ბარამბო

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს. ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე უკრაინაში, კავკასიასა და შუა აზიაში, საქართველოში- მთის ქვედა სარტყელში ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. კულტივირებულია ძირითადად უკრაინაში. იყენებენ პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში. ბარამბო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხსნის ნერვულ სპაზმებს, ამცირებს თავბრუსხვევას და ხმაურს ყურებში. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე. ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიური სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს ასევე გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობს მადის მომატებას.

 

Leave a comment