აგვისტოს ომი - ის, რაც აქამდე არ იცოდით! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომი - ის, რაც აქამდე არ იცოდით! (ექსკლუზივი)

"ივლისში მოულოდნელად, ფაქტობრივად, ომის წინ(?!) ყველა დიდ შენაერთში იცვლება მეთაური. მხოლოდ მეხუთე ბრიგადაში დატოვეს (ზურა აგლაძე - ავტ.),­ რადგან ის ჯერ დაკომპლექტებული­ არ იყო. ბრიგადის ნაწილი კოდორში იდგა, ნაწილი - ბათუმში. მეოთხე ბრიგადაშიც ძველი მეთაური გიგი კალანდაძე დარჩა. პირველ ბრიგადასაც კი, რომელიც ერაყში­ იყო და სულ სხვა ამოცანა ჰქონდა, მეთაური შეუცვალეს. მეთაურები შეიცვალა ცალკეულ ქვეით ნაწილებში და მეორე და მესამე ბრიგადაშიც. ამ პროცესმა ჯარის ნაწილები ბრძოლისუუნარო გახადა, რადგან როცა ახალი მეთაური მოდის, თუნდაც­ ის მანამდე იმავე ბრიგადის შტაბის უფროსი ყოფილიყო, მაინც თავიდან უნდა ააწყოს სამეთაურო გუნდი, ამას კი სამი თვე მაინც სჭირდება. გარდა ამისა, უნდა ჩაატარო სამხედრო საველე წვრთნა, რომ შენი ბრიგადის სხვადასხვა პროფილის ნაწილები შეთამაშდნენ და მისი მართვა შეძლო" - იხსენებს თადარიგის პოლკოვნიკი და სამხედრო ქირურგი ლაშა ქოიავა. "კვირის პალიტრა" აგრძელებს მასთან ინტერვიუს.

- ინტერვიუს პირველ ნაწილში­ თქვით, რომ 7 აგვისტოს, დილის 5 საათზე თავდა­ცვის მინისტრთან საგანგებო თათბირზე დაგიბარეს...

- დიახ, ყველა მეთაური იქ ვიყავით. ასეთ თათბირზე, წესით, უნდა მოვიდნენ­ ქვეყნის მთავარსარდალი, გენშტაბის უფრ­ოსი და უნდა დაიწყოს სამხედრო გეგმის განხილვა. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ომი იწყება და მინისტრმა ორი საათი დააგვიანა! 7 საათი ხდებოდა, კარი რომ გაიღო და "ბლატნოი პახოდკით" შემოვიდა კეზერაშვილი. უკან მოჰყვებოდნენ ვანო მერაბიშვილი, შალვა ჯანაშვილი და ბოლოს - ზაზა გოგავა.

- მაშინდელი გენშტაბის უფროსი?

- დიახ. ასეთ დროს ქვეყანაში მთავარია ორი პირი: ქვეყნის მთავარსარდალი და გენშტაბის უფროსი. ყველა სხვა მინისტრი, მათ შორის - პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, მათ ექვემდებარება.

- მაშ, ზაზა გოგავა ბოლოში რატომ აღმოჩნდა?

- საქმე ის იყო, რომ გოგავა მანამდე 15 წელი პოლიციის სპეცრაზმში მსახურო­ბდა და შალვა ჯანაშვილი იქ მისი უფროსი­ იყო. იგივე შემიძლია ვთქვა შს მინისტრ­ ვანო მერაბიშვილზე, ამიტომ გენშტაბის უფროსი, შეიძლება გაუაზრებლადაც, თავს ისევ პოლიციელად თვლიდა. მინისტრი უცებ შეტრიალდა და დაიძახა: ბიჭო, მოდით აქ!.. მთავარსარდალი არ მოვიდა, მინისტრი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, იქ იყო, შს მინისტრი და მისი მოადგილეც არ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იქ იყვნენ, გენშტაბის უფროსი და ყველა მეთაურიც იქ ვიყავით. გავიფიქრე, ვიღას ეძახის-მეთქი და ამ დროს შემოლაგდნენ...

- ვინ?

- ხელისუფლების წარმომადგენლები.­ ადეიშვილიც რომ იყო, მახსოვს. ადგილი აღარ იყო, ზოგი სამხედრო კედელთან აიტუზა, ზოგი სკამის დასათმობად წამოდგა. ერთ სკამზე ორი სამხედრო იჯდა, თათბირზე დასწრების მსურველნი კი არ ილეოდნენ. ბოლოს კარშიც დადგნენ. არადა, თათბირზე, სადაც ქვეყნის საომარი გეგმა უნდა განეხილათ, დასწრების უფლება მხოლოდ რამდენიმე კაცს ჰქონდა! ბოლოს თათბირიც დაიწყო. სახმელეთო ჯარების სარდალი მამუკა ბალახაძე წამოდგა სამხედრო გეგმის განსახილველად. როგორც ადრე აღვნიშნე, გეგმის თანახმად, მეოთხე ბრიგადა - ზნაურის, მესამე ბრიგადა კი ერგნეთი-ვანათის მიმართულებით დაიწყებდნენ შეტევას და შეერთდებოდნენ ჯავასთან, ჩვენი არტილერიის დახმარებით გადავიდოდნენ ჯავაზე როკის გვირაბის ჩასაკეტად, მერე იქ დარჩებოდა ძალა, რომელიც როკის გვირაბს დიდი ხნით ჩაკეტავდა, მეოთხე და მესამე ბრიგადები კი უკან დაბრუნდებოდნენ­, დაიკავებდნენ ცხინვალის სიმაღლეებს და ქალაქს დანებებას შესთავაზებდნენ. ამ დროს ერაყიდან დაბრუნებული პირველი ბრიგადა შევიდოდა ცხინვალში და მას პოლიცია შეჰყვებოდა წესრიგის დასამყარებლად. ამ გეგმის მთავარი­ ლაიტმოტივი ის იყო, რომ ჩვენ ცხინვალში­ არ შევდიოდით, მას გვერდს ვუქცევდით. გეგმის განხილვის დროს, როდესაც ბალახაძე უკვე დეტალებზე გადავიდა (თქვა, რომ ცხინვალში პირველ ბრიგადას პოლიცია შეჰყვებოდა წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ თუ ადგილობრივი ბანდფორმირებები წინააღმდეგობას გაუწევდნენ, პირველი ბრიგადა ჩაერთვებოდა, რომ პოლიციაში მსხვერპლი არ ყოფილიყო), უცებ შალვა ჯანაშვილმა წამოიძახა, ეგ ყველაფე­რი კარგია, მაგრამ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო.(?!)

ბალახაძეს რუკისკენ გაწვდილი ხელი გაუშეშდა და, როგორ აიღებთ ცხინვალსო, ძლივს ამოღერღა გაოგნებულმა.

- როგორ და, პოლიციური ძალებით!

- და როგორ? ოდესმე გაგითამაშ­ებიათ მსგავსი ოპერაცია? იციან პოლიცი­ურმა ძალებმა, ქალაქში როგორ უნდა იმოქმედონ? - არ ცხრებოდა ბალახაძე.

სამხედროებს გადავხედე. ყველას სახეზე ეწერა, რომ ჯანაშვილს არ ეთანხმებოდნენ.

- თქვენ არ იცით, პოლიციას როგორი სპეცრაზმი ჰყავს! - თქვა ზაზა გოგავამ.

- გენშტაბის უფროსი თანახმა იყო, თავისი სამხედროების შედგენილი გეგმა­ შეეცვალა - ცხინვალი არა ჯარს, არამედ პოლიციურ ძალებს გაეთავისუფლებინა? აბსურდი მგონია.

- აბსურდი ის იყო, რომ საომარ თათბირზე პოლიციელი იჯდა და კიდევ უარესი ის იყო, რომ ომს იწყებ და გენერალურ თათბირს მთავარსარდალი არ ესწრება! ეს იყო სამშობლოს ღალატის ტოლფასი დანაშაული... მამუკა ბალახაძე ძალიან სხარტი ბიჭია. უცებ მოუტრიალდა ამ მოჟრიამულე პოლიციელებს და, კარგიო, უთხრა, თან დააყოლა, თქვენს პოლიციურ ძალებს ვინმე პასუხისმგებელი პირი თუ ეყოლებაო. რა თქმა უნდაო, დაუდასტურა ჯანაშვილმა. მაშინ მასთან კავშირზე იქნება ჩვენი მეკავშირე და თუ რამე პრობლემა შეგხვდებათ, გვაცნობეთ, შტაბი დაამუშავებს კოორდინატებს და არტილერიის დახმარებით ჩაგიხშობთ საცეცხლე წერტილებსო... ბალახაძე ისევ გეგმას მიუბრუნდა და გააგრძელა ახსნა, რა მოხდებოდა, როდესაც მესამე და მეოთხე ბრიგადა მოიხსნებოდა ცხინვალიდან და ჩავიდოდა დასავლეთში... უცებ ჯანაშვილმა: ეს საკმარისი არ არის, ცოცხალი ძალაც გვინდა. ხომ ამბობდით, პოლიციური ძალებითო - ბალახაძეს ეტყობოდა, რომ მოთმინებას კარგავდა. კი მაგრამ, ცოცხალი ძალა მაინც დამჭირდება! - არ იშლიდა ჯანაშვილი. მაშინ გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ. როცა ჩვენ დავამთავრებთ, ცხინვალში მაშინ შეხვალთ, მერე კი ყველა ერთად ვიყვირებთ, რომ პოლიციამ გაათავისუფლა ცხინვალი. არაო, ჯანაშვილმა, ჯერ ჩვენ ავიღებთ ცხინვალს და მერე თქვენ რაც გინდათ, ის ქენითო... როგორ აიღებთ? - გაუმეორა კითხვა ბალახაძემ.როგორ თუ როგორ? რა, ჯარი არ მყავს, ამდენი ფული რომ დამახარჯვინეთ? - ჩაერია საუბარში კეზერაშვილი. ჯარს გეგმის მიხედვით თავისი ამოცანა აქვს, - არ შეეპუა ბალახაძე. გოგავამ - აბა, რისი გენშტაბის უფრ­ოსი­ ვარ, თუ ჯარი არ გვყავსო?! სამხედროები ამაოდ ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ ჯარი გვყავს, მაგრამ­ სამხე­დრო გეგმის მიხედვით ყველას თავისი ამოცანა აქვს. რეზერვი­ არაფრის მაქნისი არ იყო - 18 დღეში მომზადებულ ხალხს რა უნდა ექნა!

- ბოლოს რაზე შეთანხმდით?

- ატყდა კამათი, საიდან მოეყვანათ დამატებითი ცოცხალი ძალა. დაიწყეს განათლების რეზერვიდან - ჩაჩიბაია იყო მათი უფროსი. პოლიციას გადაეცა ცალკეული­ ჯავშანსატანკო ქვეითი ნაწილები, მისცეს­ სპეცრაზმი, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი ამოცანა ჰქონდა. პოლიციური ძალების­ გაძლიერება, ქალაქის აღება და სანგრებში ჯდომა ახლოსაც არ არის სპეც­რაზმის სპეციფიკასთან.

თათბირზევე რეზერვში მყოფი სამხედრო ნაწილები, რომლებსაც უნდა ჩაენა­ცვლებინათ ბრიგადები და მშვიდობიან რეჟიმში გადაეყვანათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის­ ავტონომიური ოლქი, პოლიციელებს გადასცეს. ჩვენ, ფაქტობრივად, რეზერვის გარეშე დავრჩით.

- რატომ?

- ვაზუსტებ: რეზერვისტებს არ ვგულისხმობ, არამედ სამხედრო პროფესიულ სარეზერვო ნაწილებს. რადგან ჩვენ ისინი პოლიციელებს გადავეცით, უფრო ადრე ერთვებოდნენ ბრძოლაში, ვიდრე ძირითადი დანაყოფები, ამიტომ როცა ძირითადი დანაყოფები დაქანცულები დაბრუნდე­ბოდნენ, ჩვენ მათი ჩამნაცვლებელი აღარ გვრჩებოდა.

თათბირზე პოლიციელების ინიციატივის შემდეგ გეგმა, ფაქტობრივად, ჩაიშალა.

- გამოდის, რომ ყველა ძალა ერთდროულად ერთვებოდა ომში...

- დიახ და თუკი ადრე განსაზღვრული იყო, რომელი ბრიგადა როდის ერთვებოდა და რას აკეთებდა, ეს გეგმა აღარ არსებობდა.

- აფხაზეთის მიმართულებით?

- მეხუთე ბრიგადა უკვე იდგა კოდორში­ და როცა ძალების გადანაწილებაზე დაიწყო საუბარი, ბალახაძე მიუბრუნდა კეზერაშვილს, მეორე ბრიგადაც აქეთ ხომ არ გადმოვისროლოო... არა, ის იყოს იქ, - უპასუხა მინისტრმა.

საბოლოოდ თათბირი დამთავრდა არაფრით, ანუ თქვა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო, მაგრამ რომელი გეგმის? ცხინვალს იღებდა პოლიცია, ხოლო ჯარს მისთვის გზა უნდა გაეწმინდა!

სამხედრო გეგმის წარდგენისას მკაფიოდ­ ითქვა, რომ სამშვიდობოებისთვის არ უნდა ესროლათ. ისინი იქნებოდნენ სტანდარტის დაცვით ჩაკეტილები და ხელს არაფერში შეგვიშლიდნენ.

- რუსული მხარის მოქმედება არ იყო გათვალისწინებული?

- თათბირზე ისიც ითქვა, რომ 8-ში შემოვიდოდა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი, შეისწავლიდა ადგილებს, 9-ში შემოვიდოდა ავიაცია, 10-ში კი შემოვიდოდნენ რუსეთის ძირითადი ქვეითი ძალები, ამიტომ ჩვენ მანამდე უნდა მოგვესწრო როკის გვირაბის ჩაკეტვა და ცხინვალის სიმაღლეების დაკავებით ქალაქის განიარაღება. სწორედ ამის გათვალისწინებით იყო გეგმაში მკაცრად გაწერილი 43 საათი­. ეს გეგმა არ იყო 48 საათზე გათვლილი, რადგან გამოცდილმა ხალხმა თავის დროზე შეისწავლა, რა სიჩქარით მოძრაობენ რუსული ნაწილები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ გარკვეული ჯგუფები უკვე გადმოსროლილი ეყოლებოდათ, მაგრამ ეს პრობლემა არ იყო, მთავარი იყო, ძირითადი ნაწილები არ შემოსულიყვნენ.

ავიაციისთვის მუშაობის საშუალება არ უნდა მიგვეცა. შეიძლება თვითმფრინავი ვერ ჩამოგვეგდო, მაგრამ იძულებული გახდებოდა, გასროლამდე გასცლოდა საბრძოლო პოზიციებს. მოკლედ, სამხედროების გეგმით გათვლა იყო როკის გვირაბზე, პოლიციელების გათვლით კი - ცხინვალზე.

- ომს რამდენ ხანში ვამთავრებდით?

- ცხინვალში თუ დავიწყებდით, აფხაზეთი გაგვიჭიანურდებოდა, რადგან ისინი (რუსები) მოასწრებდნენ იქ შესვლას, ამიტომ აფხაზეთში დასრულებამდე დრო დაგვჭირდებოდა...

თათბირის დასრულების შემდეგ მამუკა ბალახაძე მოვიდა ჩემთან და მკითხა, როგორი იყოო. გეგმა კარგია, მაგრამ ცუდია სამგზის წაგებული ომის ვეტერანობა-მეთქი.­ სამგზის რომელიო, დაიბნა და დაიწყო ჩამოთვლა: სამაჩაბლო, აფხაზეთი... მესამე დღეს იქნება-მეთქი, შევაშველე.

- აი, მართალს ამბობენ! თქვენ, ყველას, წაგებული ომის სინდრომი გაქვთ! - განაწყენდა ბალახაძე.

იმ წუთში ყველა აღტყინებული იყო, არც კი დაუშვებდნენ, რომ შეიძლებოდა რამე ცუდი მომხდარიყო. სამხედრო გეგმაში ცვლილებები და თან ასეთი გაუაზრებელი, კარგს რომ არაფერს გვიქადდა, ამის წარმოდგენაც არ შეეძლოთ.

დავბრუნდი ბაზაზე, სადაც ჩემს კაბინეტში უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დამხვდნენ. მომცეს ბრძანება, სადაც ეწერა, რომ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიქმნა "ადამონ ნიხასი" (სახალხო ფრონტი),­ რომელმაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ახლა კი ჩვენ მივდივართ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. მომაწერინეს ხელი, ჩემი ნაწილი დაიძრა და წავედით...

მნიშვნელოვანია, რომ თათბირზევე ვიცოდით, რუსები უღელტეხილზე მანქანებში რომ ისხდნენ და პროცესის დაწყებას ელოდებოდნენ, რათა საქართველოში მათი შემოსვლა გამართლებული ყოფილიყო...

8-ში დილითაც, როცა, წესით, შეტევაზე უნდა გადასულიყო, გაჩერებული იდგა. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან იმ 43 საათიდან ვკარგავდით დროს, რომელიც უკვე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა.

ჯარმა მოძრაობა, ფაქტობრივად, 8-ში საღამოს თუ 9-ში დაიწყო. პოლიცია 8-ში შევიდა ცხინვალში. 8 აგვისტოს, პროგნოზის თანახმად, შემოვიდა რუსი მზვერავი,­ 9-ში დილით კი ჩვენ საბრძოლო მოქმედე­ბის ყველა ვადა დარღვეული გვქონდა.

8 აგვისტოს პატარა პრობლემა შემექმნა:­ მე­­ ხომ საევაკუაციო ტრანსპორტი არ მიყი­დეს და მოგვამაგრეს სამოქალაქო სასწრაფო­ დახმარების "უაზიკები" რეგიონებიდან. მათ ცეცხლის ხაზიდან ჩემამდე­ მოჰყავ­დათ დაჭრილები და მერე ჩემგან გადაჰყავდათ გორსა და თბილისში. ზნაურის მიმართულებით გადავისროლე ქირურგიული ჯგუფი, რომ თუ ვინმე აგვცდებოდა და ზნაურის გზით წავიდოდა, სასურველი არ იყო, მაგრამ ოპერაციები გაეკეთებინათ. მოუწიათ კიდეც იქ ბიჭებს ოპერაციების კეთებამ... 8-ში მთელი ღამე და გამთენიისას დაბომბვის ხმა ისმოდა. მძღოლებს ვუთხარი, წადით ცხინვალის მისადგომებთან და დაჭრილები წამომიყვანეთ-მეთქი. ქალაქში აღარავინ იყო, თუმცა დაბომბვის შემდეგ ოსები ცხინვალის სიმაღლეებზე იყვნენ განლაგებული და გვესროდნენ. დაჭრილებიც იყვნენ. მძღოლები არ წავიდნენ, არც გასაღებები მოგვცეს. ძალით გამოვართვით და რადგან გასაღებები უკვე ჩვენ გვქონდა, ერთი მძღოლიც დამთანხმდა. ჩემთან ერთად წამოვიდა ჩვენი უზრუნველყოფის ოფიცერი, ძველი მეომარი მამუკა ნევდარაშვილი. ტყვიავიდან რომ გამოდიხარ, არის სოფელი ფხვენისი და მერე მიდიხარ ნიქოზებისკენ. ფხვენისის "ბირჟას" რომ გავცდით, უცებ მანქანა თითქოს დაგორდა. მივიხედე და მძღოლი აღარ არის - მანქანიდან გადაგვიხტა! ხელი მივაჭირე მუხრუჭს და ძლივს გავაჩარეთ მანქანა. საჭესთან მამუკა დაჯდა და გზა გავაგრძელეთ. ფხვენისი-ქვემო ნიქოზის ტრასაზე მივადექით საცობს - თავი პიკის საათის დროს პლეხანოვზე გეგონებოდათ. პოლიციის მანქანები გვერდიგვერდ მიჯრით იყვნენ ჩაჭედილები - "ჰაილუქსები", "კობრები"... ერთი ჩვენი ტანკიც დავინახეთ, რომელიც ვერ იძვროდა, რადგან წინ პოლიციელების მანქანა ედგა...

- ამ სურათს ერქვა პოლიციის შეტევა ცხინვალზე?

- დაახლოებით... ტანკისტი გამწარებული იყო, აღარ იცოდა, რა ექნა. პოლიციას წამოყვანილი ჰყავდა წვევამდელები, რომელთაც ავტომატები შეიძლება იმ დღეს პირველად ეჭირათ და შეშინებული სახეებით იყურებოდნენ მანქანებიდან. მანქანა დავტოვეთ და ფეხით გავემართეთ დაჭრილების გამოსაყვანად.(?!)

მამუკა მივიდა ტანკისტთან და ეჩხუბა, რას დგახარო! იმან ხელები გაშალა, რა ვქნაო.­ გზიდან გადადი და ისე იარეო, მამუკამ. მოსახლის ღობეა, ვერ დავაზიანებო...­ გაანგრიეო, უყვირა მამუკამ, თუ ომს მოვიგებთ, მოსახლეს ეზოს ჩვენ გავუკეთებთ და თუ წავაგებთ, მაგ ღობეს ერთ ადგილას გაგვიკეთებენო! ტანკი დაიძრა და გზიდან გადავიდა. "ჰაილუქსებმა" ეს რომ დაინახეს, ტანკს გაეკიდნენ, გადაუსწრეს და ისევ გაიჭედნენ. ტანკმა ტრასაზე გასწორება ვეღარ მოასწრო და ისევ ჩაიკეტა ყველაფერი. მამუკა ცდილობდა, რამე ეშველა და იქვე მდგარ "კობრას" მივარდა:

- მიდი, შენ მაინც გაიარე, იქნებ ადგილი გათავისუფლდეს და ტანკი მოვატრიალოთ.

- იქ ხო ბუჩქნარია, - იუარა მძღოლმა.

- მერე რა, ამხელა მანქანა ვერ გაივლის? - გადაირია მამუკა. არა, მანქანა დამეჩხაპნებაო, იმან.

- რა მანქანა, ომში მიდიხართ, შეტევაზე ხართ! - მოთმინებადაკარგული მამუკა უკვე ღრიალებდა.

როგორც იქნა, მივაღწიეთ ადგილამდე, ვიღაცები დაგვეხმარნენ და დაჭრილები გამოვიყვანეთ... ომის დღეებში ჰოსპიტალში 380 ოპერაცია გაკეთდა...

- როდის შევიდა ჯარი ცხინვალში?

- ცხინვალში ტრასით პირველი შევიდა­ ცალკეული ჯავშანბატალიონი, ანუ როგ­ორც იმ თათბირზე ითქვა, წინ ჯავშანი მიდიოდა და უკან პოლიციური ძალები უნდა გაჰყოლოდნენ. ბატალიონის მეთაურისგან ვიცი, რომ გზაზე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. როდესაც დაინახეს წარწერა "თამარაშენი", მიხვდნენ, რომ ცხინვალი გაიარეს, თან ისე, რომ კაციშვილს არ უსვრია. ამ დროს შენიშნეს, რომ პოლიცია უკან არ მიჰყვებათ, ტანკი კი ქვეითის გარეშე არაფერია - ჯართია და ერთგვარი კუბო. პოლიცია რომ ქვემოთ გაიჭედა,­ ამის შესახებ ცალკეულმა ჯავშანბატალიონმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა და გეგმის მიხედვით მიდიოდა...

- რამდენი ტანკი გვყავდა იმ დროს?

- ბატალიონს 100 ტანკზე მეტი ჰყავდა. ეს იმ ომისთვის საკმარისზე მეტი იყო... მოტრიალდა ჯავშანბატალიონი უკან, იპოვეს პოლიციელები და მიბრუნდნენ ისევ თამარაშენში, მაგრამ ამასობაში ოსები მიხვდნენ, რომ ჩვენთან არეული სიტუაცია იყო და ჩვენებს ისეთი დასცხეს!..

- მესამე და მეოთხე ბრიგადები სად იყვნენ ამ დროს?

- სამხედრო გეგმის თანახმად, მესამე ბრიგადა დაიძრა ერგნეთი-ვანათის მიმართულებით, რომ მეოთხე ბრიგადას ჯავის ტრასაზე შეერთებოდა. მეოთხე ბრიგადაც დაიძრა ზნაურის მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგე კარგად იყო გამაგრებული და იქ ბრძოლაში ჩაერთო. ზუსტად არ მახსოვს, ეს 8-ში საღამოს იყო თუ 9-ში დილით... მესამე ბრიგადა რომ მივიდა მეოთხე ბრიგადასთან შეერთების ადგილზე, გაირკვა, რომ მეოთხე ბრიგადა ზნაურთან იყო გაჭედილი...

ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ პოლიცია ომისთვის მზად არ იყო. ჩვენ აღარ გვქონდა ის 43 საათი, რომლის განმავლობაში შეგვეძლო როკის გვირაბის ჩაკეტვა. დრო უკვე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა...

მინდა ერთი ფაქტიც გავიხსენო: საველე­ ჰოსპიტალში მომიყვანეს 20 პოლიციელი, ოცივეს კონტუზია ჰქონდა. პირველად ის გავიფიქრე, ამდენი ადამიანი სად იჯდა ერთად, რომელ ოთახში, რომ ასეთი რამე დაემართათ, ამისთანა რა ესროლეს-მეთქი. გაირკვა, რომ პოლიციელები რაციით გადასცემდნენ ტანკს, სად უნდა ესროლა. ტანკი 45 ტონამდეა, შიგნით ორი ძრავით და როცა დაქოქილია, ისეთი ხმა აქვს, ერთმანეთთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. შიგნით რომ ზიხარ, გარეთ რა ხდება, არაფერი გესმის. იმ ოცმა პოლიციელმა რაციით უთხრა კოორდინატები, სად უნდა ესროლა და იმანაც გაისროლა, ამ დროს კი თვითონ პოლიციელები ტანკის ლულის ქვეშ იდგნენ... პოლიციამ ომისა არაფერი იცოდა და ეს ცხინვალშიც გამოჩნდა... კეზერაშვილმა რომ გაიგო, პოლიციამ ცხინვალში ამოცანას თავი ვერ გაართვა, გასცა ბრძანება, რომელიც, ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასი იყო.

- რას გულისხმობთ?

- მინისტრი ჯარს აძლევს ბრძანებას, რომ მეოთხე ბრიგადა შემოტრიალდეს და ცხინვალთან პოლიციას მიეხმაროს, არადა, როგორც აღვნიშნე, ამ დროს მეოთხე ბრიგადა უკვე გაშლილია საბრძოლო პოზიციებზე და ზნაურზე შეტევაშია ჩართული.

- გენშტაბის უფროსის რეაქცია როგორი იყო ამ უგუნურ გადაწყვეტილებაზე?

- გენშტაბის უფროსმა, რასაც მინისტრი იტყვის, შესრულდესო, არადა, მას ჰქონდა უფლება, ასეთი ბრძანებისთვის მინისტრი ბორკილებდადებული გაეშვა თბილისში! როგორ წარმოგიდგენიათ ბრიგადის შემოტრიალება? ეს ხომ ხუთკაციანი ჯგუფი არ არის?! წარმოიდგინეთ, ბავშვობაში დიდი აღლუმების დროს ვინმეს კოლონის შემოტრიალება რომ მოენდომებინა,­ როგორი ქაოსი შეიქმნებოდა და ბრიგადის?!. თანაც როცა ის უკვე ბრძოლაშია ჩართული?! სამხედროები მალავდნენ ამ ბრძანებას, რომ კალანდაძეს არ მიეღო - ეს ხომ აბსურდი იყო!

მივედი შტაბში, სადაც შემხვდა შმაგი თელია, გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე და ძალიან გახარებულმა მითხრა, დღეს სამშვიდოებებს უნდა ვგლიჯოთო. ვინ სამშვიდობოებს-მეთქი. აი, იმ რუსებს! - მომახალა. აზრზე თუ ხარ, რას ამბობ-მეთქი. რას ჰქვია, აზრზე არ ვარ, მაგრად გვიშლიან ხელსო. რაში-მეთქი. ავტომატებს გვესვრიანო. ავტომატებს მივხედავთ, მთავარია, ტანკი არ დაქოქონ-მეთქი. შენ რა, მაგათ იცავო? - აილეწა. შენ სამშვიდობოების აქ ყოფნაზე ხელი გაქვს მოწერილი და ახლა, ივლისში, მანდატიც გაუგრძელე. მათ, ასე თუ ისე, სამშვიდობოები ჰქვიათ, თუ ესვრი, რუსი შემოვა და საქვეყნოდ იტყვის, ჩემს სამშვიდობოებს ესროლესო. ამით ხომ მათი შემოსვლა გაპრავდება-მეთქი - აღარ ვიცოდი, გამკვირვებოდა თუ გავცეცხლებულიყავი.

თელიას გაბადრული სახე მოეღუშა, შეტრიალდა და ოთახში შევარდა. თელიამ არა, მაგრამ სამშვიდობოებს 9-ში მაინც ესროლეს 120 მმ-იანი ჭურვი და ექვსი სამშვიდობო მოკლეს. გაიგეს თუ არა ეს რუსებმა, დაქოქეს ტანკები და საქართველოსკენ დაიძრნენ.

კეზერაშვილი კარგა ხანს ვერ პოულობდა კალანდაძეს. ბოლოს ვიღაცას დაურეკეს და დაალაპარაკეს. მეოთხე ბრიგადის მეთაური გადაირია, რას ჰქვია, ბრიგადა შემოვატრიალო, ეს როგორ წარმოგიდგენიათო! მაგრამ საბოლოოდ სხვა გზა აღარ იყო და ბრძოლაში ჩართულმა ბრიგადამ მთელ გაშლილ ფრონტის ხაზზე ტრიალი დაიწყო, ამასობაში კი ფლანგებზე ოსებმა გახსნეს ცეცხლი... ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა... მესამე ბრიგადის მეთაურმა (ძალიან გამოცდილი ბიჭი იყო) გაიგო, რომ მეოთხე ბრიგადა მოატრიალეს, არადა, კარგად იცის, მარტო თავისი ბრიგადით ჯავაზე ვერ გადავა და, ფაქტობრივად, განწირულია...

გარდა ამისა, მოწინააღმდეგის ის ძალები, რომლებიც მეოთხე ბრიგადას უნდა გაენადგურებინა, მოტრიალდნენ და მესამე ბრიგადას უკვე ზურგში მოექცნენ. ცხადი იყო, რომ მესამე ბრიგადას განადგურება ემუქრებოდა, ამიტომ თავისი ხალხის გადარჩენის მიზნით მეთაურმა ბრიგადის უკან მოტრიალება გადაწყვიტა. როცა მესამე ბრიგადა ჩემს ჰოსპიტალთან დავინახე, თვალებს არ დავუჯერე...

როდესაც მეოთხე ბრიგადის მინდორში მდგომი(?!) ერთი ნაწილი რუსულმა ავიაციამ დაბომბა და 22 კაცი მოკლა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკვე დემორალიზებულ ჯარში პანიკა დაწყებულიყო...

9-ში თუ 10-ში მივედი შტაბში და მითხრეს, იცი, რომ პრეზიდენტი გაიქცაო? მეგონა, რაღაც სპორტული აქტივობა ჰქონდა და, რა დროს ვარჯიშია, ომია-მეთქი. რა ვარჯიში, გაიქცაო...„პრეზიდენტი გაიქცა! - ეს ძალიან ცუდად ჟღერს... მაშინ გავიგე, თურმე ჯარი შეტევამდე ორი დღე რატომ გააჩერეს. ჩამოვიდა მანქანა ტრიბუნებით, დროშებით, ბუშტებით, მას ჩამოჰყვა საქართველოს პრეზიდენტიც, რომ როცა პოლიცია ცხინვალს აიღებდა, ქალაქში მიტინგი ჩაეტარებინა. ჩამოიყვანა კუშნერიც, საუბრისას კი რაღაცამ წამოუარა და რაც მოხდა, ალბათ, ყველას აქვს ნანახი, ჯარში კი უცებ გავრცელდა ხმა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. სად გაიქცა, რა მოხდა, აღარავის აინტერესებდა. ბრიგადების მოტრიალებამ, მესამე ბრიგადის ლამის ალყაში მოქცევამ, პრეზიდენტის გაქცევამ, პოლიციელების ჩასვრამ ჯარის სულისკვეთებაზე ძალიან იმოქმედა...

- ამ დროს პირველი ბრიგადა უკვე ჩამოსული იყო ერაყიდან...

- კი, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინათ?! ისეთი ქაოსი იყო, მათ ბრძოლაში ჩართვას აზრი აღარ ჰქონდა. 10-ში რუსები უკვე ცხინვალში იყვნენ. იმავე დილით პოლიციელები დაეწყვნენ ტყვიავში და თბილისში წამოვიდნენ, ჩვენი ჯარი კი ცხინვალში დატოვეს. მომდევნო დღეებში რაც ხდებოდა, ყველამ კარგად ვიცით...

პირველი ნაწილი - აგვისტოს ომი - ის, რაც აქამდე არ იცოდით