Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი შენობა ბარნოვის N76-ში - ისტორიული სახლისა და ბაღის ნაცვლად

07 თებერვალი 2015

თბილისში, ბარნოვის ქუჩა N76-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო ტერიტორია თბილისის ისტორიული ნაწილის რეგულირების ზონაში მდებარეობს, სადაც კანონით განსაზღვრული დაცვის რეჟიმი მოქმედებს.

ბარნოვის N76-ში მიწის ნაკვეთისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე მერიამ თანხმობა 2014 წლის 30 ივნისს გასცა. პროექტის ავტორების მოთხოვნით, მშენებლობის ინტენსივობის კოეფიციენტები  K2=2.1   გაიზარდა  K2=5.0 - მდე, ხოლო არსებული განაშენიანების კოეფიციენტი  K1= 0.5-დან -  K1=0.7-მდე.  სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის ერთ-ერთი საფუძველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც იყო.

მოთხოვნის განმარტებით ბარათში ავტორები აღნიშნავენ:

„საცხოვრებელი სახლი შენდება არსებული ამორტიზირებული სახლის ადგილას, ბარნოვის ქუჩა #76. არსებული სახლი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული და ავარიულ ნაგებობას წარმოადგენს. საპროექტო საცხოვრებელი სახლი გეგმარებითად ორ მოცულობას წარმოადგენს, რაც განპირობებულია არსებული მრავალწლიანი ნარგავობის შენარჩუნების მიზნით. საცხოვრებელი სახლი 5 სართულიანია მანსარდით და სარდაფით. პირველ სართულზე კომერციული ფართებია. სახლი ერთ სადაბაზოიანია ლიფტით. ირგვლივ განაშენიანება ისტორიულად აგურის არის, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ აგურითვე აგვეგო საცხოვრებელი სახლი. კარ-ფანჯრები მეტალოპლასტიკი ხის ფაქტურით; მანსარდა სახურავის ფიქლით არის დახურული; საცხოვრებელი სახლი აღჭურვილია თანამედროვე კომუნიკაციებით“, - წერენ პროექტის ავტორები.

საცხოვრებელი ბინის პროექტი შპს „არკო 04“-ს ეკუთვნის. პროექტის დამკვეთი კი შპს „არქი გრუპია“.

მიწის ნაკვეთის ფართობი - 625 კვ.მ-ია,  განაშენიანების ფართობი კი -458.9 კვ. მ.  შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 29.45 მეტრია. აქედან  23.51 მეტრი - მიწის ზემოთ.

ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 22 დეკემბერს პროექტზე სამშენებლო ნებართვა გასცა. მშენებლობა 2014 წლის 29 დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა ხეების მოჭრის ნებართვაც გასცა. ნებართვის თანახმად, უნდა მოიჭრას ორი ძირი იფანი (დიამეტრებით 16 სმ და 20 სმ). ასევე მესაკუთრის ტერიტორიაზევე სამშენებლო მოედნიდან აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვით უნდა გადაირგოს 4 ძირი პალმა, ერთი ძირი ბზა და 25 გრძივი მეტრი სხვადასხვა სახეობის ბუჩქი. სამუშაო 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ხეები ჯერ მოჭრილი არ არის. განახლებული ნებართვა გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ამჟამად არ იძებნება.

 

ავტორებმა მერიას წარუდგინეს ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას მიერ მომზადებული ბარნოვის N76-ში მდებარე შენობის ისტორიულ-არქიტექტურული ანალიზიც. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად სხვადასხვა ეპოქის თანაარსებობისა, ბარნოვის N76-ში მდგარი შენობა ისტორიულად ჩამოყალიბებულ მონაკვეთში მდებარეობს, რომელსაც თავისებური მხატვრული სახე აქვს. შენობათა უმრავლესობა სამ ოთხ სართულიანია, რომელთა სიმაღლე/მოცულობასაც ბარნოვის ქუჩა „იტევს“.

„საინტერესოა ნაგებობათა მწკრივის ერთგვარი საერთო მხატვრული ხასიათი, ერთმანეთის გათვალისწინებით შეიქმნილი მცირე მხატვრული დეტალები. მაგალითად ბარნოვის ქ. #74-ის სადარბაზოს კარის მხატვრული გადაწყვეტა, გვერდითი მდგომი (#76) სახლის სადარბაზოს კარის ანალოგიურია. აღნიშნული სამსართულიანი აგურით ნაშენი ნაგებობა (ბარნოვის ქ. #74) ნახევარსარდაფით მდებარეობს ბარნოვის ქუჩაზე და ჰარმონიულად არის ჩართულია ნაგებობათა მწკრივში. შენობა შეულესავია და მისი ფასადების მხატვრულ სახეს განსაზღვრავს აგურის ფერი და წყობა“, - ვკითუხლობთ კვლევაში.

ღვინერიას განმარტებით, ბარნოვის N76-ში მდებარე ნაგებობა აგებულია 1930- იან წლებში და წარმოადგენს აგურის შელესილ ფასადებიან სამსართულიან საცხოვრებელ სახლს. სართულები ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სადა სარტყლებით. ფასადები სისიადავითა და სიმკაცრით გამოირჩევა. ნაგებობა დაგვირგვინებულია პროფილირებული ლავგარდანით, რომლის ძირს ფესტონებიანი ორნამენტული ზოლი გაუყვება. ლავგარდანის ზემოთ მართკუთხა, სადა პარაპეტია.

სახლის მხატვრული სახე, ავტორის თქმით, ტიპური იყო ამ უბნის განაშენიანებისათვის. რუსული П-სებრი გეგმის მქონე ორსართულიანი აგურით ნაგები შენობა ნახევარსარდაფით მდებარეობს ვ. ბარნოვის ქუჩაზე, ხიდთან. რელიეფის დონის ცვალებადობის გამო სახლი ხიდის (კეეკლიძის ქუჩის) მხარეს სამი სართულით იხსნება სივრცეში. ამ მხარეს მოწყობილია კაფე-ბარი „ოქროს გასაღები.“

კვლევის თანახმად, საინტერესოა შენობის თანადროული სადარბაზოში შესასვლელი ხის ორფრთიანი კარიც, შემკული სადა ორნამენტით. სართულების დაკავშირება ხდება ხის კიბეების საშუალებით. ანალოგიურია კეკელიძის ქუჩისაკენ მიმართული ფასადის მხატვრული გადაწყვეტა, თუმცა კაფე-ბარის გამო მას დაკარგული აქვს პირვანდელი სახე და მხატვრული ღირებულება. ეზოს მხარეს შენობა ორივე სართულზე იხსნება ხის შემინული აივნებით.

გარდა ზემოთაღნიშნული მხატვრული ღირებულებისა, შენობას ისტორიული ღირებულებაც გააჩნია, აქ ცხოვრობდა ნევროპათოლოგი, მეცნიერები დამსახურებული მოღვაწე ალექსი ალექსის ძე მინდაძე.

„როგორც ჩანს, შენობა XX ს-ის დასაწყისის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს, რომლის მხატვრული ღირებულება საშუალო დონით განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, ნაგებობა ჰარმონიულად ეწერება არსებულ გარემოში და მის ორგანულ ნაწილს ნაწილს წარმოადგენს“, - წერს ღვინერია.

ხელოვნებათმცოდნის შეფასებით, ახალი მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ტერიტორია თბილისის ისტორიული ნაწილის რეგულირების ზონას მიეკუთვნება, ამიტომ მისი რეკომენდაციით:

ახალი მოცულობის სიმაღლე/სართულიანობა მიმდებარე განაშენიანების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს; ასევე მიმდებარე განაშენიანებისა და ქუჩასთან მიმართებით დარეგულირდეს ნაგებობის მოცულობა/მასშტაბი, რომელიც სასურველია განისაზღვროს შეძლებისდაგვარად მორგებული, დამჯდარი პროპორციით; შენობის საფასადო მხარის გადაწყვეტისას, სასურველია გამოყენებულ იქნას ისტორიული განაშენიანებისათვის მახასიათებელი ელემენტები, რათა ახალი მოცულობის ფასადი ორგანულად ჩაეწეროს მასში; სასურველია შენარჩუნდეს შენობის მიმდებარედ არსებული მწვანე ნარგავები.

„სასურველია ახალმშენებლობა ორგანულად, უმტკივნეულოდ ჩაეწეროს უბნის უკვე მხატვრულად ჩამოყალიბებულ სურათში, მკვეთრად ამოვარდნისა და დისონანსის გარეშე. უბნის მიმზიდველობისა და მისი პოპულარობის გამო, ცხადია მის მიმართ ინტერესი დიდია. შესაბამისად ნებიერმიერი ახალმშენებლობა, მათ შორის ჩვენს მიერ განხილული ობიექტიც უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილით, რათა ახალი ნაგებობა ერთის მიხრივ ორგანულად ჩაეწეროს საერთო სურათში და ამავდროულად გახდეს სასურველი პრეცენდენტი უბნის სამომავლო განვითარებისათვის“, - აღნიშნულია მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტში - „ბარნოვის N76-ში მდებარე შენობის ისტორიულ-არქიტექტურული ანალიზი“

25 თებერვალს მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა განიხილოს კიდევ ერთი მოთხოვნა ქალაქგეგმარების ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით.

არქიტექტორები ითხოვენ: „ვინაიდან ბარნოვის III ჩიხი სინამდვილეში დახურული სივრცეა ავტომობილებისათვის. ლარსის ქუჩის მიერთებაზე ფეხმავალთათვის ორ მარშიანი კიბით ხდება კავშირი. აქ გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობა გამორიცხულია, გთხოვთ შეიცვალოს სატრანსპორტო ზონის  კონფიგურაცია და აღდგეს საცხოვრებელი ზონა 5 ბარნოვის ქ. #76 -ის წითელი ხაზების ფარგლებში.“

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^