარსულში ტატუ კრიმინალური ცხოვრების ანაბეჭდად ითვლებოდა, დღეს შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. თანამედროვე ცხოვრებაში ტატუთი­ ადამიანები თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავენ. ამბობენ, ის კარგი ანტიდეპრესანტიცააო. თბილისში ცნობილი ტატუ-არტისტი ლაშა მაზმიშვილი "კვირის პალიტრასთან" ტატუკულტურის თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრებს.

- მე სანამ ტატუების გაკეთებას დავიწყებდი, პორტრეტების ხატვა მომწონდა ხოლმე. მეგობრებს ფოტოებს ვუღებდი და მათი მიხედვით ვხატავდი. ტატუს შექმნის შესწავლა ბევრს შეუძლია, მაგრამ თუ შემოქმედებითი ხედვა და ხატვის ნიჭიც გაქვს, უკეთესია, შენი უნიკალური დიზაინის შექმნას შეძლებ.

- საქართველოში როგორი ნახატები­ მოსწონთ?

- ფერადი ტატუებიც პოპულარულია, მაგრამ უფრო შავ-თეთრ ნახატებს არჩევენ. იხატავენ სხვადასხვა სიმბოლოს, ჰოროსკოპის ნიშნებს, შვილის სახელებს, ინიციალებს ან დაბადების თარიღებს. მეტწილად პატარა ტატუები მოსწონთ, მასიური იშვიათია.

- რა ადგილას იკეთებენ ტატუებს?

- ყველაზე ხშირად კიდურებზე.

ნემსის ბევრს ეშინია. ერთი კლიენტი მყავდა, ისე ეშინოდა ტატუს გაკეთება, ნემსს არ მადებინებდა, ფართხალებდა. როგორც იქნა, დამშვიდდა, მუშაობა დავიწყე და ჩაეძინა. სხვა კლიენტებსაც ჩასძინებიათ, მაგრამ იმან ისეთი ხვრინვა ამოუშვა, კედლები აზანზარდა.

- რომ მოდიან, უკვე იციან, რა დაიხატონ თუ თქვენ ურჩევთ?

- უმეტესად იციან, მაგრამ მე არ მიყვარს, სხვის დახატულ ტატუს რომ იხატავენ. ჩემს ცვლილებებს ვთავაზობ. დახატვამდე ვლაპარაკობთ, უფრო ახლოს რომ გავიცნო კლიენტი, მისი ინტერესები და ამის მიხედვით ვიძლევი რჩევებს...

გოგონები მეტწილად ყვავილებს, ჩიტებს, ინდურ მანდალებსა და სხვადასხვა ფიგურას იხატავენ, ბიჭები - ეგვიპტური მითოლოგიის პერსონაჟებს. ყველაზე დიდი პოპულარობით ანუბისი სარგებლობს. საერთოდ, ბიჭები უფრო ხშირად მოდიან ტატუზე, ვიდრე გოგონები.

- ამას წინათ ერთ ბიჭს დავაკვირდი­ ტატუზე, ვისი პორტრეტია-მეთქი, ვერ ვიცანი. მითხრა, ჯონ ლენონი უნდა დამეხატა, მერე რომ დავიფიქრდი, ვთქვი, პრინციპში მამაჩემი უფრო კარგი ტიპი არაა-მეთქი?! ჰოდა, ავდექი და მამაჩემის პორტრეტი დავიხატეო.

- კი, ასეა. გარდაცვლილი ნათესავების პორტრეტებსაც იხატავენ, ძირითადად, მკერდზე, მკლავზე ან მხარზე.... ცნობილ სახეებსაც...

- არაერთს უთქვამს, რუსეთ-უკრაინის­ ომი რომ დაიწყო, თურმე საფილტრაციო ბანაკებში ტატუების თემატიკასაც ამოწმებდნენ ოკუპანტები. ვიდეოჩანაწერს რომ ვუყურებდი, მთელი ტანი მოხატული ჰქონდათ.­

- კი, ამას მეც მივაქციე ყურადღება. ჩვენთან ბევრად ახალია ტატუს გაკეთების კულტურა, იქ კი ბევრად მეტი მიმდევარი ჰყოლია. ადრე ტატუები მხოლოდ ჯარსა და ციხეებში კეთდებოდა.

- კი, ბელადების პორტრეტები ეხატათ ხოლმე, ან „ნე ზაბუდუ მატ რადნუიუ"... ტექსტებს ახლაც იწერენ?

- როგორ არა. ერთს ბაბუამისის ლექსი დავაწერე ხელზე, თან კალიგრაფიული სიზუსტით გადამატანინა. ხელმოწერებიც გადამიხატავს კლიენტისთვის, მათ შორის გარდაცვლილი მშობლების...

ტატუს გადაკეთებაზეც მოდიან. თუ ტატუ არ მოგწონს, ალტერნატივაა, ძველ ტატუზე უფრო დიდის გადახატვა ზემოდან. თუ საერთოდ არ გინდა, წაშლაც შეიძლება.

- წაშლა როგორ ხდება?

- ლაზერით, მაღალი ტემპერატურა აქვს და ძალიან ხანმოკლე სხივით შლის. ტატუს მოშორებას 5-6 სეანსი მაინც სჭირდება. ციხესა და ჯარში გაკეთებული ტატუები იოლად შორდება, პროფესიონალური საღებავის ამოყვანა კი რთულია. კანს წვავს. ტატუს მოშორების ბევრი პროფესიონალი არა გვყავს.

- არსებობს 3-თვიანი ტატუები და სამუდამოცო. ასეა?

- ამ ბოლო დროს შემოვიდა მელანი, რომელიც ვითომ 3 თვეში გადის. სინამდვილეში ეს შეუძლებელია. ყველა ის მელანი, რომლებსაც აწერია, რომ დროებითია, უხარისხოა. არც ერთი ნორმალური ბრენდი არ უშვებს მსგავს მელნებს.

- ტატუს ნახატის არჩევისას რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ დავრჩეთ იმედგაცრუებული?

- პირველ რიგში უნდა მოძებნოთ ამ საქმის პროფესიონალი, ნახოთ მათი ნამუშევრები, რომლებიც ზოგს ინტერნეტიდან აქვს გადმოწერილი და ამასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ... არსებობს არაოფიციალური და ყალბი მელნები, რომლებიც ბევრ პრობლემას და ალერგიას იწვევს.

- თქვენმა ყველაზე გრძელმა სეანსმა რამდენ ხანს გასტანა?

- 7 საათს. მითია, რომ ამბობენ, ახალდახატულ ტატუს არ უნდა შეახო წყალიო. მახსოვს, ერთ კლიენტს ტატუ დავახატე, ავუხსენი, როგორ უნდა მოევლო, 2-3 საათში ერთხელ საპნით დაებანა და გავუშვი. რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა ახალი ტატუს გასაკეთებლად. დავაკვირდი ჩემს გაკეთებულ ტატუზე და თავზე ბუშტებივით ჰქონდა. მიზეზი ვკითხე და მითხრა, როგორც მასწავლე, 10 დღე შეხვეული მქონდა და წყალიც არ მიმიკარებიაო. მას შემდეგ ყველა კლიენტს ეს-ემ-ესით ვუგზავნი შეტყობინებას, თუ რამდენ ხანში ერთხელ და როგორ მოიბანონ, მალამოთი როგორ დაიმუშაონ ახალგაკეთებული ტატუ.

ყველა არტისტი ვალდებულია დაიცვას სანიტარიული ნორმები. ყველა ხელსაწყო უნდა იყოს სუფთა და ერთჯერადი. ნემსებს ყოველ ჯერზე ვცვლი. გამიგონია, რომ ნემსებს რეცხავენ და ხარშავენ მრავალჯერადად მოსახმარებლად, მაგრამ ძალიან საშიშია, ვინ იცის, რა ავადმყოფობა შეიძლება დაემართოს ადამიანს. მოკლედ, ტატუ-არტისტებს დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება.

„სანამ ტატუს გაიკეთებთ, კარგად დაფიქრდით, ეს მოდური ტენდენცია მალე გადაივლის და რა შეგვრჩება ხელში?“

თამარ ებანოიძე, დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი:

- ტატუ სხეულის მოხატვის უძველესი ტრადიცია იყო სხვადასხვა ცივილიზაციაში. ყოველ ნახატს თავისი რელიგიური, სოციალური თუ საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. მე-18 საუკუნიდან ის ევროპაში ფართოდ გავრცელდა და ნელ-ნელა დაიმკვიდრა ხელოვნებაში ნიშა. ამჟამად სხეულის მოხატვა გნებავთ ხელოვნების დარგად ჩათვალეთ, გნებავთ, პიროვნების გამოწვევად. ადამიანი, ალბათ, ამ გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას ან ყურადღების მიქცევას.

ტატუ უკვე აღარ არის დამღა, ძლიერი მოდური ტენდენცია გახდა. მომრავლდა ტატუს სალონები, ტატუს ოსტატები, რომელთა კომპეტენცია ვერ სცილდება "ნახატის გაკეთებას სხეულზე". არადა, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. უმეტესად ტატუ-ოსტატები ასეპტიკა/ანტისეპტიკის, ჰიგიენის პირობების დაცვით შემოიფარგლებიან და ამასობაში უყურადღებოდ რჩება ისეთი მომენტები, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება.

ნებისმიერი დაავადების დროს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, დაუშვებელია ტატუს გაკეთება. ასეთ დაავადებათა რიცხვში შედის, მაგალითად, ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, ფიბრინოპენია. ინსულინდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი პირველი ან მეორე ტიპის. ჰიპერტენზია, ონკოლოგია, ქრონიკული და მწვავე ანთებადი დაავადებები, ვირუსული დაავადებები, შიდსი, ჰეპატიტი, სიფილისი და სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის დაავადებებზე, რომლის დროსაც ასევე დაუშვებელია რაიმე ფორმით კანზე ზემოქმედება. ეს დაავადებებია ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ვირუსული დაავადებები, კანის ახალწარმონაქმნები - სხვადასხვა ტიპის ხალები და ა.შ.

დროებით შეზღუდვებს განეკუთვნება გაცივება, რომელიც ტემპერატურის ცვლილებით მიმდინარეობს, კანის მწვავე ალერგიული რეაქციები, იმუნიტეტის დროებითი დაქვეითება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, გადატანილი ინსულტი, ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ თრობაში ყოფნა, კანის ფიზიკური დაზიანება, ორსულობა, ძუძუთი კვება, მენსტრუაცია.

ტატუს გაკეთების პროცესს ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს როგორც სტრესს, რის შედეგადაც ორგანიზმში გამომუშავდება სხვადასხვა ნივთიერება, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს როგორც ტატუს გაკეთების პროცესს, ასევე შეგუებას შეყვანილ პიგმენტთან, შემდგომში მის შეხორცებას.

- ამდენი ცუდი თქვით, კარგი რა აქვს?

- როგორც კანის ექიმისათვის, კარგი არაფერი. დერმატოლოგი კანის სიჯანსაღეზე ზრუნავს, ებრძვის კანზე გაჩენილ უამრავ პრობლემას. თუმცა არსებობს განსაკუთრებული მდგომარეობები, როდესაც გამართლებულია ტატუს, როგორც დამღის ანუ გამაფრთხილებელი მაჩვენებლის გაკეთება განსაკუთრებული დაავადებების დროს, მაგალითად, ძლიერი ალერგიის დროს, რომელიც ხშირად ანაფილაქსიით მთავრდება; შაქრიანი დიაბეტის დროს კომაში რომ არ ჩავარდეს ადამიანი, C ჰეპატიტის დროს, როგორც გაფრთხილება: "მე C ჰეპატიტი მაქვს", "მე ალერგია მაქვს ანტიბიოტიკზე", "მე დიაბეტი მაქვს"... ან სისხლის განსაკუთრებული ჯგუფი უბედური შემთხვევის დროს გასათვალისწინებლად და ა.შ.

- ხუმრობა იქით იყოს და, სისხლის გადასხმის დროს ხშირად­ კითხულობენ, გვაქვს თუ არა ტატუ და დადებითი პასუხი რატომღაც­ არ ახარებთ ხოლმე. რატომ?

- როგორც ვიცით, ტატუ ინვაზიური ჩარევაა, ანუ სისხლთან გვაქვს კონტაქტი, ამ დროს ექიმი ვერ ითვალისწინებს ტატუ-ოსტატების თავგამოდებას, რომ ყველაფერი ერთჯერადი იარაღებით კეთდება, ამიტომ ისეთი დაავადებების მქონენი, როგორიცაა C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი და სხვა, რომლებიც სისხლთან კონტაქტით გადადის, დონორად არ გამოდგებიან.

- აქვს მნიშვნელობა რომელ ასაკში ვიკეთებთ ტატუს?

- ახალგაზრდის ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბათ, უმჯობესია სრულწლოვანების შემდეგ.

- და თუ მაინც გავიკეთებთ, რას მივაქციოთ ყურადღება?

- კარგად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ორგანიზმს, უნდა ვიცოდეთ ყველა ის დაავადება, რომელთაც ვატარებთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავიც და გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობასაც. სანამ გაიკეთებთ, კარგად დაფიქრდით, მისი მოცილება გაცილებით ძნელია, ვიდრე გაკეთება. ეს მოდური ტენდენცია მალე გადაივლის და რა შეგვრჩება ხელში? გარდა ამისა, უნდა ვიფიქროთ ისეთ ბუნებრივ პროცესზე, როგორიც სიბერეა. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენი ერთ დროს ტკიცინა მოხატული კანი ხანდაზმულ ასაკში.

კანი ტილო არ არის, ხატეთ, სადაც მოგესურვებათ კანის გარდა.ჯანმრთელობას გისურვებთ!

ტატუ - ხელოვნების დარგი

ტატუს ისტორია დაახლოებით 6000 წელს ითვლის. სიტყვა "ტატუ", წარმოშობის თვალსაზრისით, ორი ვერსიით განიხილება, –ერთია, პოლინეზიური სიტყვა "ტა", რომელიც თავისი მნიშვნელობით “ჭრილობას” ნიშნავს; მეორე ვერსიის მიხედვით კი, ამ სიტყვის ფესვები ტაიტურ ენაში უნდა ვეძებოთ, სადაც სიტყვა "ტატაუ" მონიშვნას ნიშნავს.

ტატუ პირველად კაპიტან ჯეიმზ კუკის დღიურშია ნახსენები. უძველესი ტატუები აღმოაჩინეს გიზის პირამიდის შესწავლისას, სადაც ძვ.წ. 2000 წლით დათარიღებული ქალის მუმიები სხვადასხვაგვარი ტატუთი იყო მოხატული.

1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა ბრიტანეთში მთლიანად მოხატული გვამი ჩამოასვენა, რომლის ტატუირებულმა სხეულმა ევროპელები განაცვიფრა.დღესდღეობით ტატუირება მთელ მსოფლიოში პოპულარულია და ის ხელოვნების ერთ-ერთ დარგს წარმოადგენს.