შურთხი - ჯიხვების ერთგული დარაჯი - კვირის პალიტრა

შურთხი - ჯიხვების ერთგული დარაჯი

შურთხი საქართველოში უხსოვარი დროიდან გავრცელებული ფრინველია. ხალხში მას "ჯიხვების დარაჯსაც" ეძახიან. საქმე ის არის, რომ შურთხი ხშირად ახლავს ჯიხვების არვეს და საშიშროების დროს სტვენას იწყებს, თითქოს განგაშს ტეხს, რომ თავისი მეგობრები გააფრთხილოს. ამ ფრინველზე უფრო მეტ ინფორმაციას ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი მოგვაწვდის.

ნიკა პაპოშვილი:

- შურთხი საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული ფრინველია. ის მაღალ მთაში, 2-4 ათას მეტრ სიმაღლეზე ბინადრობს, რუხი შეფერილობა აქვს და ისეა გარემოსთან შეხამებული, რომ ძალზე ძნელი დასანახავია. ჩვენთან შურთხის ორი სახეობა გვხვდება: კავკასიური შურთხი, რომელიც ენდემური სახეობაა კავკასიისთვის და არამარტო საქართველოსთვის და კასპიური შურთხი, რომელიც კავკასიის ენდემი არ არის. შურთხი ქათმისნაირთა რიგის წარმომადგენლებს შორის ყველაზე დიდი ფრინველია - მისი წონა ხშირად 3 კილოგრამსაც აღწევს. მთაში მცხოვრები ქართველები ამ ფრინველს ხშირად მთის ინდაურს ან ტყის ქათამს ეძახიან.

- ესე იგი კავკასიური შურთხი მხოლოდ ჩვენს რეგიონში გვხვდება. კასპიური შურთხი რომელ ქვეყნებში ბინადრობს?

- კასპიური შურთხი გვხვდება ირანში, აზერბაიჯანში და სხვა აზიურ ქვეყნებში. საქართველოში მისი გავრცელების არეალი მცირეა - ძირითადად, სამხრეთი საქართველო, სადაც პოპულაცია ძალზე მცირერიცხოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კასპიური შურთხი გადაშენების პირას არის, უბრალოდ, საქართველოში მისთვის სასურველი ჰაბიტატი ნაკლებად არის წარმოდგენილი და მცირერიცხოვნობასაც ეს განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ კავკასიური შურთხი ზღვის დონიდან გაცილებით მაღლა ბინადრობს, ხოლო კასპიური შურთხისთვის ოპტიმალური სიმაღლე 2500-3000 მეტრია, თუმცა შეიძლება უფრო დაბლაც შეგვხვდეს.

- საკვებს როგორ მოიპოვებს?

- შურთხი შეჩვეულია ცივ და მკაცრ კლიმატს, ის მცენარეთა თესლით, ფესვებით, ხოჭოებითა და მცირე ზომის უხერხემლოებით იკვებება. ჩვენს მთებში თოვლი მალე დნება, ამიტომ საკვების მოსაპოვებლად იქ მათთვის ოპტიმალური პირობებია. კლდოვანი ადგილები მათთვის ნამდვილი ოაზისია, ზამთარშიც კი. ასე რომ არ იყოს, სხვა ფრინველების მსგავსად, შურთხიც მიგრაციას არჩევდა. კავკასიური შურთხი არსად მიფრინავს, მას მიგრაცია არ ახასიათებს, თუმცა, შესაძლოა, სხვა ადგილას გადაინაცვლოს, მაგალითად, 4 000 მეტრიდან 2 000-მდე ჩამოინაცვლოს და საკვები იქ მოიპოვოს. - სად და როგორ პირობებში იზრდებიან პატარა შურთხები?

- შურთხებს ინკუბაციისთვის 3-4 კვირა სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ქათმისნაირებს მონოგამია არ ახასიათებს, შურთხები მონოგამიური ფრინველები არიან - ერთ სეზონზე მხოლოდ ერთი მეწყვილე ჰყავთ. შურთხს მკვეთრი, ჟღერადი ხმა აქვს და მეწყვილეს ძახილით იზიდავს. მისი ხმა მთაში სხვა სეზონზეც გაისმის, მაგრამ გამრავლების პერიოდში - უფრო ხშირად. ინკუბაციის პერიოდში ბუდეში მდედრები სხედან და გამოჩეკილ ბარტყებზეც უფრო მდედრი შურთხი ზრუნავს. ბუდეებს შურთხები კლდის ჩაღრმავებულ ადგილებში იწყობენ, რომ არ გამოჩნდნენ.

- როგორც ამბობთ, კასპიურ შურთხს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საქართველოს "წითელ ნუსხაში" მაინც შეიტანეს. ეს რით აიხსნება?

- 2007 წელს, როცა "წითელი ნუსხა" შედგა, სპეციალისტებმა ის მხოლოდ რაოდენობის მიხედვით შეადგინეს. რეალურად, "წითელი ნუსხის" შედგენა ძალიან გრძელი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მეცნიერულ კვლევებს უნდა დაეყრდნოს. ამგვარი ნუსხა მხოლოდ რაოდენობის მიხედვით არ უნდა იქმნებოდეს. თანამედროვე მეცნიერების მიდგომა სულ სხვაგვარია. შარშან ჩვენ მთელი საქართველოს ფლორისა და ფაუნის გამოკვლევა შევძელით, ახალი "წითელი ნუსხისთვის" მასალაც შევაგროვეთ, მაგრამ მასში არც კავკასიური შურთხი მოხვდება და არც - კასპიური. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში კასპიური შურთხის მცირერიცხოვანება არ გვაძლევს საფუძველს, ეს სახეობა ნუსხაში შევიტანოთ. ცხადია, ჩვენს ტერიტორიაზე უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, მაგრამ ის გადაშენების პირას არ არის. რაც შეეხება კავკასიურ შურთხს, ეს სახეობა კავკასიაში მრავალრიცხოვანია. გააჩნია, ვინ რა კრიტერიუმებით შეაფასებს ამ საკითხს, მაგრამ ჩვენ თანამედროვე კრიტერიუმებს ვეყრდნობით, რომელთა მიხედვით, არც კასპიური და არც კავკასიური შურთხი "წითელ ნუსხაში" შესატანი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.

- ესე იგი ახალი "წითელი ნუსხა" უკვე შედგენილია. რა არის საჭირო, რომ ის ამოქმედდეს?

- დიახ, ჩემმა კოლეგებმა არა მხოლოდ ფრინველები, არამედ მცენარეები, ცხოველები და ამფიბიებიც გამოიკვლიეს. კვლევაში ჩართული იყო არა მარტო ილიას უნივერსიტეტი, არამედ - ზოოპარკი, ბათუმის უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობდნენ დაცულ ტერიტორიებზე მომუშავე პროფესიონალები, ასევე - "საბუკო" და სხვა დონორი ორგანიზაციები. ახალი "წითელი ნუსხა" უკვე შევადგინეთ, ახლა ყველაფერი გარემოს დაცვის სამინისტროზე, პარლამენტსა და მთავრობაზეა დამოკიდებული. მასალები უკვე ჩავაბარეთ. მთავარია, ახალი ნუსხა დაამტკიცონ. ცუდია, თუ ეს პროცესი გაჭიანურდება. მაგალითად, ახლა შურთხი არ შევიტანეთ მოწყვლადი სახეობების სიაში, მაგრამ ხომ შეიძლება ერთ-ორ წელიწადში რამე შეიცვალოს? ამიტომ წლების შემდეგ ამ "წითელი ნუსხის" დამტკიცებას აზრი აღარ ექნება.

- ასე მცირერიცხოვანი რატომ არის კასპიური შურთხი?

- იმიტომ, რომ სამხრეთ საქართველოში არ არის მეტი ჰაბიტატი, სადაც მან შეიძლება იცხოვროს. ბინადრობენ იქ, სადაც მათთვის საკმარისი საკვები და სათანადო კლიმატური პირობებია. უკონტროლო ნადირობამ კი შეიძლება მათი რაოდენობა მინიმუმამდე შეამციროს, მაგრამ აზერბაიჯანიდან რამდენიმე ფრინველი ისევ გადმოვა, აქ დასახლდება, გამრავლდება და კვლავ რამდენიმე ათეული ან ასეული ინდივიდი გაჩნდება - ეს ჩვეულებრივი წრებრუნვაა, ასე რომ, ისინი საკმარისი რაოდენობით არიან იქ, სადაც მათთვის შესაფერისი ჰაბიტატია.

- ცნობილია თუ არა კავკასიური ან კასპიური შურთხის რაოდენობა საქართველოს ტერიტორიაზე?

- მათი რაოდენობა ზუსტად არავინ იცის, რადგან ასეთი კვლევა ბოლო ხანებში არავის ჩაუტარებია, თუმცა დიდ კავკასიონზე კავკასიური შურთხი ყველგან გვხვდება, კასპიურ შურთხზე კი უკვე ვისაუბრე.

- როგორ მოქმედებს მათ რაოდენობაზე ნადირობა?

- ამ ფრინველზე ოდითგანვე ნადირობდნენ. ამჟამად შურთხზე ნადირობა აკრძალულია, თუმცა მაინც ნადირობენ, მაგრამ შურთხს მხოლოდ ნადირობით საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის ურთულეს პირობებში ცხოვრობს, მთასა და კლდე-ღრეში, სადაც ადამიანმა შეიძლება ერთი-ორი შურთხი ძლივს მოიხელთოს. მით უმეტეს, რომ ის ძალიან ფრთხილი ფრინველია და თუ დაფრთხება, გაფრინდება და თავს გადაირჩენს. ადვილად მოსანადირებელი ფრინველი ნამდვილად არ არის, კასპიური შურთხი კი ძალიან მცირე არეალზეა გავრცელებული და შეიძლება ეს სახეობა სულ დავკარგოთ, ამიტომ მასზე უკონტროლო ნადირობა დაუშვებელია. Aუცილებელია ასევე ფრინველთა აღრიცხვა და ხშირი მონიტორინგი. ამ საკითხს გარემოს ზედამხედველობის სამსახური უნდა აგვარებდეს, რაოდენობასაც უნდა აკონტროლებდეს და თუ საჭირო იქნება, კასპიურ შურთხზე უკანონო ნადირობაც აღკვეთოს. მართალია, ძნელია ამ კლდეებში ასვლა და მონადირეების დევნა, მაგრამ საამისოდ სხვა გზებიც არსებობს. ყველაფრის მოგვარება შეიძლება, მთავარია მოვინდომოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე