ფიფქები მინდა !

პირველად მომინდა რომ ეთოვა. პირველად ვინატრე ცივი და ნაცრისფერი ცა… აქამდე არასდროს.

დღეს პირველად ვინატრე ციოდეს, ისე ციოდეს, რომ ძვლები მეყინებოდეს. მაშინ ხო მაინც გამოვხატავდი სულის სიღარიბეს, სულის სიმარტოვეს. არ მინდა, არ მინდა ყვითელი ფოთლები და ცისფერი ცა, არც განარინჯისფერებული მზე მინდა და არც წვიმიანი ამინდი, ასე რომ მიყვარს. თოვლი მინდა, დიდი და ლამაზი ფანტელები, გვირგვინები და ყვავილები. თეთრი, სულ ქათქათა…

დღეს მზე იყო ცაზე. ზუსტად ისეთი აგვისტოში რომ იცის. მეც გარეთ გამოვედი და კატასავით ვეფიცხებოდი მოხუჭული თვალებით და ღიმილნარევი სახით. თვალები რომ გეჭუტება და მაინც რომ ცდილობ შეხედო, სხივებს შეეხო, იგრძნო…

დაცარიელდა, შეიცვალა ყველაფერი. ამინდი ისევ გათავხედდა და არ უნდა რომ ითოვოს. დრო არ მოსულაო და გამოუშვია ცაზე მზე, აგვისტოს მზე… არა მე ამის კი არა, შემოდგომის მეშინია, შარშანდელივით ხალისიან დღეებს თუ მაჩუქებს და მერე გაზაფხულს მიანდობს ყველაფერს, არ მინდა … არც შარშანდელივით მინდა წვიმდეს და არც შარანდელი დაგვიანებული ზამთარი მინდა… გავეგოისტდი…

ზამთარი მინდა, ცივი და სუსხიანი ამინდები. მაშინ ხო მაინც ჩავიცვამ თბილად და გავთბები. მაშინ ხომ მაინც გამოხატავს ამინდი ჩემს შინაგანს და გაზაფხულსა და სიმწვანეს ისევ იმედიანად დავუწყებ ცქერას.

არ მინდა გათავხედებული მზე. მისი სხივების მოყვარულთ თავს რომ ანატრებს ხოლმე. მერე და ვითომ რაო? ზაფხულში მოვა და წვავს, შემოდგომაზე დაგვცინის და ზამთარში დაგენახვება , ვითომ მოვიდა , ვითომ აჰა და გვეშველა და ვერ აღწევს ჩემამდე, ისევ მეთამაშება. გაზაფხულზე კი შემოიხედავს ხოლმე მონატრებული თვალებით და მერე ისევ თვიდან… როგორ დავუძლურდით, მეც და ჩემი მზის სხივებიც, როგორ აღარ გვიყვარს ერთმანეთი… 

ფიფქები მინდა, ზამთარი და სიცივე მინდა…

თეთრი და დიდი ფანტელები, ქუდები და კაშნეები. თბილი ადამიანები და სუსხიანი დღეები.

წავიდეს ეს მზე… აღარ მინდა, აღარ მიყვარს !

 

დატოვე კომენტარი