ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრაში, 1921-დან — ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1953 წლამდე ქვემო სვანეთის რაიონი ეწოდებოდა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.

მოსახლეობის რიცხოვნობა — 9 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 7 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 59 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 58 სოფელი.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
დაბის საკრებულო — 1: ლენტეხი;
თემის საკრებულო — 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.

წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.

მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ისტორიული ძეგლები: ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესია, დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები(ოდესღაც), ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია.

დატოვე კომენტარი