საქართველოში საახალწლო ღონისძიებებში 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა - კვირის პალიტრა

საქართველოში საახალწლო ღონისძიებებში 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

საქართველოში ახალ წელს ყოველთვის ზარ-ზეიმით აღნიშნავენ და არც სკანდალები თუ არაორდინარულობა აკლია. გვახსოვს, წლების წინ თბილისში გრანდიოზული საცივი რომ გააკეთეს და ქუჩაში არიგებდნენ. ისიც გვახსოვს, თბილისის მერი მილანში შეკვეთილი უძვირესი ნაძვის ხის შექმნას როგორ აკვირდებოდა, აწყობილმა კი საყოველთაო იმედგაცრუება გამოიწვია, მერე როგორ იმართლებდა კალაძე თავს, ეს მსოფლიოს ახალი ტრენდიაო, და მეორე წელს კი ლამის ერთი იმდენი ტოტების დამატებაში დახარჯეს. წლევანდელი სკანდალი კი სლოგანმა "მშვიდობით სავსე ქალაქმა" გამოიწვია და ისეთი ფორმა მიიღო, ლამის ახალი წელი ყველას დაავიწყდა. თუმცა საბოლოოდ ახალი წლის ზეიმი მაინც გაიმართა და არა მარტო თბილისში. ნოემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ახალი წლის აღსანიშნავად რეგიონებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფა გადაწყვიტა და ყველა მუნიციპალიტეტს დაავალა, ღირსეულად აღენიშნათ ახალი წელი. ღარიბაშვილის განკარგულებაში არ არის დასახელებული ის თანხა, რომელიც მუნიციპალიტეტებს საახალწლო ზეიმზე უნდა დაეხარჯათ, სამაგიეროდ, ნათქვამია, რომ უნდა გამართულიყო კონცერტი, საშობაო ბაზრობა, თოვლის ბაბუასთან შეხვედრა, მოწყობილიყო საბავშვო გასართობი სივრცეები და ფოტოგადასაღები ზონები, საახალწლო ინსტალაციები და ფეიერვერკები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმაც ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს გამარტივებული შესყიდვები სათანადო ატრიბუტიკის შესაძენად და კონცერტების ჩასატარებლად. თუმცა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დღემდე სათანადო დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილია ატვირთული, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტების დაახლოებით ნახევარმა საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. თითოეული მათგანის ხარჯი ასიათასიან ნიშნულს არის გაცდენილი და მხოლოდ რამდენიმეა ამ ნიშნულის ქვემოთ. ყველაზე მეტი ხარჯი კი, არსებული მონაცემებით, გორს, თელავს, ლაგოდეხსა და ოზურგეთს გაუწევია. კერძოდ, გორი - 358 553 ლარი; თელავი - 290 645 ლარი; ლაგოდეხი - 241 448 ლარი; ოზურგეთი - 233 044 ლარი.

თბილისი

ახალი წლის აღნიშვნა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში უფრო მასშტაბური იყო და თანხაც გაცილებით მეტი დაიხარჯა. ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქში რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. თბილისის მერიის ცნობით, ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე განთავსებულია მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები. აქვე იმართება საბავშვო გასართობი წარმოდგენები, კონცერტები და ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები; გასართობი აქტივობები: სანტას სახელოსნო და ვორქშოფები, ცეკვის კარაოკე, ფოტოზონა სანტასთან ერთად და საბავშვო სივრცე შოუებისთვის. ყველაზე მთავარი კი პარლამენტთან ნაძვის ხე და საახალწლო გალა-კონცერტი იყო, რაშიც 200-მდე შემსრულებელი, მათ შორის, გუნდები, ანსამბლები, ბენდები და ორკესტრები მონაწილეობდნენ. ამ ყველაფრისთვის თბილისის მერიამ ერთ ნაწილზე ტენდერები გამოაცხადა, რომლებიც აუქციონის გარეშე ჩატარდა და ჯამში 932 000 ლარამდე დაუჯდა. ტენდერები, ძირითადად, ახალი წლის ღონისძიებების ტექნიკური მხარისთვის გამოცხადდა და ითვალისწინებდა ეკრანების დამონტაჟებას, გახმოვანების სისტემებს და ა.შ., მეორე და უფრო დიდ ნაწილში კი თბილისის მერიამ 4 994 200 ლარი ტენდერის გარეშე დახარჯა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის 25 ნოემბერს გაგზავნილ წერილში მერია ტენდერის გარეშე შესყიდვებს იმით ასაბუთებს, რომ დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევარია და ამის გამო შეუძლებელი იყო ტენდერის გამოცხადება, ჯამში კი ეს თანხა 6 მილიონ ლარს აღწევს.

ბათუმი

batumis-meri1-1673180233.jpg

ბათუმის მერიამ საახალწლო დღესასწაულისთვის 25-მეტრიანი ნაძვის ხე გამარტივებული შესყიდვით 968 387 ლარად ნოემბრის დამდეგს იყიდა. გამარტივებული შესყიდვა კი მერიამ იმით ახსნა, რომ სასურველი ნაძვის ხე მოქალაქეებმა შეარჩიეს მერიის ფეისბუქგვერდიდან, მის წარმოება-დამონტაჟებას კი ჯამში 95 დღე სჭირდება, რაც ვერ მოესწრებოდა ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში. გარდა ამისა, საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. ამაში გათვალისწინებული იყო ქალაქის 833 სხვადასხვა დეკორატიული კონსტრუქციით და 16 000 გირლანდით გაფორმება. ყოველივე ეს ჯამში 3 მილიონ ლარამდე დაჯდა. თუმცა უცნობია ბათუმში საახალწლო კონცერტებისთვის დახარჯული თანხა.

qutaisi-1673180234.jpg
ქუთაისი

gori1-1673180234.jpg
გორი

გარდა თბილისისა და ბათუმისა, მოზრდილი თანხა დახარჯეს ფოთმა და ქუთაისმა. ფოთმა მხოლოდ ქალაქის საახალწლო გაფორმებაში 0,5 მილიონი ლარი გადაიხადა. საახალწლო განათებები ქუთაისს გაცილებით ნაკლები - 127 000 ლარამდე დაუჯდა, რუსთავმა კი საშობაო დეკორაციისა და მანათობელი "ფარდის" შეძენაში 135 000 ლარი გადაიხადა. ეს არის მხოლოდ გაფორმება-განათებაში დახარჯული თანხა და არ მოიცავს ახალი წლის სხვა ხარჯს. ჯამში გამოდის, რომ საახალწლო დღესასწაულისთვის, არსებული მონაცემებით, 15 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ცხადია, ეს არ არის სრული საახალწლო ხარჯი ქვეყნის მასშტაბით და დათვლილია მხოლოდ ის მონაცემები, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი.

რუსა მაჩაიძე