ვინ შეკაზმავს ცხენს მსოფლიო ჩემპიონატისთვის? - კვირის პალიტრა

ვინ შეკაზმავს ცხენს მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

საქართველო მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანა იყო და საუკუნეების განმავლობაში, თუ არ ვიბრძოდით, ყაბახს, ისინდს, ჯირითსა და სხვა სახეობებში ცხენსაც ვწვრთნიდით და მხედრულ ხელოვნებასაც ვხვეწდით. ასე, გენეტიკურად ჩაკირულმა მხედრულმა უნარებმა განაპირობა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცის დამდეგს ამერიკაში გურული ცხენოსნების თავბრუდამხვევი წარმატება. 1912 წელს კონსტანტინე ავალიშვილის მიერ ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზის მოპოვებაც დიდად საამაყო იყო. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ საქართველოშიც ტრადიციულად პოპულარული ყოფილა ცხენოსნობა. თუმცა რამდენადაც ვითარდებოდა ქართული საცხენოსნო სპორტი, იმდენად გასაქანი როდი ჰქონია. საბჭოთა რკინის ფარდა მათაც უკრძალავდა დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირს, ამიტომაც მხოლოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონების ტიტულს სჯერდებოდნენ. 1991 წლის 30 მაისს დაფუძნდა საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია, რომელიც 1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია. თუმცა ქართველი მხედრებისთვის გზა მსოფლიო ტურნეებისკენ კვალავაც გაუკვალავია. იმიტომ არა, რომ ურიგო მხედრები გვყავს. ამიერკავკასიის ლიგის ქვეყნებში ექვსჯერ მოიპოვეს მსოფლიო შეჯიბრების ფინალში მონაწილეობის უფლება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ წავიდნენ.

აგვისტოს მიწურულს თბილისის იპოდრომზე საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატის მორიგ შეჯიბრებებს დავესწარი. სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავწყვიტე, ერთი დღე იპოდრომზე გამეტარებინა და მენახა, როგორ ცხოვრობენ მწვრთნელები, მხედრები, მეჯინიბეები და, რაღა თქმა უნდა, ცხენები ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე, რა მიზნები აქვთ და საერთოდ, როგორ ვითარდება საცხენოსნო სპორტი.

cxeni2-1664716699.jpg
საცხენოსნო სკოლის უფროსი ინსტრუქტორის გელა ტატანაშვილის ყოველი დღე დილის რვა საათიდან იპოდრომის საჯინიბოების შემოვლით იწყება. ცხენებს დაათვალიერებს, მოსწავლეებთან შეხვედრის სამზადისს გაეცნობა და იწყებს საქმეს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

აქ ოთხი თავლაა. თითოეულში 40 ცხენის დაბინავება შეიძლება. ყველა ნაწილობრივ დატვირთულია. ცხენების ნაწილი საცხენოსნო სკოლას ეკუთვნის, ნაწილიც - კერძო მფლობელებისაა. ზოგიერთი მათგანისთვის ცხენის ყოლა უბრალოდ პრესტიჟულია, ზოგიც ხშირად თვითონვე მოდის, უვლის, აჭმევს, ასუფთავებს და ავარჯიშებს. იპოდრომზე ჯერ არ გამოჩენილან ისეთი მფლობელები, რომლებიც ცხენებს თავიანთი ჭიის გასახარებლად კი არა, სერიოზულ ტურნეებში გასამარჯვებლად შეიძენენ და საიმედო მხედარს მიანდობენ. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი შალვა გაჩეჩილაძე, მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ფინალისტი, იმედოვნებს, რომ საქართველოშიც მოვა დრო, როდესაც ევროპელი მხედრების მსგავსად, ერთ ქართველ მხედარს რამდენიმე სპონსორი და რამდენიმე ცხენი ეყოლება, თითოეულის პატრონი კი დაინტერესებული იქნება, რომ მისმა ცხენმა გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

ჩვენს დროში, როდესაც ახალგაზრდების ერთი ნაწილი თითქმის ვერ გეტყვით, რა არის მათი საყვარელი საქმე და დროს უსაქმურობაში კლავენ, იპოდრომზე ორ საინტერესო ახალგაზრდას წავაწყდი. ძმები, იოსებ და ბიძინა მაჭავარიანები უმაღლეს სასწავლებლებშიც სწავლობენ და იპოდრომზე მეჯინიბეებადაც მუშაობენ. იოსებს დიდი მიზნები აქვს, გარდა იმისა, რომ მეჯინიბეა, მწვრთნელობს, ბავშვებს პონით ასეირნებს. აპირებს გამორჩეული მხედარიც გახდეს და ტურნირებშიც მიიღოს მონაწილეობა. ცხენებს 24 საათის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ. მუშა ცხენის მოვლა სპეციფიკურ, ზუსტად გაწერილი კვების, ვარჯიშის და მუშაობის განრიგს მოითხოვს. გაოფლილი ცხენი თავის სადგომში ხის ბურბუშელაში გორაობს და თუ კარგად არ დაასუფთავებ და უნაგირს ისე დაადგამ, კანი გაუღიზიანდება და დაავადდება. იპოდრომზე ცხენის ავადმყოფობას ორმაგად უფრთხიან. გარდა იმისა, რომ შეუძლოდ მყოფი ცხენი საქმეს ეთიშება, პროფესიონალი ვეტერინარების არყოლის გამო დიდი საშიშროება ემუქრება.

იპოდრომის ყველაზე „უხუცესი“ მწვრთნელი გელა ტატანაშვილი ამბობს, რომ პრობლემაა სადიაგნოსტიკო აპარატურის უქონლობაც: "სპეციალური კლინიკის არსებობა ჩვენთვის ფუფუნებაა. ამიტომაც ვნატრობთ, გვქონდეს თუნდაც ექოსკოპიის ხელით გადასატანი აპარატი, რომელსაც თავლაში ცხენთან მიაგორებ და დიაგნოზს დროულად დაუსვამ. დღემდე ძველი ცოდნით, გამოცდილებით ვმუშაობთ, რაც ბეწვის ხიდზე სიარულს ნიშნავს".

შალვა გაჩეჩილაძე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "ელემენტარულ მედიკამენტებსაც კი ცხენისთვის უცხოეთიდან ვიწერთ, ან მეგობრებს ვთხოვთ, რომ ჩამოგვიტანონ. აქაურ ბაზარზე იოლად ან საერთოდ ვერ იშოვი".

იპოდრომის ბინადრებისთვის 2010 წლის შემდეგ სპეციალური საკვებიც სანატრელი ყოფილა. როგორც შალვა გაჩეჩილაძე ამბობს, მიმდინარე წელი იპოდრომის ცხოვრებაში განსაკუთრებულია, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის ბალანსზეც არის ფედერაციის ცხენები, სატურნირე ცხენებს სპეციალური საკვები შეუძინა.

შალვა გაჩეჩილაძე: "აქამდე ცხენებს სულ შვრიას ვაჭმევდით. ძალიან ცხელი საკვებია, ცხენს ერთიანად აცლის ენერგიას. ახლა დაბალანსებულად იკვებებიან, რაც უმნიშვნელოვანესია. სამინისტრომ სამი ცხენიც გვიყიდა, სამივეს შეძენა და ტრანსპორტირება 200 ათასი ევრო დაჯდა. ორი ბელგიურია, ერთიც - ფრანგული. როდესაც იპოდრომის პრობლემებზე სალაპარაკოდ მივედით, მინისტრი დიდხანს გვისმენდა. დაგვპირდა, ყველაფრის მოგვარებაში დაგეხმარებითო. იპოდრომის ინფრასტრუქტურასაც მოგიწესრიგებთო. ბიუჯეტიც გაგვიზარდეს.

აქ ტურნირები ხშირად იმართება, საპრიზო ფონდებიც შთამბეჭდავია და მხედარიც უფრო მეტი შემართებით არის. რამდენიმე ახალი კლუბიც შეიქმნა, მათ შორის, ნატახტარში, რაც ძალიან კარგი მოვლენაა საცხენოსნო სპორტში. ახალი ცხენები ჰყავთ კაჭრეთშიც. ვფიქრობთ, სპორტის ამ მიმართულების განვითარებას რომ შეხედავენ, ბევრი მოინდომებს ფულის ჩადებას. დღეს კი ცხენმზიდებიც კი არა გვყავს. მსოფლიო ტურნეზე წაუსვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. თუმცა იმედი გვაქვს, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება".

შალვა 6 ცხენთან და რამდენიმე სპორტსმენთან მუშაობს, მათ შორის რუსუდან ფიცხელაური და გიორგი ქანთარია ტურნირებშიც გამოდიან. აქ ხუმრობენ, რომ იპოდრომზე მატრიარქატი მკვიდრდება. როგორც მსოფლიოში, ამ სპორტში მხედრების 70% ქალია, ჩვენთანაც გოგონები ჭარბობენ. რუსუდანმა ახლახან ტურნირიც მოიგო. სკოლაშიც გოგონა უფრო მეტია.

საცხენოსნო სკოლის უფროსი ინსტრუქტორის გელა ტატანაშვილის ყოველი დღე დილის რვა საათიდან იპოდრომის საჯინიბოების შემოვლით იწყება. ცხენებს დაათვალიერებს, მოსწავლეებთან“ შეხვედრის სამზადისს გაეცნობა და იწყებს საქმეს, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

გელა ტატანაშვილი: "სკოლაში 12 წლის ასაკიდან ზევით, ვისაც კი ცხენზე სავარჯიშოდ ძალა ერჩის, ყველას ვემსახურებით. ყველაზე ხანდაზმული 77 წლის არის. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. მიხარია, როცა ბავშვები მოდიან, განსაკუთრებით, ვისაც ჯანმრთელობის გამო ექიმმა კი არ დაუნიშნა ცხენით მკურნალობა, არამედ ნებით მოსწყდა გაჯეტებს და გადაწყვიტა ჯანსაღად იცხოვროს. უკვე 12 პატარა მხედარიც გვყავს. ვოცნებობ, რომ სპორტის ეს სახეობა ისევ აყვავდება. წინათ 17 სპორტული კლუბი იყო. თაობები იზრდებოდა.

სპორტის ამ სახეობის წარმატებისთვის აუცილებელია კარგი ინფრასტრუქტურა, საუკეთესო ცხენები და კარგად გაწვრთნილი მხედრები. ყველა ჯიშის ცხენს თავისი დანიშნულება აქვს. რემაც რომ გყავდეს, თუ სხვადასხვა ჯიშის არ იქნება, ნებისმიერ ცხენს ყველა სახეობისთვის ვერ გაწვრთნი. სახტუნაოდ გერმანული და ფრანგული ცხენებია ნაქები. ინგლისური დოღში შეუცვლელია და ცხენოსნურ სამჭიდშიც გამოდგება. ყაბარდოული მთაშია უბადლო. სასწავლებლად ჯიშს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ბუნებით მშვიდი იყოს. საუკეთესო ცხენი არა მარტო ჯიშის, წინაპრების მონაცემების მიხედვით უნდა შეარჩიო. კარგი ცხენის ფასი 30.000 დოლარიდან იწყება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამოსვლას თუ გეგმავ, რამდენიმე საუკეთესო ცხენი უნდა გყავდეს. შესაძლოა ფინალამდე ან გზაში ერთადერთი ცხენი ავად გახდეს, ამიტომაც ჩემპიონატის ლიცენზია მხოლოდ ერთ ცხენზე არ კმარა. უკვე ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპებშიც შეგვეძლება მონაწილეობა. ეს რამდენადაც კარგი ეტაპის დასაწყისია, იმდენად სერიოზულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და უკან არ უნდა დავიხიოთ".

P.S. მომავალი წლის გაზაფხულზე გაირკვევა, შევძლებთ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობას და ვინ იქნება ქართველი მხედარი, რომელსაც ისტორიული შანსი მიეცემა საქართველოს ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი პრიზიორი გახდეს. ამიტომაც საერთაშორისო ტურნირებისთვის იპოდრომზე დიდი მზადებაა - თითოეული მხედარი ცხენს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის კაზმავს.