ელენე ბაბოს სოფელში ყველა „მოსეს ბიჭს“ ეძახდა - კვირის პალიტრა

ელენე ბაბოს სოფელში ყველა „მოსეს ბიჭს“ ეძახდა

ქიზიყი ჩალაუბნის გადასახვევიდან იწყება. წინათ ამ კუთხეს კამეჩების სიმრავლის გამო კამბეჩოვანსაც უწოდებდნენ. ამბობენ, ქიზიყელებს იმდენი კამეჩი ჰყავდათ, მდინარე ალაზანში რომ წვებოდნენ, წყალი ნაპირებიდან გადმოდიოდაო. იქაურების წინაპრები კამეჩებით ხნავდნენ, თესავდნენ და იმკიდნენ მოსავალს, შემდეგ კი კამეჩი ტრაქტორით შეცვალეს და ბარაქიან მიწაზე ხნულებს რკინის ძლიერი მანქანით ავლებდნენ. გლეხკაცის წელში გამმართავ და ქვრივ-ობლების მარჩენალ ტრაქტორს ქიზიყელებმა სიღნაღი-მაღაროს გამყოფ გზაზე ძეგლი დაუდგეს, გვერდით ურემიც მიუყენეს, ვითომ ყველამ კარგად დაინახოს, რანი ვიყავით და რანი გავხდითო. ქიზიყს კახეთის ორი მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება - სიღნაღი და დედოფლისწყარო. როგორც ჩანს, დედოფლისწყაროელებმა იფიქრეს, თხა თხაზე ნაკლები მგელს შეუჭამიაო და, ზემო ქედის შესასვლელთან მათაც ძეგლად აქციეს რკინის გიგანტი. ამიტომ ქიზიყელები დღესაც ასე სვამენ საკუთარი კუთხის სადღეგრძელოს: - ორ ტრაქტორს შორის მოქცეულ ჩვენს ლამაზ კუთხეს, ქიზიყს გაუმარჯოსო! როგორც გავარკვიეთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში კვარცხლბეკზე შემდგარი ტრაქტორი საქართველოში პირველ მექანიზატორ ქალს, ელენე ნატროშვილს სიცოცხლეშივე მიუძღვნეს. დაფასება და პატივისცემაც ასეთი უნდაო, ამბობენ ქიზიყელები და ელენეს ტრაქტორს იყენებენ, როცა სტუმრისთვის გზის მინიშნება სურთ - ,,ელენეს ტრაქტორთან მარჯვნივ გადაუხვიე“, ,,ნატროშვილის ტრაქტორიდან გზა პირდაპირ გააგრძელე და ჩვენს სოფელში მოხვალ"“ და ა.შ.

ელენე სოფელ ტიბაანში ცხოვრობდა და კოლმეურნეობაშიც იქვე მუშაობდა. რუსეთ-გერმანიის ომის დროს ტრაქტორზე დაჯდა და დღედაღამ შრომობდა, ოჯახი რომ ერჩინა. ამბობენ, ხშირად ტრაქტორს ჩიხტიკოპით თავშებურული მართავდაო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მის შთამომავლებს მივაკვლიე და ელენე ნატროშვილის ცხოვრების შესახებ ვისაუბრეთ:

ხათუნა ათანელიშვილი, ელენე ნატროშვილის შვილთაშვილი:

- ჩემი დიდი ბებია, ელენე ნატროშვილი რომ გარდაიცვალა, მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. უამრავი შვილიშვილი და შვილთაშვილი ვყავდით და ზედმეტად ბავშვებსაც არ გვეფერებოდა. სოფელ ტიბაანში დიდი სახლი გვქონდა და ყველას საკუთარ ოთახში გვეძინა. ელენე ბაბო თავის ოთახში კი გვიშვებდა ბავშვებს, მაგრამ გვეუბნებოდა, რასაც აიღებთ, იმავე ადგილზე დადეთო. თავისი ნივთების გადაადგილების უფლებას არავის აძლევდა.

1901 წლის 1-ლ იანვარს იყო დაბადებული სოფელ ოზაანში. მის მშობლებს, მოსე და მაშო ოზაშვილებს, 5 ქალიშვილი ჰყავდათ, მაგრამ ელენე ყველასგან გამორჩეული ყოფილა - თამამი, დამოუკიდებელი, თავისებური ხასიათის... მისი ცხოვრების შესახებ წლების წინ ბროშურაც გამოსცეს, სადაც მისი ბავშვობა ასეა აღწერილი: "ზაფხულის ცხელი ხვატი იწვა ოზაანელ გლეხთა ყანებში. გახურებული კალოობა იყო. ისმოდა ყიჟინა და გადაძახილი. მოსეს კალოზე 14 წლის ელენა დამდგარიყო კევრზე და ცხენს ომახიანად ერეკებოდა. ოფლი ნაკადად მოედინებოდა ქალიშვილის თავსაფრით მოჩრდილულ სახეზე. გაგანია სიცხეში ნიავიც არსაიდან იძვროდა. უცებ მეზობელ კალოზე წივილ-კივილი ატყდა, ელენემ კევრი შეაჩერა და შეშფოთებულმა გახედა აჟივჟივებულ კალოს. სიცხისაგან შეწუხებულ ცხენს კევრი აეთრია და მინდორში გავარდნილიყო. დასაჭერად გამოქცეული ხალხის დანახვაზე უფრო გაგიჟდა პირუტყვი, მოტრიალდა და პირდაპირ ჩრდილში მოთამაშე ბავშვებისკენ გავარდა. ვიღაცამ განწირულად იკივლა. ბავშვები ფეხზე წამოცვივდნენ. ზოგი ატირდა, ზოგი კი ენაჩავარდნილი შესცქეროდა მათკენ მომქროლავ დორბლდადენილ ცხენს და, ვიდრე ვაჟკაცები გამოერკვეოდნენ, ცხენთან ტანმაღალი, კაფანდარა ქალიშვილი მიიჭრა, ლაგამს სწვდა და პირუტყვი დაიოკა. როცა მისაშველებლად კაცები მიიჭრნენ, დაინახეს - სახეგაფითრებულ გოგონას დაძაბულობისგან ჩათეთრებული ხელებით მტკიცედ ეჭირა გავეშებული, ახლა კი დადინჯებული და მორჩილი ცხენი. დიდხანს ლოცავდნენ ქალები მოსეს და მაშოს ასეთი შვილის გაზრდისთვის. ამიტომაც, სოფელმა ელენეს ,,მოსეს ბიჭი" შეარქვა".

- ელენე ჯერ კიდევ ბავშვი ყოფილა, მშობლებს რომ გაუთხოვებიათ...

- 14 წლის იყო, რომ გათხოვდა თავისივე სოფელში, ოზაანში. პირველი მეუღლე მეცხვარე ვასო ყაჭაშვილი ჰყავდა. ვასოს ცხვარი მთაში დაჰყავდა და იქ დამართნია ფილტვების ანთება, რის გამოც მალევე გარდაცვლილა. ორი პატარა შვილი დარჩა - მარიამი (მარო) და პაპაჩემი, მიხეილი. დაქვრივებული ელენე ბაბო შემდეგ სოფელ ტიბაანში ნატროშვილზე გათხოვილა, და ქმრის გვარი მიუღია. მეორე ქორწინებიდან შვილი არ შესძენია, მაგრამ მის ქმარს ჰყავდა პირველი ქორწინებიდან 4 თვის ვაჟი, არჩილი. პაპაჩემსა და არჩილს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი წელიც არ ყოფილა. ელენე ბაბოს არჩილი ისე უყვარდა, საკუთარი შვილებისგან არ ასხვავებდა. მეორე ქმარიც ფილტვების ანთებით გარდასცვლია და სამი ბავშვი მარტოდმარტოს გაუზრდია.

- სამი შვილი რომ ჰყავდა სარჩენი, ტრაქტორზე მუშაობა ამიტომ გადაწყვიტა?

- ელენე ბაბო სხვა ქალებივით მუშაობდა კოლექტივში. 1941 წელს პაპაჩემი ომში წაუყვანიათ. არჩილს უთქვამს, ჩემი ძმა სამშობლოს იცავს და მე სახლში რა გამაჩერებსო, და ისიც მოხალისედ წასულა ფრონტზე. იმ პერიოდში ელენეს ქალიშვილი უკვე გათხოვილი ყოფილა და ბაბო მარტო დარჩენილა. გაჭირვების წლები იყო, მარტოხელა ქალს თავი უნდა გაეტანა და არჩილის დანატოვარი ცოლ-შვილისთვისაც მიეხედა. როცა კოლმეურნეობაში უთქვამთ, ზურგში საქმიანობა არ უნდა შევწყვიტოთ, ტრაქტორის მართვა ქალებმაც უნდა ისწავლოთო, საქართველოში პირველს ელენეს უთქვამს, მე შემასწავლეთ და ვიმუშავებო. ასე გახდა ელენე ბაბო პირველი მექანიზატორი ქალი საქართველოში. 1941 წელს დაიწყო მუშაობა და 1961 წლამდე ტრაქტორი არ მიუტოვებია. ომიანობის წლებში მარტო სიღნაღის რაიონში თურმე 30 ქალი მართავდა ტრაქტორს.

traqt2-1674408643.jpg

- შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მექანიზატორის რთული საქმიანობის შესახებ ბაბო არ გიყვებოდათ?

- სოფლის ხალხისგან მაქვს მოსმენილი ეს ამბავი, თურმე ტრაქტორზე რამდენიმე კაცი იჯდა. ღამით, როცა მათ ეძინათ, ელენე ტრაქტორის შუქებს ანთებდა და ისე მუშაობდაო. მამაკაცები ისეთ პატივს სცემდნენ მშრომელ ქალს, რომ ცუდი არასდროს უკადრებიათ, ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ. თურმე მინდორში ტრაქტორისტები ვაგონებში ცხოვრობდნენ. მინდვრიდან დაბრუნებულ ელენეს უამრავი საქმე ხვდებოდა - ვახშამი იყო გასამზადებელი, დასარეცხიც ჰქონდათ ტრაქტორისტებს. შემოდგომაზე წვიმები წამოვიდოდა და ცოტა ხნით შეფერხდებოდა მინდვრის სამუშაო. ასეთ დროს ელენე ბაბო მატყლს ართავდა, წინდებსა და ხელთათმანებს, თბილ შარფებს ქსოვდა, ჩურჩხელებს დაამატებდა და ფრონტზე გზავნიდა.

ბაბო ამბობდა ხოლმე, გოგო-ბიჭებს ისე ვარიგებდი, ვასწავლიდი, ვუხსნიდი, იმდენს ვუყვებოდი მექანიზატორის პროფესიაზე, რომ მათაც ტრაქტორისტობის სურვილი უჩნდებოდათო. ომის პერიოდში და მერეც კახეთში ბევრი ქალი მიუჯდა ტრაქტორს.

ტრაქტორის გაფრთხილება ისწავლეთო, არიგებდა ელენე ბაბო ტრაქტორისტებს, თვითონ არასოდეს გადააგდებდა ტრაქტორის გაცვეთილ ნაწილს, ვინ იცის, როდის დამჭირდებაო. თანდათან დაოსტატდა. მძლავრი მანქანა-ტრაქტორების ცოდნაში ბევრი ვერ შეედრებოდა. თვალდახუჭულს შეეძლო დაეშალა და ისევ უნაკლოდ აეწყო თავისი ,,რკინის რაში".

ელენე ბაბოს მთელი სიცოცხლე კაბა ეცვა, შარვალი არასდროს სცმია. თავზე კი ან თავშალი ეხურა, ან ჩიხტიკოპი. ამბობენ, ტრაქტორზე მუშაობის დროსაც არ იცილებდა ჩიხტიკოპსო.

- ქიზიყის შემოსასვლელში, კვარცხლბეკზე მდგარ ტრაქტორზე მუშაობდა ელენე ნატროშვილი?

- ზოგი ამბობს, რომ ბებოს ტრაქტორია და უბრალოდ, მერე გადაღებეს, ზოგი სხვა ტრაქტორისტ ქალს მიაწერს. დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქიზიყის შემოსასვლელში ტრაქტორი კვარცხლბეკზე ბებიაჩემის პატივსაცემად დადგეს.

ბებოს 60 წლის რომ გახდა, გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული მაღალი თანამდებობის პირები. საქართველოს­ მთელი მთავრობა ტიბაანში­ იყო.­

ტრაქტორისტობის შემდეგაც არ შეუწყვეტია შრომა ბაბოს, მეძროხეობის ე.წ. კულტურულ ფერმაში დაიწყო მუშაობა. ძროხებს მანამდე უვლიდა, სანამ წლები არ მოემატა და არ დაუძლურდა.

ელენე ბაბო სამი მოწვევის საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. სხდომებისა და ყრილობების დროს თბილისიდან უგზავნიდნენ ავტომანქანას და დიდი პატივით მიჰყავდათ, სასტუმროში ასვენებდნენ და შემდეგ თავადვე ჩამოჰყავდათ სოფელში. იქაც შავი კაბითა და ლეჩაქით დადიოდა. ბაბოს გერი შვილი, არჩილი, ომში დაიკარგა. ფეხმძიმე ცოლი დარჩა. არჩილის დაღუპვა მწარედ განიცადა. მაშინ კიდევ ერთხელ ჩაიცვა შავი კაბა და სიკვდილამდე აღარ გაუხდია.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორს შესანიშნავად მართავდა, შლიდა და აწყობდა, ბაბოს საკუთარი ავტომანქანა არ ჰყოლია. მანქანის მართვაც არ იცოდა, თორემ ისე იყო ხელისუფლებისგან დაფასებული, ალბათ, აჩუქებდნენ კიდეც. მის სიცოცხლეში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელში მეც ვმონაწილეობ. 6 წლის ბავშვი მალაპარაკეს, როგორი სახელოვანი და საამაყო ბაბო მყავდა.

ელენე ბაბო მეოთხე თაობის შთამომავლებს მოესწრო. 1986 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სიბერით. ზაფხული იყო და გვითხრეს, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც აპირებდნენ დასწრებას, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ დაგეგმილი და მოსკოვიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ამის გამო 11 დღე არ დაგვასაფლავებინეს მიცვალებული. ოჯახი ისე გავწამდით, აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა.

უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული. როცა გარდაიცვალა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბალიშები შეაკერვინა, მასზედ დაბრძანებული მედლები შემოუწყვეს მიცვალებულს გარშემო და სკოლის მოწაფეები დაუყენეს ყარაულში. როგორც დედაჩემი ამბობს, მერე სიღნაღის რაიკომიდან მოვიდნენ სახლში და ცეკას ხალხი მოიყოლეს. მათ წაიღეს ბაბოს მედლები და სიგელები, თითქოს მუზეუმში, თუმცა ამ ნივთების ასავალ-დასავალი ვეღარ გავარკვიეთ. სოფლის სასაფლაოზე ბებოს საფლავი სხვებისგან განსხვავებული მხოლოდ იმითაა, რომ ფოტოსურათზეც ჩიხტიკოპი ახურავს.

ნელი ვარდიაშვილი