Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა საფრთხეებს ან სარგებელს უნდა მოელოდეს ცენტრალური აზია ირანის შეთანხმებისგან

08 მაისი 2015

1991 წლიდან მოყოლებული დღემდე ირანულმა დიპლომატიამ და ბიზნესმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წარმატებას ვერ მიაღწია. ლოზანის შეთანხმება ძალაში სავარაუდოდ ივნისში შევა. საკითხავი ის არის, იქნება თუ არა ეს ირანისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი და მიეცემა თუ არა ირანულ რბილ ძალას გასაქანი ზემოხსენებულ რეგიონებში.

ბირთვული ხელშეკრულების პროექტზე ირანისა და ექვსეულის შეთანხმება შუა აღმოსავლეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარია. თუ ივნისში ამ ხელშეკრულებას დაამტკიცებენ – არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ასეც მოხდება – ეს მოვლენა ირანს გზას გაუხსნის საერთაშორისო საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ. შუა აღმოსავლეთში ირანის “დაბრუნება” მეტად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა და შესაძლოა, ადგილობრივი ძალაუფლებრივი სტრუქტურების ცვლილებასაც კი მისცეს ბიძგი. სავარაუდოა, რომ ირანის პოლიტიკური გავლენა არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც გავრცელდება. თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულმა ირანმა ვერ მოახერხა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ რეგიონებში მნიშვნელოვან მოთამაშედ ქცეულიყო.

თუმცა, ისტორიულად, ირანის (და მისი წინამორბედი სპარსეთის იმპერიის) პოლიტიკური გავლენა ყოველთვის დიდი იყო ცენტრალურ აზიაშიც და სამხრეთ კავკასიაშიც. სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია, მრავალი საუკუნის განმავლობაში, სპარსეთის იმპერიის პროვინცია იყო. მხოლოდ 1828 წელს მოეწერა ხელი თურქმენჩაის ხელშეკრულებას, რომლითაც ირანის მმართველი ყაჯარების დინასტია და რუსეთის იმპერია შეთანხმდნენ, რომ საზღვარი მდინარე არაქსზე გაივლიდა. ამ შეთანხმებამ სამხრეთ კავკასია რუსეთის იმპერიის ფარგლებში დატოვა, თუმცა, აზერბაიჯანი ორად გაიყო.

შედეგად, ირანსა და აზერბაიჯანს შორის ეს ისტორიული კავშირები დღემდე შენარჩუნებულია. ეთნიკური აზერბაიჯანლები ირანის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენენ. აზერბაიჯანში მცხოვრები ზოგიერთი უმცირესობა კი სპარსულ დიალექტზე ლაპარაკობს – მაგალითად, თალიშები, რომლებიც ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონში სახლობენ. ბაქოსა და თეირანის გეოსტრატეგიული დავების გამო იოლია დაგვავიწყდეს, რომ ირანშიც და აზერბაიჯანშიც მოსახლეობის უმრავლესობა ერთი და იმავე რელიგიის – თორმეტი იმამის შიიზმის (ისლამის) მიმდევარია.

ირანული წარსული ცენტრალურ აზიაშიც შესამჩნევია. რუსული მმართველობის დამყარებამდე, ანუ 1860-1880-იან წლებამდე ბუხარის საამირო, აგრეთვე კოკანდისა და ხივას სახანოები სრულყოფილად დაბალანსებულ ორმაგი კულტურის და ორენოვან (სპარსული და თურქული ენები) სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს წარმოადგენდნენ. ტაჯიკეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენობრივად და კულტურულად სპარსულია. სპარსული კვალი უზბეკეთშიც კი მოიპოვება – სამარყანდში და ბუხარაში გავრცელებულია რამდენიმე სპარსული დიალექტი. სპარსულ დიალექტებზე საუბრობენ ქვეყნის სამხრეთშიც, ქალაქ თერმიზთან ახლოს და ფერგანას ველის ზოგიერთ სოფელში.

1991 წელს, როცა საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებლები გახდნენ, ირანმა მიიჩნია, რომ რეგიონში საკუთარი გავლენის აღდგენის კარგი შანსი ეძლეოდა, მაგრამ ამ მიმართულებით ბევრს ვერაფერს მიაღწია მაშინ, როდესაც ანალოგიური მიზნების მქონე თურქეთის მცდელობები მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. ირანმა მარცხი განიცადა – საერთო ისტორია და კულტურა თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. თეირანის ამბიციებს ზღვარი სხვადასხვა მიზეზთა გამო დაედო. პირველ რიგში, ალბათ ის უნდა ვახსენოთ, რომ ახალმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკებმა (ყველამ, გარდა ტაჯიკეთისა) მიზნად ახალი ეროვნული იდენტობის შექმნა დაისახეს. ეს ახალი იდენტობა ეთნიკურ ნაციონალიზმს ეფუძნებოდა და კულტურაში “უცხო” ანუ თურქულ და სპარსულ ელემენტებს ახშობდა ან უგულებელყოფდა. უზბეკეთი ამგვარი პოლიტიკის წარმოების კარგი მაგალითია. უზბეკეთის მთავრობამ რამდენიმე საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურათა ჰარმონია უარყო და ხისტი უზბეკური ნაციონალიზმით ჩაანაცვლა. ასეთი მიდგომა თავისთავად გულისხმობდა თურქეთისა და ირანის გავლენებზე უარის თქმას. საბჭოთა ელიტებმა ძალაუფლების შენარჩუნება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც მოახერხეს და ტრადიციული სეკულარული და ანტირელიგიური პოლიტიკის გატარება გააგრძელეს. განვითარების ისლამური მოდელი და შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკა მათთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ამ ქვეყნებს ირანთან კავშირების გაძლიერება არ სურდათ, ირანის საერთაშორისო გარიყულობაა – ირანთან ურთიერთობა მსოფლიო ბაზარზე წვდომისა და ეკონომიკური გლობალიზაციის კუთხით არაფრისმომტანი იყო. გარდა ამისა, აშშ აქტიურად ეწეოდა ირანული რეჟიმის საწინააღმდეგო კამპანიას, რამაც ქვეყანას არასახარბიელო იმიჯი შეუქმნა – ირანი რელიგიურ სიბნელესთან, რადიკალურ ისლამთან და ტერორიზმთანაც კი ასოცირდებოდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ირანის ბირთვული ვითარების საკითხის გამწვავებამდე, შეერთებული შტატების დიპლომატია დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იმისთვის, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ირანის დემონიზაცია და მარგინალიზაცია მომხდარიყო. აშშ-ს სურდა, რეგიონში ირანის გაძლიერებისთვის ხელი შეეშალა და ამგვარად, ქვეყნისთვის იზოლაციიდან გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ასეთი მცდელობების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. საუკუნის პროექტი – 1994 წელს ხელმოწერილი მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა. თავიდან პროექტში აზერბაიჯანის მთავრობასთან თანამშრომლობით, ირიბად ირანიც იყო ჩართული, მაგრამ ვაშინგტონის ჩარევის შედეგად, ირანული კომპანიები პროექტის გარეთ დარჩნენ. კიდევ ერთი მაგალითია ყაზახეთი – ყაზახეთის მთავრობა კასპიის ზღვისპირა აქტაუს პორტის განახლებას აპირებდა და მოლაპარაკებებს ირანის მთავრობასა და ირანულ კომპანიებთან აწარმოებდა. ისევ და ისევ ვაშინგტონის ჩარევის შემდეგ, ოფიციალურმა ასტანამ გადაწყვიტა, თეირანთან თანამშრომლობა აღარ გაეგრძელებინა.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულებას ნამდვილად გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება როგორც ირანის შიდა პოლიტიკისთვის, ისე დიპლომატიისა და საგარეო ურთიერთობებისთვის, გავლენას იქონიებს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებზეც. უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ უწინდელ ხელის შეშლის პოლიტიკაზე უარს იტყვის. უფრო მეტიც, სანქციების მოხსნა დადებით ეკონომიკურ ბუმს გამოიწვევს, რომელშიც ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ჩართვაცაა მოსალოდნელი.

კასპიური გაზისა და ნავთობის ახალი მილსადენების პროექტების წინასწარმეტყველება ჯერ ნაადრევია, მაგრამ ბირთვული ხელშეკრულება ირანს ნამდვილად შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებაში. ამ ახალი ურთიერთობებიდან კი ყველა მხარე მიიღებს სარგებელს.

მიუხედავად ამისა, ლოზანის მოლაპარაკებებში ირანის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც ქვეყნის იმიჯის მოსალოდნელი სწრაფი გაუმჯობესებაა. ირანულმა დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა, წინ აღუდგეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს – მსოფლიოს უდიდეს და უძლიერეს სახელმწიფოებს. სიმტკიცისა და უნარიანობის ამგვარი გამოვლენა შუა აღმოსავლეთშიც და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მოწონებას იმსახურებს, რადგან თანამედროვე საერთაშორისო ვითარებაში ირანის მსგავსი ქვეყანა იშვიათად თუ ახერხებს, რომ დასავლურ დომინაციას გაუმკლავდეს. გარდა ამისა, თუ დასავლეთი ირანის დემონიზაციას აღარ გააგრძელებს, ქვეყნის იმიჯი თავისთავად გაუმჯობესდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოხერხებულობა, რაც ირანელმა დიპლომატებმა ამ მოლაპარაკებების დროს გამოიჩინეს და ნდობა, რომელიც მათ მოიპოვეს, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად აისახება.

უახლოეს მომავალში ირანს იმიჯის გამოსწორების კიდევ ერთი შანსი ექნება. შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავრობებისთვის ახალი სადარდებელი ამჟამად ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოა”, რომელიც ჯიჰადს უდგას სათავეში და ამ მიზნისთვის რეგიონებიდან ახალგაზრდების მიზიდვასაც ცდილობს. სირიასა და ერაყში ISIS-სთან ბრძოლაში ამჟამად სწორედ ირანული დიპლომატია და ჯარია ჩართული (და არა სხვა ისლამური სახელმწიფოების). “ისლამური სახელმწიფო” დღესდღეობით “ალ ქაიდაზე” უფრო სახიფათო ძალად მიიჩნევა და მასთან დაპირისპირება ირანის იდენტობის ცვლილებასაც მოასწავებს – რადიკალურ ისლამსა და ტერორიზმთან ასოცირებული ქვეყნიდან ირანი ახლა ძალადობრივი ჯიჰადისტური ორგანიზაციისგან დამცველად იქცევა.

ირანის იმიჯის სრული გარდაქმნისა და პოსტსაბჭოთა სამეზობლოში გავლენის მოპოვების წინასწარმეტყველება ჯერ ადრეა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული ხელშეკრულება პირველი ნაბიჯია ამ რეგიონში უფრო თავდაჯერებული საგარეო პოლიტიკის წარმოების გზაზე.

 

გამოაქვეყნა კვლევითმა ცენტრმა Carnegie Endowment for International Peace

 ინგლისურიდან თარგმნა აია ბერაიამ

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^