Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯარისკაცები ომის შემდეგ

29 მაისი 2013

საქართველო NATO-ს ISAF-ის სამშვიდობო მისიაში 2009 წელს ჩაერთო, 2012 წლიდან კი ავღანეთში ქართული კონტინგენტის რაოდენობა გაორმაგდა. დღეისთვის ავღანეთში 1600-მდე ქართველი სამხედრო მსახურობს. მისიის დასრულების შემდეგ მათი კონტრაქტი ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტაციას არ ითვალისწინებს. 

13 მაისს, 16:17 წუთზე ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში განთავსებულ ქართულ ბაზაზე დღემდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად 3 ქართველი სამხედრო დაიღუპა, 27 ჯარისკაცი კი დაშავდა.

„თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა 42-ე ბატალიონის ბაზაზე... მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი - ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს... დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა: კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი - ზვიად დავითაძე და კაპრალი - ვლადიმერ შანავა... ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი მონაცემებით გვყავს დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები... დაჭრილებს ამ ეტაპზე უტარდებათ სამედიცინო დახმარება, მათ რაოდენობას ამ ეტაპზე არ დავაზუსტებ“, - განაცხადა 13 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ქართულ ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად 27 სამხედრო დაშავდა, 10 მათგანი კი ტერიროსიტული აქტის მეორე დღესვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

დაღუპული ქართველი სამხედროები სამშობლოში 16 მაისს გადმოასვენეს, ამავე საღამოს მათი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. 16 მაისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი ავღანეთში 2013 წლის 22 მარტს გაემგზავრა, 15 აპრილს კი ISAF-ის მისიაში ჩაერთო და სრულად გადაიბარა სამოქმედო არეალი.

სამშვიდობო მისიაში ჩართვიდან ერთი თვის შემდეგ, მაშინ, როდესაც სამშობლოში დაბრუნებამდე 4 თვეზე მეტი იყო დარჩენილი, 42-ე ბატალიონის სამხედროებმა მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს.

ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს არაერთი სტრესის გადატანა მოუხდათ. სტრესი და დაძაბულობა ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი ჯარისკაცების ყოველდღიურობაა.  

VII კონტინგენტის 12-ე ბატალიონის მეთაური, მაიორი კობა ცინდელიანი, რომელიც ავღანეთიდან 5 მაისს დაბრუნდა, ჰყვება, რომ ჯარისკაცები სტრესს ძირითადად აფეთქებების, თანამებრძოლთა დაჭრისა და ტრაგიკული შემთხვევების დროს აწყდებიან - „ასეთი შემთხვევებისას, პირველ ეტაპზე ყველა დათრგუნული იყო. როცა გაიგებდნენ, რომ ვთქვათ, დაჭრილი სამხედრო კარგად გრძნობდა თავს, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა. ჯარისკაცები უფრო ფრთხილობდნენ, მეტად აკვრიდებოდნენ ყველაფერს. ვისაც სტრესი აქვს გადატანილი, სხვა ადამიანი ხდება. ასეთ დროს ადამიანი იცვლება, ხანდახან საკუთარ თავში იკეტება კიდეც, ნაკლებს საუბრობს, უფრო სერიოზულდება და მეტად დაკვირვებულია მოქმედებაში.“

პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შესახებ „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის“ სამედიცინო დირექტორიც საუბრობს. ზურაბ ბებერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მისიაში ჯარისკაცი თავისი ნებით ერთვება და გაცნობიერებული აქვს, რომ იქ საბრძოლო მოქმედებებში მოუწევს მონაწილეობა, რასაც შეიძლება არაერთი ხიფათი და ტრაგედია ახლდეს თან, ის მაინც დარტყმის ქვეშაა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, სხვადასხვა სახის პრობლემები ჰქონდეს, რასაც კომპლექსური რეაბილიტაცია სჭირდება.

„ომის ქარცეცხლში მოყოლილი ადამიანები ექსტრემალურ სტრესს იღებენ. ყველას ჰგონია - ეს მას არ დაემართება, თუმცა რასაც რეალურად აწყდებიან, როგორც წესი, ბევრად უარესია, ვიდრე ისინი მოელიან. ტრავმული სტრესი ადამიანის გამკლავების ბუნებრივ მექანიზმებს აღემატება, მისგან არავინაა დაზღვეული. ადამიანს ბუნებრივი წინააღმდეგობის უნარი აქვს - კონკრეტული ზიანი ორგანიზმში მის საწინააღმდეგო მობილიზებას ახდენს. ამ სტრესთან გამკლავების სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მაგალითად - კედელს, ან ჯავშანს ამოფარება, მაგრამ რეალურად ადამიანს ეს არ შველის, ეს მისი გრძნობების გაუხეშებას იწვევს. საქართველოში ყველაზე ტრავმირებული ადამიანები გვიან გამოდიან კონტაქტზე, მაშინ, როდესაც უცხოეთში რეაბილიტაციის კურსის გავლა სავალდებულოა“, - ამბობს ზურაბ ბებერაშვილი.

ჯარისკაცებისთვის აღდგენით პროცესს აუცილებლად მიიჩნევს სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრ „ჰერის“ წარმომადგენლი გიორგი თავდგირიძე. მისი თქმით, სამხედროს, რომელიც მუდმივად რისკ-ფაქტორის და სტრესის ქვეშ არის, მას ეს პრობლემად უბრუნდება, ხოლო აუცილებელი აღდგენითი პროცესი - არა ინდივიდუალური დასვენებით, არამედ კონკრეტული მეთოდიკისა და დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით უნდა მიმდინარეობდეს.

„სამხედრო სამსახური სტრესულადაა მიჩნეული, ანუ სამსახურებრივი მოვალეობა, ყოველდღიურიც კი, მუშაობის განსაკუთრებულ პირობად ითვლება, რომლის თანმდევია გარკვეული სტრესები და სტრესი ეხება არა მხოლოდ რისკებს, არამედ ყოველდღიურობას. ჯარისკაცების მდგომარეობის კომპლექსური შესწავლა აუცილებელია. გარკვეულწილად, ქვედანაყოფი უნდა გადიოდეს რეაბილიტაციის სტანდარტულ პროცედურას, მაგრამ იმ დაზარალებულთა აღდგენითი პროცესისთვის, რომლებსაც ფსიქიური აშლილობა ახასიათებთ, ინდვიდიდუალური ზომები უნდა იყოს მიღებული. ჩვენს ზოგიერთ ქვედანაყოფს და მრავალ ჯარისკაცს  ხშირად უწევს მისიებში მონაწილეობა, მაშინ როდესაც გერმანელი სამხედროს მისიაში ხელახალი ჩართვა რეაბილიტაციისა და მოსამზადებელი პერიოდის - 18 თვის შემდეგაა შესაძლებელი. ჩვენი ჯარისკაცები მისიაში შესაძლოა 6 თვეში ერთხელ აღმოჩნდნენ, რაც რეაბილიტაციის კურსის გარეშე ძალიან მძიმეა - მეტია შეცდომების ალბათობა; გამოცდილების დაგროვების მიუხედავად, მას არც ორგანიზმი, არც ტვინი, არც კუნთები არ აძლევს იმ შეცდომების თავიდან აცილების საშუალებას, რაც წესით, არ უნდა დაეშვა. რამდენიმე შემთხვევა ასეთი შეცდომით იყო გამოწვეული“, - აღნიშნავს გიორგი თავდგირიძე.

სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრ „ჰერის“ წარმომადგენლი ასევე ამბობს, რომ ქართველ სამხედროებთან გაფორმებული კონტრაქტი მათ ფსიქორეაბილიტაციას არ ითვალისწინებს, ხოლო თავად ეს კონტრაქტი არასრულყოფილია, მაშინ, როდესაც გერმანულ, ფრანგულ ან ამერიკულ არმიაში კონტრაქტის გაფორმება რიტუალია, დოკუმენტი ყველაფერს მოიცავს და აქედანვე ხდება აპელირება ნორმატიულ აქტებზე - „საკონტრაქტო სისტემა კონტრაქტშივე უნდა ითვალისწინებდეს გარკვეულ პირობებს, რათა ერთი მხრივ ადამიანის მოტივაცია იყოს მაღალი, რაც შემდგომ მის ფსიქოლოგიურ მდგრადობას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი - ყველა სავარაუდო ალბათობა და შემთხვევითობა უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა აღარ წარმოიშვას დავა და სუბიექტური ურთიერთობები საკონტრაქტო პირსა და შეიარაღებულ ძალებს შორის“.

„რადიო თავისუფლების“ სამხედრო მიმომხილველი, კობა ლიკლიკაძე 13 მაისს ქართულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას იხსნებს. მისი თქმით, როდესაც ერთი შეტევის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, 3 კი დაიღუპა, ამ თავდასხმის გამო უამრავი ჯარისკაცი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს მიიღებდა, მათ კი შემდგომში ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდებათ.

„საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს ავღანეთში, თუ მანამდე ერაყში მყოფ ჯარისკაცებზე. არსებობს წარმოდგენა, თითქოს ეს მივლინებაა, არადა ეს რთული საბრძოლო დავალებაა, ყოველდღიურად რთულ და ძალიან სახიფათო ამოცანებთან დაკავშირებული საქმე. თავისთავად ცხადია, რომ ჯარისკაცს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდება. 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი სამხედროს გარკვეულწილად აგუებს იმ ვითარებას, რომელშიც მოუწევს ყოფნა, მაგრამ ის, რაც ბრძოლის ველზე ხდება - სხვაა. კონტინგენტის სიდიდით, ავღანეთში საქართველო  მეოთხე ადგილზეა: აშშ-ს, ბრიტანეთისა და გერმანიის შემდეგ. ეს დიდი რესურსია. ეს ადამიანები მაქსიმალურად ჯანსაღები და სრულფასოვნები უნდა დავიბრუნოთ იმისთვის, რომ შემდგომში მათ განწირულის სინდრომი არ ჰქონდეთ“, _ ამბობს კობა ლიკლიკაძე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტი სამხედროების ფსიქორეაბილიტაციას არ ითვალისწინებს.

„სამხედროების ფსიქორეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. სამინისტრო იზიარებს ჩვენი მოკავშირეების გამოცდილებას. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. პარტნიორები გვეხმარებიან არა მხოლოდ ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით, არამედ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სრული რეაბილიტაციის პროცესშიც. ამ მიზნით, თბილისში სულ მალე რეაბილიტაციის ცენტრი შეიქმნება, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტებით მოემსახურება.”

გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცების რეაბილიტაციის საკითხი სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. მისი თქმით, თავდაცვის უწყება ვერ გრძნობს იმის აუცილებლობას, რომ შექმნას გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ ექნება ყოველდღიური ფუნქციური მოვალეობები და იმუშავებს ცალკეულ მიმართულებებსა და პრობლემატიკაზე. ასევე, თავდაცვის უწყებას უჭირს დახარჯოს ფული, ის ჩაკეტილია უწყებრივ პრობლემებზე - „არ შეიძლება, ვთქვათ, 5 ათასი ჯარისკაცი გყავდეს და მისი უზრუნველყოფის საშუალება არ გქონდეს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ფიქცია და ტყუილად გადაყრილი ფულია“.

ISAF-ის მისია 2014 წელს სრულდება. 2009 წლის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, საქართველომ დღემდე 22 სამხედრო დაკარგა. ავღანეთში დღეისთვის 1600-მდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. სხვადასხვა მისიებში, საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული სტრესი და ფარული ტრავმები კი უკვალოდ არ ქრება.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^