Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავარი ღირებულება - ჯარისკაცი

29 იანვარი 2013

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პოლიტიკური ნიშნითა და სხვადასხვა სუბიექტური მიზეზებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეთა აღდგენისათვის უწყებაში სპეციალური კომისიაა შექმნილი.

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პოლიტიკური ნიშნითა და სხვადასხვა სუბიექტური მიზეზებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეთა აღდგენისათვის უწყებაში სპეციალური კომისიაა შექმნილი.

სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების შესახებ საუბრისას ირაკლი ალასანიამ განმარტა, რომ  შეიქმნება ისეთი სამხედრო სისტემა, სადაც ჯარში დაბრუნების მსურველი ყოველი ოფიცრის საქმეს სპეციალური კომისია შეისწავლის. სათანადო განათლებისა და გამოცდილების არსებობის შემთხვევაში კი განიხილება მათი აღდგენის საკითხი.

„ახალი, რაც თავდაცვის უწყებაში გაჩნდა არის ის, რომ მთავარი ღირებულება - ჯარისკაცი, ოფიცერი, ის ადამიანია, რომელმაც ჩვენი თავდაცვა უნდა უზრუნველყოს. თავდაცვის სამინისტროში იმ ადამიანების 3000-ზე მეტი განცხადებაა შემოსული, რომლებიც სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის: პოლიტიკური მოტივითა და პიროვნული შეუთავსებლობის გამო დაითხოვეს. კომისია სწორედ ამ საკითხებს შეისწავლის. ჩვენ უკვე შევქმენით ინსტიტუტი, რომელიც ამოქმედდება და ნებისმიერი ნეპოტიზმის, ან პირადი დამოკიდებულების მიხედვით სამსახურში მიღება - არ მიღებისა, თუ დათხოვნის საკითხი დამთავრდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.   

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა ლეგიონის“ თავმჯდომარე, მალხაზ თოფურია შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ  - პირველად ირაკლი ოქრუაშვილის, მეორედ კი - ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს გაათავისუფლეს, რის შემდეგადაც  პრობლემები იმ სამხედროებსაც  ექმნებოდათ, რომლებიც მასთან რაიმე სახის კავშირს ამყარებდნენ.

„ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, ეროვნულ გვარდიაში მომსახურე, აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე სამხედროები ჩემთვის უცნობი კრიტერიუმებით შეგვარჩიეს და ერთ დღეს 5 ადამიანი გაგვიშვეს. მე - დ პუნქტით, ე.წ. მგლის ბილეთით გამათავისუფლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სადმე მუშაობის დაწყებას მოვინდომებდი, დამსაქმებელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საზოგადოებისთვის სახიფათო პერსონა ვარ; ეს დოკუმენტი ერთ დღეში მოამზადდა, არადა მის შედგენას საფუძველი სჭირდება. 2008 წლის ომის წინ თავდაცვის უწყებამ შეიარაღებულ ძალებში საკუთარი ინიციატივით აღმადგინა. ბაჩო ახალაიას დროს შედარებით ჰუმანურად გამათავისუფლეს - გენ.ინსპექციაში დამიბარეს  და პირდაპირ ამიხსნეს, რომ მე მათთვის შეუფერებელი ვიყავი. აქ საუბარი პოლიტიკურ შეუფერებლობაზე იყო. არანაირი პოლიტიკური გამოსვლები არ მქონდა, უბრალოდ დავაფიქსირე, რომ საკუთარ მოსახლოებას არ უნდა ექცეოდნენ ისე, როგორც მოექცნენ 7 ნოემბერს“, - იხსენებს  არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა ლეგიონის“ თავმჯდომარე.

მალხაზ თოფურიას თქმით, ერთ-ერთ ყველზე დიდ პრობლემად და მძიმე დანაშაულად სამხედროთა ურთიერთკავშირები ითვლებოდა - „ადამიანები,რომლებიც მირეკავდნენ და მკითხულობდნენ, ან რაღაც კავშირში იყვნენ ჩემთან, სამსახურს ავტომატურად კარგავდნენ. ჩემი ტელეფონი ისმინებოდა სამხედრო პოლიციის მიერ. ცუდია, რომ სისტემაში სამხედროთა დევნის ტენდენცია იყო, თუმცა, სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ეს ტენდენცია არ შეცვლილა“.

სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრ „ჰერის“ წარმომადგენლის, გიორგი თავდგირიძის აზრით, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებული ჯარისკაცების აღდგენაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მოხალისეებითა და იმ ადამიანებით ყალიბდებოდა, რომლებიც საბჭოთა არმიაში ოფიცრებად, სერჟანტებად და რიგითებად მსახურობდნენ, ეროვნულ გვარდიაში გადმოსვლის შემდეგ კი თავდაცვის უწყებაში ინტეგრირდნენ.

„ამ ადამიანების სამხედრო კარიერა ხშირ შემთხვევაში არ იყო სტანდარტული, მაგალითად ისეთი, როგორიც გერმანიაშია, სადაც ჯარისკაცის კარიერული ზრდა წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით ხდება. საქართველოს შეიარაღებული ძალები სხვადასხვა ასაკის კონტიგენტისაგან შედგებოდა, ზოგიერთმა სამსახური 18 წლის ასაკში დაიწყო, ზოგმაც 45 წლისამ, შესაბამისად - მათი განათლებაც არაერთგვაროვანი იყო. მცირეხნიანი კურსების გავლით, ბევრმა მიიღო წოდება, ნაწილმა კი ფუნდამენტური სამხედრო განათლების მიღება ვერ მოახერხა, თუმცა, მათ გამოცდილება ჰქონდათ “, - აღნიშნავს გიორგი თავდგირიძე.  

მისივე თქმით, 2003 წელს, შეიარაღებული ძალების რეფორმირებისთვის  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცალკეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და უწყებაში მომუშავე ადამიანთა დიდი ნაწილი ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე, სუბიექტური შეფასებების საფუძველზე დაითხოვა - „ზოგიერთ შემთხვევაში უწყება მართალი იყო, შეფასდა განათლების გარკვეული ცენზი, რომელიც იდეაში შეიარაღებულ ძალებში უნდა ყოფილიყო, ოფიცერთა ნაწილს ეს არ ჰქონდა. ეს ადამიანები რეორგანიზაციის მიზეზით, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე - მინისტრის ბრძანებით, ან წნეხის ფონზე დაწერილი პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ არ მიუღიათ კომპენსაცია და შესაბამისად პრობლემები აქვთ პენსიასთან დაკავშირებითაც, რადგან ზოგს საპენსიო ასაკამდე ჯერ არ მიუღწევია, ზოგს კი წელთა ნამსახურობა არ უწყობს ხელს. ადამიანები, რომელთაც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად არსებული პერიოდი შეიარაღებულ ძალებში გაატარეს - ყოველგვარი სპეციალობისა და შესაძლებლობის გარეშე ქუჩაში დარჩნენ“. 

სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრ „ჰერის“ წარმომადგენლი მიიჩნევს, რომ გათავისუფლებულ ოფიცერთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომა უსამართლოა, რადგან სახელმწიფომ არც ალტერნატივით მათ უზრუნველყოფაზე იფიქრა და არც ფინანსური პასუხისგმებლობა დაიტოვა.

„გაუგებარია, რატომ ვერ ხედავენ დღევანდელი თავდაცვის უწყების მესვეურები პრობლემას და რატომ ისმის მორიგი ფრაზები, რომლითაც უწყება პრობლემის კარგად შეფუთვას ცდილობს, მის არსებითად გადაჭრაზე კი არ ზრუნავს. ოფიცრების დეფიციტის ფონზე,  ყველაზე გონივრული გათავისუფლებული ოფიცრებისათვის ხელშეკრულების აღდგენა, სწავლებებისა და კურსების გატარების შემდეგ კი თანამდებობებზე სამხედრო განათლების ცენზის მიხედვით დანიშვნა იქნებოდა. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დაიჭირეს, წოდებები ჩამოართვეს და გარკვეული ფინანსური სანქციები დააკისრეს. მათი საქმეების შესწავლა წყნარ გარემოში უნდა მოხდეს და არა გადარჩენისათვის ბრძოლის ფონზე.  თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფომ ისინი ფინანსურად, ან ფსიქოლოგიურად დააზარალა, მათ კომპენსაცია უნდა მიეცეთ. თუკი სამართლიანობა აღდგება, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ზედმეტს არაფერს მოითხოვენ და სახელმწიფოს მხრიდან ღირსების აღდგენით დაკმაყოფილდებიან“, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან დოლიძის განმარტებით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში დაბრუნების მოთხოვნით შემოსულ განცხადებებს განიხილავს - „სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და დღეისათვის რამდენიმე ათასი განცხადებაა შემოსული. მათი განხილვა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ხდება, მათ შორისაა: გამოცდილება, პროფესიონალიზმი და უნარები“.

ლევან დოლიძის თქმით, შემოსული განცხადებების განხილვის შემდეგ პირველ ეტაპზე მხოლოდ იმ პირთა სია შედგება, რომლებსაც სამსახურში აღადგენენ, რადგან ყველა განცხადების დაკმაყოფილება შეუძლებელია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^