ლეგენდარული ვარსკვლავების ლეგენდარული კაბები - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ვარსკვლავების ლეგენდარული კაბები

ამჯერად რუბრიკაში "მოდა და სტილი" დიზაინერ მარინა ხორავასთან ერთად განვიხილავთ იმ ცნობილ კაბებს, რომლებიც კინოეკრანებიდან და ისტორიული თარიღებით გვახსოვს, დღეს კი ეს კაბები სამუზეუმო ექსპონატებია. ასეთია მერილინ მონროს კაბა, რომლითაც ის ჯონ კენედის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარდგა 1962 წლის მაისში, და რომელსაც 15000 სტუმარი ესწრებოდა. Kკაბის დიზაინერი, ფრანგი ჟან ლუი, ცნობილი იყო როგორც სასცენო კოსტიუმების შემქმნელი. მერილინმა მაშინ თავის ცნობილ კაბაში 1.440 დოლარი გადაიხადა,­ ახლანდელი კურსით 12.400 დოლარი. 1999 წელს კაბა "Christie’s" აუქციონზე 1.267.500 დოლარად გაიყიდა, ხოლო 2016 წელს "ჟულიენ"-ის აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად. Kამ ლეგენდარულ სამოსს 2500 კრისტალი და 6000 მოელვარე ქვა ჰქონდა დაქარგული ხელით. მერილინი კაბის ქვეშ სრულიად შიშველი იყო, რათა მისი სხეულის ყველა ნაკვთი იდეალურად გამოჩენილიყო.1962 წლის 19 მაისი, ჯონ კენედის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ისტორიაში მერილინ მონროს გამოჩენით შევიდა.

- 60 წელი გავიდა იმ წვეულებიდან. მხოლოდ მერილინის ჩაცმულობა როდი იყო დასამახსოვრებელი. ამ პატარა პერფორმანსით ცხადი შეიქნა, რომ მერილინი­ დიდი მსახიობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ "ბარბის" იმიჯი ჰქონდა. Eეს კაბა სხვას რომ სცმოდა, იგივე სიმღერა ემღერა, ღონისძიება არ იქნებოდა ისეთი დასამახსოვრებელი. კენედის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო მსოფლიოს ამ კაბით ახსოვს. პირველი ეფექტი ის იყო, რომ დაგვიანებით გამოვიდა სცენაზე, სიმღერაც დააგვიანა, მაგრამ Mმაყურებელი უკვე მერილინის ტყვეობაში იყო სიმღერის დაწყებამდეც. ამაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა ჩაცმულობამ და რაც მთავარია, კაბის მაყურებლისთვის მიწოდების მანერამ, რომელიც სავსე იყო არტისტულობით, ეპატაჟით, მერილინის მოძრაობის მანერით. იმ საღამოს მთვარესავით ანათებდა.

როგორ მიაწოდებ სამოსს მაყურებელს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ კაბის დიზაინერი, ჟან ლუი, ფილმის კოსტიუმების დიზაინერი იყო, მას ნამუშევარი ჰქონდა მერილინთან, იცოდა, როგორ შეექმნა იმ საღამოს ვარსკვლავი და ეს გამოუვიდა.

- თავად მერილინიც ხომ დიზაინერების შექმნილი პერსონაჟი იყო, ეკრანებზე მერილინის გამოჩენის შემდეგ მთელი მსოფლიოს ქალები ცდილობდნენ მას დამსგავსებოდნენ.

- დიახ, მერილინის იმიჯი დიზაინერების შექმნილი იყო. ნორმა ჯინ მორტენსონი სრულიად განსხვავდებოდა მერილინ მონროსგან, მის ძველ ფოტოებს რომ დახედავთ, ვერ იფიქრებთ, რომ ეს ქალი შეიძლებოდა ქალის ეტალონი გამხდარიყო. ჰოლივუდმა შექმნა მანათობელი ქალი - მერილინ მონრო. მისით მონუსხული იყვნენ კაცი თუ ქალი - ის მამაკაცებისთვის საოცნებო, ხოლო ქალებისთვის მისაბაძი პერსონაჟი იყო. ჯონ კენედის დაბადების დღიდან გავიდა 60 წელი და დღეს მას ისევ ჰბაძავენ - კიმ კარდაშიანმა წელს ჩაიცვა მერილინის კაბა. სხვათა შორის, ჩვენს ტელედიქტორ ლია მიქაძეს უნახავს მერილინ მონრო და მისი ნაამბობიდან ვიცი, მერილინი რომ შემოვიდა, დარბაზში ყველა გაისუსა, ვარდისფრად ანათებდა. შემოვიდა ვარდისფერი გამჭვირვალე ბამბის ქულა, ცვილის ფიგურა, მონუსხული ვიდექით და ვუცქერდითო...

ფილმის "საუზმე ტიფანისთან" დასაწყისი სცენა ყველასთვის დასამახსოვრებელია ოდრი ჰეპბერნის გამოჩენით, მისი იუბერ დე ჟივანშის კაბით, ცნობილი ლეგენდარული­ ბრენდ "ტიფანის" მაღაზიის ფანჯრით და ჰენრი მანჩინის მუსიკით. ჟივანშის ლეგენდარული კაბა სულ სამი ცალია მსოფლიოში: ერთი ჟივანშის საარქივო ფონდშია დაცული, მეორე მადრიდშია გამოფენილი, ხოლო მესამე 2006 წელს "კრისტის" აუქციონზე 607.000 ევროდ გაიყიდა. ოდრი ჰეპბერნი ამ კაბით რამდენიმე წამით გამოჩნდა ფილმის დასაწყისში, თუმცა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ შავი კაბა მრავალი ქალის საოცნებო სამოსი გახდა. ფილმი იწყება კადრით - დილას "ტიფანის" მაღაზიასთან დგას გოგონა, წვეულებიდან წამოსული, თან ყავასა და კრუასანს შეექცევა. Aამ ყველაფრის ტანდემი იმდენად ეკლექტიკური და საოცარია, რომ დაუვიწყარი ეპიზოდი შეიქმნა. შემდეგ ბრუნდება სახლში და ხედავს მევალეს, რომელიც მას ელოდება. ასე გამოწყობილი­ იმალება, რომ მევალემ არ დაინახოს. აქ ქალის ბუნება ჩანს. Eეს კაბა ძირფესვიანად მაქვს შესწავლილი. არ არის რთული თარგის, თავად ეპიზოდია დაუვიწყარი. ამ ფილმში ძალიან ბევრი კაბა აცვია ოდრის, თუმცა ყველას მაინც ეს შავი კაბა გვახსოვს. მასთან საოცრად მისადაგებულია ყელსაბამი და ხელთათმანი, თავზე კი პატარა დიადემა­ - მთლიანობაში ყოველივე ეს ქმნის იმას, რაც ჩვენს მახსოვრობაში ჩაიბეჭდა. ამ როლში სხვა რომ ყოფილიყო იმავე კაბით, შეიძლება არ დაგვმახსოვრებოდა - ეს ოდრი ჰეპბერნის ხიბლის დამსახურებაა.

- ახალი წელი გვიახლოვდება და ბევრი ქალი უკვე იწყებს ზრუნვას სამოსზე. ოდრის ის კაბა 1961 წელს ეცვა, მაგრამ დღესაც სიამოვნებით შეიკერავდა ბევრი.

odri2-1671971308.jpg

- ეს ეპოქალური თარგია, ყოველთვის­ იქნება მოდური, დროს არ ემორჩილება. თუ საახალწლო წვეულებაზე ამგვარ კაბას ჩაიცვამთ, იცოდეთ, რომ ძალიან მოდურად იქნებით გამოწყობილი. მთავარია, არ შეცვალოთ ფერი, მძივის ფერი კი შეგიძლიათ სხვა აირჩიოთ, შავი ყელსაბამიც მოუხდება. საახალწლოდ ეს კაბა იდეალური იქნება.

- ფილმში "ქეთო და კოტე" მედეა ჯაფა­რიძის კოსტიუმებზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. განსაკუთრებული ეფექტი­ აქვს ქეთოს შავ კაბას თეთრი ბუმბულით. ფარნა ლაპიაშვილის შექმნილი ეს კოსტიუმი­ 2016 წელს რესტავრატორებმა აღადგინეს და ამჟამად ხელოვნების სასახლეშია დაცული.

medea-1671971308.jpg

- ეს კაბა მედეა ჯაფარიძისთვის შეიქმნა. სხვა მსახიობს რომ ეთამაშა ქეთო, არ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი. თუმცა იმ თაობის მსახიობები ერთმანეთზე უკეთესი და ულამაზესი იყვნენ. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ვერ ნახა მსოფლიომ. ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებოდნენ. გარდა იმისა, რომ კაბა გრანდიოზულია, შავი, ეფექტური, თეთრი დეტალები უფრო მეტ ეფექტურობას მატებს. ეს მედეამ კარგად წარმოაჩინა, როცა დაბზრიალდება და მერე დაჯდება. მედეამ ის გვაჩვენა ისე, როგორც დეფილეზე გვაჩვენებს ხოლმე მოდელი. მედეა ჯაფარიძე იმდენად კლასიკური სილამაზის ქალი იყო, უნიკალურად ჩაჯდა ამ როლში, ფილმის დიზაინში, ჩაცმულობაში. ეს იყო კაბა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართული კინოს ისტორიაში.