Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურმალა, როგორც „ჩაცმული“ საბჭოთა კაზანტიპი

31 ივლისი 2014

მოკლედ, მრავალგზის შეჩვენებულ იურმალაზე უკვე მესამედ გაგვიმართლა: საერთაშორისო კონკურსში მონაწილე 23 მომღერალს შორის 17 წლის ნუცა ბუზალაძემ შთამბეჭდავად გაიმარჯვა. ახლა მთავარია, მშვიდობას რამე ცუდი არ დაემართოს, როგორც 2008 წლის ზაფხულში, იურმალაზე დუეტ „ჯორჯიას“ გამარჯვების შემდეგ...

ნუცას  ხან ჯესი ჯეის ადარებენ და ხან ტონი ბრექსტონს. ქართველი მომღერლის მუსიკალობამ, ენერგიამ, უშუალობამ და გადამდებმა ქარიზმამ არა მარტო ძმები მელაძეები მოხიბლა (მათ ისედაც აბრალებენ ქართველი მომღერლების ლობირებას), არამედ „მწუხარე სახის კონჩიტა“, ფილიპ კირკოროვიც. საბოლოოდ, ჟიურიმ ბოლო ტურში ნუცას  ქულათა მაქსიმუმი დაუწერა და მისმა ფანებმა დროშაშემოხვეული, მელანქოლიური „მამულიჩას“ თამადობით ფესტივალზე გამარჯვება იზეიმეს.

პარადოქსია, მაგრამ იურმალა – საბჭოთა დროიდან შემორჩენილი ეს არცთუ კოპწია საესტრადო დინოზავრი (თუ  „ჩაცმული კაზანტიპი“), კვლავ პოლიტიკური ვნებათაღელვის საგნად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ლატვია ევროკავშირის ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი  დღემდე რუსული ესტრადის მსმენელია, ხოლო იურმალას ცნობილი „ძინტარსის“ დარბაზი – კვლავაც საბჭოეთში ჩარჩენილ ვარსკვლავთა თავშეყრის ადგილად რჩება.

უცნაურობათა კასკადი წელს, ჯერ კიდევ ფესტივალამდე დაიწყო, როცა ლატვიის ხელისუფლებამ ოკუპაციაში მხილებულ, საბჭოთა ყალიბში ჩამოსხმულ ვარსკვლავებს – კობზონსა და ვალერიას პოლიტიკური მოტივებით  ქვეყანაში შესვლა აუკრძალა; ამავე დროს, კონკურსის პირველ დღეს, საზეიმო გახსნაზე, წამყვანებმა პუტინის მისასალმებელი წერილი წაიკითხეს.

წლების განმავლობაში იურმალას კონკურსზე, ნათლად და გამჭვირვალედ იკითხება ნოსტალგია საბჭოთა სიმღერებზე; უკვე მითად დარჩენილ ხალხთა მეგობრობაზე, თითქოს მთელი პოსტსაბჭოეთი ამ სიმღერებს უსმენდა და უსმენს. ამდენად, მეგობრობის საუკეთესო დემონსტრაცია იურმალაში უკრაინელი ან ქართველი მომღერლის გამარჯვება იქნებოდა.

ცინიკურად ჟღერს, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, რუსეთს იდეოლოგიურ ომში წარმატება სხვისი სახელით ჭირდება. ამისათვის კი მას იურმალა პრაქტიკულად ერთადერთ, „მცირემეტრაჟიან“ კულტურული სივრცედ რჩება მიმობნეული მეგობრების შესაკოწიწებლად.

მაგრამ, უკვე ძალიან გვიანაა. უფსკრულზე გადებული ყველა ხიდი ჩატეხილია, ხოლო თავად უფსკრული სწორედ მეგობრების გვამებითაა ამოვსებული. ამიტომ, რამდენჯერაც არ უნდა შეასრულოს ყველაზე თამამმა და ცვეთამედეგმა საბჭოთა დივამ „მილიონი ალისფერი ვარდი“; რა გამჭვირვალე როიალზეც არ უნდა დაუკრას იგორ კრუტოიმ თავისი „პოლუ–ბლატნოი“ თუ პრიმიტიულ–მელანქოლიური სიმღერები; რა კოსტიუმებიც არ უნდა გამოიცვალოს ქალბატონმა ლაიმამ, მეგობრობის მესა დამთავრებულია! დარჩა მხოლოდ ზაფხულში შემორჩენილი „ჩაცმული“ საბჭოთა კაზანტიპი, რომელსაც იურმალა ჰქვია და რომელიც ძველ, დიდ და დანგრეულ ხალხთა მეგობრობის მუზეუმს მოგვაგონებს.

P.S. ერთი რამ მაოცებს: საიდამ იციან ამდენი რუსული საესტრადო სიმღერები ნუცა ბუზალაძის ტოლმა გოგო–ბიჭებმა, როცა ისინი მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობენ და მღერიან?

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^