ლობიანი
ლობიო და ლობიანი მარხვის დროს კიდევ უფრო პოპულარული ხდება ხოლმე ჩვენს კვებით რაციონში. ყველა თავისებურად, საკუთარი გემოვნებით ამზადებს. მე ჩემ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ძალიან გემრიელი გამოვიდა და რომ არ დამვიწყებოდა სუნელების რაოდენობა, ჩავინიშნე 😀 ხშირად ლობიანები დაჭრისას იშლება და შიგთავსი სულ გარეთ გამოდის, ამ რეცეპტით მომზადებულ ვარიანტს კი ეს არ ეხება. ცომი ნახევრადფენოვანის მსგავსია. ამ პროპორციებით გამოდის 8 საშუალო ზომის ლობიანი.
დაგჭირდებათ:
ცომისთვის:
- 750 გ. ფქვილი
- 3 ჩ.კ. საფუარი
- 2 ჩ.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1,5 ჩ.ჭ. თბილი წყალი (ხელს ოდნავ უნდა წვავდეს)
- 150 გ. მარგარინი
- 2 ს.კ. ზეთი
შიგთავსისთვის:
- 1,5 ჩ.ჭ. ლობიო
- 2 ს.კ. ერბო
- 1 ჩ.კ. ქონდარი
- 1 ჩ.კ. ქინძი
- 1/2 ჩ.კ. ძირა
- 1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
- 3 ს.კ. ლობიოს ნახარშის წვენი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
ცოტა მარგარინი ზემოდან გადასასმელად
მომზადება:
- კარგად გარეცხილი ლობიო მოვხარშოთ, ადუღების შემდეგ წყალი გამოვუცვალოთ, მე მეორეჯერაც გამოვუცვალე და მესამედ დასხმულ წყალში მოვხარშე.
- ცომის მოსაზამდებლად, ფქვილი ჩავცრათ ჯამში, დავუმატოთ შაქარი, მარილი, საფუარი და ავურიოთ, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი, შემდეგ ზეთი დავასხათ და ისევ გადავზილოთ. ბოლოს სამზარეულოს ცელოფანი გადავაკრათ და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 1 საათი.
- ცომი რომ აფუვდება გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ დაფაზე, მოვახეხოთ მარგარინი, გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ საყინულეში 30 წუთი.
- მოხარშულ ლობიოს გადავუწუროთ წვენი (3 ს.კ. შევინახოთ გასათხელებლად), გადავიტანოთ ჯამში, ხელით მოვაფშვნათ ქონდარი, დავუმატოთ ქინძი, ძირა, წითელი წიწაკა, მარილი, პილპილი და ერბო, ამოვზილოთ და ვაქციოთ ერთიან მასად, ბოლოს კი ნახარშით გავათხელოთ.
- ცომი გავყოთ 8 ტოლ ნაწილად, თითოეული გუნდა ცოტა გავიყვანოთ, ჩავუდოთ შიგთავსი და ხინკალივით შევუკრათ პირი, შემდეგ ამოვაბრუნოთ და სხვა გუნდებშიც ჩავდოთ გული. ამასობაში შიგთავსიანი გუნდები ცოტა ისევ გაფუვდება და შემდეგ გავაბრტყელოთ ხელით.
- გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 10-12 წუთი.
- ცხელ ლობიანებს გადავუსვათ მარგარინი.
უგემრიელესი ლობიანები მზადაა, გემრიელად მიირთვით!