პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)
0
0

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ენაზე რუსული თარგმანი ყოველ ჩვენგანზე ზეწოლას ახდენს რომელიმე ფილოსოფია - ნუდიზმი ან ბუდიზმი, მეცნიერული მატერიალიზმი...

თავი მეოთხე. ანალური ემოციურ-ტერიტორიული წრედი

anal conture1

თავი მეოთხე. ანალური ემოციურ-ტერიტორიული წრედი

გაიქეცი ლეკვო, გაიქეცი!
გაიქეცი ლეკვო, გაიქეცი!
აი, დიდი ძაღლი მოდის —
გაიქეცი ლეკვო, გაიქეცი!
(საბავშვო ლექსი)

მეორე წრედი - ტვინის ემოციურ-ტერიტორიული სისტემა - პასუხს აგებს ცალსახად ძალოვან პოლიტიკაზე. ეს „პატრიოტული“ წრედი ყველა ხერხემლიანს გააჩნია და 500 მილიონიდან მილიარდამდე წელს ითვლის. თანამედროვე ადამიანში იგი, როგორც ჩანს, თალამუსშია განლაგებული „უკანა“, ანუ „ძველ ტვინში“ - და დაკავშირებულია კუნთებთან.

ეს წრედი ყოველ ახალშობილში ვლინდება, როცა დნმ-ის მატრიცა რნმ-ის შიკრიკებს ფეხზე დგომის და სიარულის პროცესის გასაშვებად აგზავნის. სიარულის სწავლა, გრავიტაციის დაუფლება, ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვა და სხვა ადამიანებით პოლიტიკური მანიპულირების დაუფლება - ეს ყველაფერია მოწყვლადობის ის წერტილები, რომელშიც ჩნდება იმპრინტირება ან მძიმე განპირობება. კუნთები მალევე პროგრამდებიან ამ ძალოვანი ფუნქციების შესრულებაზე, და მყარ, მუდმივ რეფლექსებს იძენენ.

როგორც ყოველთვის, გარესამყაროს მოვლენების შესაბამისად - იმის, რაც ნეიროლოგიური მოწყვლადობის წერტილებში ხდება, - ეს წრედი განსაზღვრავს ან ძლიერ, დომინანტ როლს, ან სუსტ, დაქვემდებარებულ როლს ჯოგში (ოჯახში). ამაში რომ დარწმუნდეთ, სულაც არაა აუცილებელი ჯუნგლებში, ეტოლოგებთან ერთად გამგზავრება: იმპრინტირების პროცესს შეგიძლიათ ლეკვების ნებისმიერ ჯგუფზე დააკვირდეთ. მათთან ძალიან სწრაფად ხდება იმის განსაზღვრა, თუ ვინ იქნება დომინანტი და ვინ - დაქვემდებარებული.

სტატუსი ჯოგში ან თემში განისაზღვრება პრე-ვერბალური სასიგნალო სისტემით, რომელშიც ეს კუნთური რეფლექსები მთავარ როლს თამაშობენ. ყველა ემოციური თამაში ან სქემა, რომლებიც ჩამოთვლილია დოქტორ ერიკ ბერნის პოპულარულ წიგნებში ფსიქოლოგიური თამაშების და ტრანზაქციული ანალიზის შესახებ, წარმოადგენს მეორე წრედის იმპრინტებს და ძუძუმწოვრების სტანდარტულ ტაქტიკებს.

მოვიყვან ციტატას ჩემი მოთხრობიდან: „შრედინგერის კატა“:

ტერის მოშინაურებული პრიმატების უმეტესობამ არ იცოდა, რომ ისინი პრიმატები იყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენდნენ და ყველაფერ დანარჩენს „აღემატებოდნენ“ პლანეტაზე.

ბენი ბენედიქტის რეგულარული სვეტიც კი - „კიდევ ერთი თვე“ - ამ ილუზიაზე იყო დაფუძნებული. ბენიმ ნამდვილად წაიკითხა ერთხელ დარვინი - დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ კოლეჯში - და სმენია ისეთი მეცნიერებების არსებობის შესახებ, როგორიცაა ეტოლოგია და ეკოლოგია, მაგრამ ევოლუციის ფაქტები მას არასოდეს რეალურად დაურეგისტრირებია. იგი არასოდეს ფიქრობდა საკუთარ თავზე, როგორც პრიმატზე, და ვერ აცნობიერებდა, რომ მისი მეგობრები და კოლეგებიც ასევე პრიმატები იყვნენ. და ბოლოს, მას არასოდეს ესმოდა, რომ უნიშტატის ალფა-მამრები მაიმუნების ჯოგის ტიპიური ლიდერები იყვნენ. ამ თვალნათლივი საგნების დანახვის უუნარობის გამო ბენის გამუდმებით აშფოთებდა და აშინებდა თავისი ქცევა, თავისი მეგობრებისა და კოლეგების ქცევა, და განსაკუთრებით ჯოგის ალფა-მამრების ქცევა. რადგანაც არ იცოდა, რომ ასეთი ქცევა ჩვეულებრივი ამბავია პრიმატებისთვის, ეს მას უბრალოდ საშინელებად ეჩვენებოდა.

რადგანაც პრიმატების ქცევა მნიშვნელოვანწილად ფასდებოდა, როგორც საშინელი, მოშინაურებული პრიმატების უმეტესობა თავისი დროის დიდ ნაწილს საკუთარი მოქმედებების დამალვაში ატარებდა. ზოგიერთ პრიმატს სხვა პრიმატები ამხელდნენ. ყველა პრიმატს ეშინოდა, რომ ფაქტზე გამოიჭერდნენ. მათ, ვისაც იჭერდნენ უვარგის მძღნერს ეძახდნენ.

ტერმინი „მძღნერი“ პრიმატების ფსიქოლოგიის ღრმა გამოხატულებას წარმოადგენდა. მაგალითად, ერთმა ველურმა პრიმატმა (შიმპანზე), რომელსაც ორი მოშინაურებული პრიმატი (მეცნიერები) ნიშნების ენას ასწავლიდა, შეათავსა სიტყვები „მღძნერი“ და „მეცნიერი“, და იმ მეცნიერს, რომელიც არ მოსწონდა, აღწერდა, როგორც „მძღნერი-მეცნიერი“. მან ასევე შეათავსა ნიშნები: „მძღნერი“ და „შიმპანზე“ იმ სხვა შიმპანზეს აღსაწერად, რომელიც ასევე არ მოსწონდა, და უწოდა მას „მძღნერი-შიმპანზე“.

„შე უვარგისო მძღნერო“ (You no-good shit), - ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს მოშინაურებული პრიმატები. ეს მეტაფორა ღრმად გამოხატავს პრიმატების ფსიქოლოგიას, რადგანაც ისინი თავიანთ ტერიტორიას ექსკრემენტებით ნიშნავენ, და ზოგჯერ ერთმანეთსაც ესვრიან მათ, როცა საქმე ტერიტორიულ პაექრობამდე მიდის.

ერთმა პრიმატმა დაწერა დიდი წიგნი, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი, როგორ უნდა დასჯილიყვნენ მისი პოლიტიკური მტრები. მან წარმოიდგინა უზარმაზარი ხვრელი მიწაში: ცეცხლით, კვამლით და მძღნერის მდინარეებით. ამ პრიმატს დანტე ალეგიერი ერქვა.

სხვა პრიმატმა დაწერა, რომ ყოველი ახალშობილი-პრიმატი გადის ეტაპს, რომელშიც მის ძირითად საზრუნავს ბიო-გადარჩენა წარმოადგენს, ანუ საკვები, ანუ დედის ძუძუ. მან ამას ორალური სტადია უწოდა. ასევე თქვა, რომ შემდეგ ბავშვი ძუძუმწოვრების პოლიტიკის შესწავლის ეტაპზე, ანუ მამის (ალფა მამრის), მისი ავტორიტეტისა და ტერიტორიული მოთხოვნების აღიარების ეტაპზე გადადის. გენიალურობით, რომელიც ცოტა პრიმატმა თუ დააფასა, მან ამ სტადიას ანალური უწოდა.

ამ პრიმატს ფროიდი ერქვა. მან კვლევის ობიექტად თავისი საკუთარი ნერვული სისტემა აიღო და მის შემაგდენელ წრედებს იკვლევდა, და პერიოდულად მის სტრუქტურას ნეირო-ქიმიური საშუალებების მეშვეობით ცვლიდა.

ანალურ შეურაცხყოფებს შორის, რომლებსაც მოშინაურებული პრიმატები ერთმანეთში ცვლიან, როცა ტერიტორიისთვის იბრძვიან, არსებობს ასეთები: „გააჯვი“, „მოაშორე ეგ შენი ბინძური ტრაკი“, „მძღნერის ბოჭკა“ და მრავალი სხვა.

ფრანკების სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად პატივსაცემი ალფა-მამრი გახლდათ გენერალი კანბრონი. მან ასეთი პატივისცემა დაიმსახურა პასუხის გამო, რომელიც მაშინ გასცა, როცა ვატერლოოსთვის ბრძოლაში დანებებება შესთავაზეს. „Merde” (ფრანგ. - მძღნერი“) - იყო მისი პასუხი.

სიტყვა პეტარდი ბომბის ერთ-ერთ ნაირსახეობას აღნიშნავს. იგი მომდინარეობს იგივე ძველ-ინგლისური ფუძისგან, რომლისგანაც სიტყვა Fart (კუილი). გენერალი კანბრონის მენტალიტეტი გახლდათ სამხედრო კასტის წარმომადგენელი ალფა-მამრის ტიპიური მენტალიტეტი. როცა პრიმატები ბრძოლას იწყებდნენ, ან ძალადობის სხვა ფორმებს მიმართავდნენ, ისინი ყოველთვის იმუქრებოდნენ, რომ მოწინააღმდეგისგან „მძღნერის გროვას“ გააკეთებდნენ. ომის დასრულების შემდეგ ითვლებოდა, რომ დამარცხებულმა „ჩაისვარა“.

სტანდარტული „ავტორიტარული“ რეფლექსი ემოციურ-ტერიტორიალურ წრედში - ესაა კუნთების დაბერვა და ყმუილი. ამას შეგიძლიათ დააკვირდეთ ფრინველებში, ძუძუმწოვრებში, და ასევე თქვენი ადგილობრივი ბანკის მმართველი წევრების შეკრების დროს. „დამორჩილების“ სტანდარტული რეფლექსი მდგომარეობს კუნთების ზომის შემცირებაში, თავის დახრაში და „უკან გახოხებაში“. ამას შეგიძლიათ დააკვირდეთ ძაღლებში, პრიმატებში, შინაურ ფრინველებში და კლერკებში, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ სამსახური.

anal conture2

(ფოტოზე: სტანდარტული ავტორიტარული რეფლექსი)

თუ პირველი (ბიოგადარჩენის) წრედი ძირითადად დედის მიერაა იმპრინტირებული, მეორე (ემოციურ-ტერიტორიული) წრედი ძირითადად იმპრინტირებულია მამის - ბავშვთან ყველაზე ახლოს მყოფი ალფა-მამრის მიერ. სოციოლოგმა ჯ. რატრეი ტეილორმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ საზოგადოება მონაცვლეობით გადის „მატრიზმის“ პერიოდებს, როცა დომინირებს დედის ორალური ღირებულებები, და „პატრიზმის“ პერიოდებს, როდესაც დომინირებს მამის, ანალური ღირებულებები.

ტეილორის მიერ წარმოდგენილი „მატრისტული“ და „პატრისტული“ პერიოდების ეს ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:

anal3

anal 4

არ ვიცი სამართლიანია თუ არა ტეილორის ეს თეორია საზოგადოებასთან მიმართებაში, მაგრამ იგი უპირობოდ სამართლიანია ცალკეულ ინდივიდებთან მიმართებაში. ზემოთ მოცემული მახასიათებლები წარმოადგენენ მხოლოდ შედეგს: ა) ძლიერი იმპრინტისა ბიოგადარჩენის ორალურ (მატრისტულ) წრედში ან ბ) მძიმე იმპრინტისა ანალურ (პატრისტულ) ტერიტორიულ წრედში.

თუკი თქვენ არ იყენებთ ეტოლოგიურ ტერმინებს, მაშინ ემოციურ-ტერიტორიული წრედი - ესაა ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ „ეგოს“ ვუწოდებთ ხოლმე. ეგო - ესაა უბრალოდ ძუძუმწოვრის მიერ ჯოგში თავისი სტატუსის გაცნობიერება; როგორც სოციოლოგები იტყოდნენ, ესაა „როლი“, ტვინის ცალკე წრედი, რომელიც შეცდომით აღიქვამს თავს პიროვნებად, „ტვინი-ცნობიერების“ მექანიზმად მთლიანობაში. „ეგოისტი“, საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებით, ისე იქცევა, თითქოს „მხოლოდ ორი წლის იყოს“, რადგანაც ეგო წარმოადგენს იმ ეტაპის იმპრინტს, რომელზეც ბავშვი სიარულს და ტუალეტის პროცედურებს სწავლობს.

რამდენად ბევრია ადამიანური ცხოველებში (განსაკუთრებით ძაღლებში და შინაურ კატებში)? ეს კითხვა დიდი ხანია განაცალკევებს მეცნიერებს ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, ასევე ერთი სახის მეცნიერებს მეორესგან. თანამედროვე თეორიის ტერმინებშისხვაობა მოშინაურებულ პრიმატებსა (ადამიანებს) და სხვა მოშინაურებულ ცხოველებს შორის პრაქტულად ნულს უდრის, სანამ პირველ ორ წრედზე ვსაუბრობთ. (რამდენადაც ადამიანთა უმეტესობა თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ამ პრიმიტიულ წრედებში ატარებს, სხვაობები ხშირად ნაკლებად თვალშისაცემია, ვიდრე მსგავსებები). ნამდვილი სხვაობები მაშინ ჩნდება, როცა საუბარს ვიწყებთ მესამე, სემანტიკურ წრედზე.

anal 5

ძუძუმწოვრების უმეტესობა ტერიტორიას ექსკრემენტებით ნიშნავს. მოშინაურებული პრიმატები ტერიტორიას ქაღალდზე მელნის ექსკრემენტებით ნიშნავენ.

დამწყებები ძაღლების წვრთნაში ყოველთვის ერთი და იმავე შეცდომას უშვებენ - ზედმეტად ბევრ სიტყვას იყენებენ. რამდენადაც ძაღლი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ადამიანთან (მაგალითად, ძაღლები, ისევე როგორც პრიმატები, შესანიშნავად ფლობენ მიმიკას), დამწყები მას ზედმეტ „ადამიანურობას“ მიაწერს ხოლმე. საშუალოსტატისტიკური ძაღლს სიტყვათა ლექსიკონში დაახლოებით 150 სიტყვა აქვს და საკმაოდ საზრიანია ამ სემანტიკური სამყაროს ფარგლებში. ძალიან ადვილია ასწავლო ძაღლს ბრძანებები: „დაჯექი“, „გვერდით“, „ფას“ და ა.შ.; სიტყვებს „სეირნობა“ და „საჭმელი“ - ძაღლი თქვენი ძალისხმევის გარეშეც ისწავლის. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა დამწყები ძაღლისგან ისეთი ფრაზების გაგებას მოითხოვს, როგორიცაა: „არა, არა ფრიც - სადაც გინდა იქ ქენი, ოღონდ არა ლოგინში“. ამას ის ადამიანიც კი ვერ გაიგებს, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური არაა. ძაღლი ატარებს მსგავს წინადადებებს და ცდილობს გაიგოს, რა უნდათ მისგან, თქვენი ცხოველური (და არაცნობიერი) სხეულის ენის გაანალიზებით.

ამ განსხვავებების გაგებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პრიმატების ძაღლებთან ურთიერთობა. ჩემმა ცოლმა (პროფესიით სოციოლოგმა), მაგალითად, ჩვენი ძაღლი, სახელად „ეშვი“, გადააჩვია სასადილო მაგიდასთან წრიალს. მან გამოიყენა ძუძუმწოვრების ყველაზე მარტივი და პირდაპირი ენა. ის უბრალოდ უღრენდა ძაღლს პირველ რამდენიმე ჯერზე, როცა ძაღლი სადილობის დროს მაგიდასთან მოახლოებას ცდილობდა (რა თქმა უნდა, ის იცნობს ეტოლოგიას). ეშვმა ყველაფერი მშვენივრად გაიგო; მალე მან შეწყვიტა მაგიდასთან მისვლა, როცა ჯოგის ბელადები (ჩემი ცოლი და მე) მივირთმევდით. მისმა გენეტიკურმა პროგრამებმა შეატყობინეს მას, რომ ჩვენ დომინანტი ძაღლები ვართ ან ყველაზე ახლოს ვართ მასთან გარშემომყოფ არსებებს შორის. ძაღლებს, ისევე როგორც მგლებს, გააჩნიათ გენეტიკური პროგრამა, რომელიც უკრძალავთ, რომ ჭამის დროს ჯოგის დომინანტი წევრები არ შეაწუხონ. ღრენამ მთელი საჭირო ინფორმაცია მიაწოდა მას ამ კანონის ლოკალური პარამეტრების შესახებ. სხვათაშორის, ჩვენი ეშვი ტაქსას და ლაბრადორის ნაჯვარი იყო, ამიტომ ადამიანების უმეტესობისთვის ძალიან უცნაურ არსებად აღიქმებოდა. ისინი ხშირად მაჩერებდნენ ქუჩაში, როცა ძაღლს ვასეირნებდი, და მეკითხებოდნენ: „ეს რა არის?“

ადამიანები (ექსტრემალური შემთხვევა), რომლებსაც ყველაზე მძიმე იმპრინტი ტერიტორიულ-ემოციურ წრედზე აქვთ, ჩვეულებრივ მუსკულოტონიკები არიან. ეს ნიშნავს, რომ მათი ყურადღების და ენერგიის უმეტესი ნაწილი კონცენტრირებულია თავდაცვა-თავდასხმის კუნთოვან სისტემებში. ამიტომ მათ ჩვეულებრივ საშუალო წონა აქვთ - საკმარისად მძიმეები არიან იმისთვის, რომ მათი წაქცევა ძნელი იყოს, და საკმარისად მსუბუქები იმისთვის, რომ მოძრავები და დაკუნთულები იყვნენ. ისინი ხშირად ხდებიან კულტურისტები, ათლეტები და ა.შ., და უჩვეულოდ არიან გატაცებულნი თავიანთი ფიზიკური ძალის დემონსტრირებით. ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევაც კი მათთვის კეთილგანწყობის ჟესტი კი არა, ძალისმიერი შეჯიბრება უფროა.)

anal 6

anal 7

იმპრინტირება მთელ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ნერვული სისტემა კი - მთელ სხეულზე მოქმედებს. საზოგადოებათა უმეტესობაში მსგავსი ტიპები სამხედრო სფეროში კონცენტრირდებიან, სადაც მათი მიდრეკილებები სათანადო ეტოლოგიურ გამოყენებას ჰპოვებენ ტომის ტერიტორიის დასაცავად. ამ წრედის ანალური ორიენტაცია განსაზღვრავს სამხედრო მეტყველების უჩვეულობას, რომელიც პირველად ნორმან მეილერმა შენიშნა: სიტყვა „ტრაკი“ ზოგადად პიროვნების აღსანიშნავად გამოიყენება, ხოლო სიტყვა „მძღნერი“ - გარშემომყოფი გარემოებების აღსანიშნავად.

1313131

spem1 

პირველი და მეორე წრედების ბადე წარმოქმნის ოთხ კვადრანტს. თუ დააკვირდებით, მტრული ძალა (ტირანი) მიდრეკილია პარანოიდალური ჩაკეტილობისკენ; მან უნდა მართოს, მაგრამ მას ასევე ეშინია. გაიხსენეთ ჰიტლერი, სტალინი, ჰოვარდ ჰიუზი და სხვები, ასევე მიუწვდომელი ციხე-სიმაგრე და სასამართლო კაფკას ალეგორიებში. დააკვირდით ასევე, რომ დამოკიდებული ნევროტიკი საერთოდ არ იმყოფება უკან დახევის სფეროში; იგი თავს გესხმით და თავისი ემოციური „საჭიროებების“ (იმპრინტების) დაკმაყოფილებას ითხოვს.

ეს ოთხი კვადრანტი ჯერ კიდევ ადამიანის თვითცნობიერების განთიადისას იყო ცნობილი. ხასიათთა ტიპების შუასაუკუნეების ფსიქოლოგიის ტერმინოლოგიით ეს ოთხი იმპრინტული ტიპი ცნობილია, როგორც:

1. ქოლერიკული ხასიათი (მტრული ძალა);
2. სანგვინიკური ხასიათი (მეგობრული ძალა);
3. მელანქოლიკური ხასიათი (მტრული სისუსტე);
4. ფლეგმატური ხასიათი (მეგობრული სისუსტე).

თუ საათის ისრის მიმართულებით მივყვებით, სანგვინიკური ტიპი (მეგობრული ძალა) გაიგივებულია ლომის არქეტიპთან და ცეცხლის ელემენტთან. ლომი, რომელიც ცნობილია საკუთარი ღირსების გრძნობით, წარმოადგენს „კეთილ“ ძალას, ხოლო ცეცხლი - ძალაუფლებას.

ფლეგმატური ტიპი (მეგობრული სისუსტე) გაიგივებულია ანგელოზის არქეტიპთან და წყლის სტიქიასთან; ეს ადამიანები „მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან იმისთვის, რომ იბრძოლონ“ და „დინებას მიჰყვებიან“.

მელანქოლიკური ტიპი გაიგივებულია ხარის არქეტიპთან (მზაკვრული ეჭვიანობა, პარანოია) და მიწის ელემენტთან (შენელებული ფსევდო-სისულელე, დამორჩილებული რასების ტრადიციული პოზა მათ დამპყრბლებთან მიმართებაში).

ქოლერიკული ტიპი (მტრული ძალა) გაიგივებულია არწივის არქეტიპთან (რომის იმპერიის, გერმანული სამეფო ოჯახის და ა.შ. სიმბოლოებთან) და ჰაერის სტიქიასთან, რომელიც, სავარაუდოდ ზეცას აღნიშნავს, რადგანაც ამ ტიპებს მინიჭებული აქვთ „სიმაღლე და ძალაუფლება“.

ამ სიმბოლოების ისტორია თავისი ფესვებით შორეულ წარსულში მიდის. ისინი კარგადაა ცნობილი კაბალისტებისთვის (ლომი, ანგელოზი, ხარი და არწივი ჩნდებიან ბიბლიაში - იეზეკილის გამოცხადებაში). ისინი ხშირად გვხვდებიან კათოლიკურ ხელოვნებაში, და წარმოადგენენ ოთხ ევანგელისტს (მათე - ანგელოზი, მარკოზი - ლომი, ლუკა - ხარი, იოანე - არწივი), და შუასაუკუნეებიდან დაწყებული ტაროს კარტის განუყოფელ ელემენტებს წარმოადგენენ.

ტრანსაქციული ანალიზის პოპულარული სისტემის ბრძნულ ენაში ეს ოთხი იმპრინტული ტიპი შეესაბამება ოთხ ძირითად ცხოვრებისეულ სცენარს:

1. ქოლერიკული/მტრული ძალა: «მე კარგად ვარ, შენ კი - არ ხარ კარგად».
2. სანგვინიკური/მეგობრული ძალა: «მე კარგად ვარ, და შენც კარგად ხარ».
3. მელანქოლიკური/მტრული სისუსტე: «მე არ ვარ კარგად, და არც შენ ხარ კარგად».
4. ფლეგმატური/მეგობრული სისუსტე: «მე არ ვარ კარგად, შენ კი კარგად ხარ».

ფსიქოთერაპევტების ოფისებში ყველაზე ხშირად ფლეგმატიკები ხვდებიან ხოლმე (მეგობრული სისუსტე; დამოკიდებული ნევროზიანი), რომლებიც ნებაყოფლობით ეძებენ გადაიმპრინტირებას. მათ ვერ აქვთ ყველაფერი რიგზე, მაგრამ ღრმად სჯერათ, რომ ექიმი კარგია.

ქოლერიკები (მტრული ძალა) და მელანქოლიკები (მტრული სისუსტე) მხოლოდ მაშინ ხვდებიან ფსიქოთერაპევტთან, თუკი მათმა კოლეგებმა, ოჯახის წევრებმა, ან ყველაზე ხშირად სასამართლოს გადაწყვეტილებამ აიძულეს, რომ სცადონ მათი მძიმე ნეგატიურობის გადაიმპრინტირება.

სანგვინიკები (მეგობრული ძალა) პრაქტიკულად არასოდეს არ მიმართავენ ფსიქოთერაპევტს. ისინი, როგორც წესი, კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით, ისევე, როგორც მთელი დანარჩენი საზოგადოება. ისინი ასევე ვერ გრძნობენ რაიმე თერაპიის საჭიროებას უბრალოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას და მეტისმეტად დიდ ტვირთს იღებენ. ჩვეულებრივ, ისინი ფსიქოთერაპევტთან მხოლოდ იმ მკურნალი ექიმის დანიშნულებით ხვდებიან, რომელიც მათი ავადმყოფობის მიზეზებს ხვდება.

ოთხი კვადრანტი ყველა ეპოქაში იყო ცნობილი და მრავალი სიმბოლოთი აღინიშნებოდა.

ამ სისტემას არ აქვს პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და არ გულისხმობს, რომ ჰუმანოიდური რობოტების მხოლოდ ოთხი ტიპი არსებობს. შემდეგი ოთხი წრედი, რომლებსაც მალე განვიხილავთ, ბევრად ართულებენ ყველაფერს: ზოგიერთი იმპრინტი გადღაბნილია (ნაწილობრივ ორ ან მეტ კვადრანტს ფარავს), ჩვენს ტვინს კი მოულოდნელი ცვლილებების უნარი აქვს. ასევე მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ ოთხი არქეტიპი აღებულია მოხერხებულობისთვის - და ეს ნამდვილად გამართლებულია, როგორც აჩვენებს მათი გამოჩენა ტრანსაქციულ ანალიზში, სადაც მათ არ გააჩნიათ ისტორიული კავშირი ჯაჭვთან: ლომი-ანგელოზი-ხარი-არწივი. დიაგნოსტიკური მიზნებისთვის ყოველი კვადრანტი შეგვიძლია დავყოთ უფრო ვიწრო სექტორებად.

მაგალითად, ამ ქვეყანაში (აშშ-ში) უფრო მეტად გავრცელებული ფსიქოლოგიური ტესტი, „ლირის ინტერპერსონალური ბადე“ (1957), ოთხ კვადრანტს თექვსმეტ ქვე-კვადრანტად ყოფს და საშუალებას იძლევა, რომ ყოველ ქცევის ტიპში სხვადასხვა ტონების სპექტრი მივიღოთ - ნაკლებად გამოხატულიდან ექსცესიურამდე. ლირის ბადეში ზომიერი იმპრინტები ცენტრში იმყოფება, ხოლო ექსცესიურები, ანუ ექსტრემალურები - პერიმეტრთან ახლოს, მაგრამ მისი მეშვეობით მხოლოდ იმის განსაზღვრა შეგვიძლია, თუ როგორაა იმპრინტირებული პირველი ორი წრედი (ორალურ-ბიოგადარჩენითი და ანალურ-ტერიტორიული).

33333

(ლირის ინტერპერსონალური ბადის უფრო დეტალურად სანახავად გადადით ამ ლინკზე)

იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ ამაში, წარმოიდგინეთ, რომ ოთხი ახალშობილი ზუსტად ერთ მომენტში და ერთ სამშობიაროში დაიბადა. ოცი წლის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ყოველი მათგანი წარმოადგენს ცალკეულ და სხვებისგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებას (ამ გამოცანის ახსნა ასტროლოგებს დავუტოვოთ). სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ზუსტად ოთხ ზემოთდასახელებულ კვადრანტში განაწილდნენ.

1. სუბიექტი № 1 - პასუხისმგებლიანი/ზეჩვეულებრივი (სანგვინიკი). მას ყველა პატივცემულ საზოგადოებრივ ლიდერად თვლის - სასარგებლოდ, ყურადღებიანად, მეგობრულად და თავდაჯერებულად. ზოგიერთი იმასაც კი იტყვის, რომ ის ადამიანებს თავისი სიკეთით აფუჭებს, მეტისმეტად ბევრს პატიობს, ყველას ეთანხმება. მას უყვარს იმათი მართვა, ვისაც საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია. ეს კეთილშობილი ლომია. ამ ადამიანს შეუძლია იყოს (და ალბათ არის კიდეც) აბსოლუტური რობოტი. ეს ნიშნავს, რომ თუკი მას არ შეუძლია გასცეს მკაცრი ბრძანებები, არ შეუძლია დაეჭვდეს სხვებში, არ შეუძლია გამოავლინოს ეგოცენტრულობა და ა.შ. - ეს ნიშნავს, რომ მან მექანიკურად მოახდინა პირველი კვადრანტის, „მეგობრული ძალის“ იმპრინტირება. მეორე მხრივ, თუკი შესაბამის სიტუაციებში მას შეუძლია გავიდეს პირველი კვადრანტის ფარგლებიდან (მაგალითად, გამოავლინოს აგრესია მარადიორის ან აგრესორის მიმართ), მას გააჩნია იმპრინტირებულ-განპირობებული მიდრეკილება „მე კარგად ვარ, შენ კარგად ხარ“-მოდელისკენ, მაგრამ ბოლომდე არაა მისით რობოტიზებული.

2. სუბიექტი № 2, იგივე ოცწლიანი იმპრინტირების და განპირობების შედეგად დაეშვა მეორე კვადრანტში - მეგობრულ სისუსტეში (ფლეგმატიკი). ის თვითკრიტიკულია, მორცხვია, ადვილად ხვდება სხვისი გავლენის ქვეშ, „უფხოა“ და ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე აიღებს და ბრძანებებს გასცემს. ესაა არამიწიერი ანგელოზი, ან თანამედროვე სიმბოლიზმის ენაზე, ყვავილების შვილი. კვლავაც, ეს იმპრინტირება-განპირობება შეიძლება იყოს სრულიად რობოტული ან საკმაოდ მოქნილი, და მაშინ ადამიანს რჩება შესაძლებლობა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სხვა კვადრანტში გადახტეს.

3. სუბიექტი № 3, რომელიც სრულიად რობოტის მსგავსია ან მცირე მოქნილობა გააჩნია, განლაგდა მესამე კვადრანტში, „მტრული სისუსტე“ (მელანქოლიკი). მას არავისი არ სჯერა, ყველაფრის წინააღმდეგია, მუდმივად სარკასტულია, მუდამ წუწუნებს და მთლიანობაში უხეში, შურისმაძიებელია და (გარკვეული დონით) პარანოიდალური ტიპია. ესაა მოქუფრული ხარი.

4. სუბიექტი № 4, მეოთხე კვადრანტში განლაგდა, „მტრული ძალა“ (ქოლერიკი), და არის „მმართველი“, ცივი, უგრძნობი, ავტორიტარული, საკუთარ თავზე შეყვარებული, ტრაბახა და ა.შ., თუმცა უმეტესობა მას მაინც „კარგ ლიდერად“ თვლის. ეს სამეფო არწივია.

ადამიანური ცხოვრების ირონია და ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი ადამიანი არ ეჭვობს იმაზე, რომ რობოტია. ამ ოთხიდან ყოველი დიდი დარწმუნებულობით აგიხსნით, რომ მისი ყოველი რობოტული და უსასრულოდ განმეორებადი რეფლექსი გამოწვეულია გარშემო არსებული გარემოებებით, ანუ სხვა ადამიანების „ცუდი“ ქცევით.

რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

ამრიგად, თუკი ამ ოთხ პრიმატს უკაცრიელ კუნძულზე დაასახლებთ, შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ დაახლოებით იმ ალბათობით, რომლითაც ქიმიკოსი აკეთებს პროგნოზს ოთხი ელემენტის შეერთებისგან მიღებულ შედეგზე, რომ სუბიექტი №1 და სუბიექტი №4 (მეგობრული ძალა და მტრული ძალა) ეცდებიან მოიპოვონ ძალაუფლება - №1 იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს, №4 კი იმისთვის, რომ მესაჭედ სხვა ვერ წარმოუდგენია. №1 დაუთმობს №4-ს, რადგან სურს, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდეს სხვების ინტერესებში, ეს კი შეუძლებელია, თუ №4 ყველაზე ზემოთ არ აღმოჩნდება. №2-ს, მეგობრულ სისუსტეს არ აინტერესებს ვინ იქნება ძალაუფლების სათავეში - №1 თუ №4, ოღონდ კი ვინმე სხვამ მიიღოს გადაწყვეტილებები. ხოლო №3, ასევე მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ძალაუფლების სათავეში, იწუწუნებს (და იწუწუნებს, და იწუწუნებს), და ამავე დროს გაექცევა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც პირად პასუხისმგებლობას მოითხოვს.

იგივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებდა შიმპანზეების ან ძაღლების ოთხეულიც, მათი იმპრინტული კვადრანტები ჩვენს ჰიპოთეთურ მაგალითს რომ შეესაბამებოდეს.

სოციობიოლოგები, რომლებიც შესანიშნავად იცნობენ ადამიანთა და ცხოველთა საზოგადოებებში არსებულ ამ ოთხ კვადრანტს, ამტკიცებენ, რომ ყოველი ორგანიზმი იბადება გენეტიკური წინასწარგანწყობით ერთ-ერთი ამ როლისადმი. სოციობიოლოგიის კრიტიკოსები (ისინი კი როგორც წესი დოგმატური ლიბერალები არიან), ამ იდეას საშინელებად აღიქვამენ. ჩვენ არ ვეცდებით ამ რთული საკითხის აქ გადაწყვეტას, რადგან ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ განვსაზღვროთ, ქცევის რომელი ასპექტებია გენეტიკურად განპირობებული და რომელი - დაბადების შემდეგ მოპოვებული, ყოველთვის დაიყვანება იდეოლოგიურ მეტაფიზიკამდე, უმეტეს შემთხვევაში რეალური მონაცემების არარსებობის გამო. ჩვენ უბრალოდ ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, ვიბადებით თუ არა განსაზღვრული კვადრანტისადმი წინასწარგანწყობით, ყველა ორგანიზმი ყველა შემთხვევაში იბადება იმპრინტული მოწყვლადობისადმი წინასწარგანწყობით, ხოლო იმპრინტი, მას შემდეგ, რაც ნეირო-სისტემაში ჩაერთვება, ისევე ავტომატურად მოქმედებს, როგორც ნებისმიერი გენეტიკურად მკაცრად მოცემული პროგრამა.

იმას, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ იმპრინტები, მოგვიანებით განვიხილავთ. სავარჯიშოები, რომლებსაც ყოველი თავის ბოლოს ასრულებთ, უკვე ცოტათი მაინც ასუსტებენ თქვენს იმპრინტებს და უფრო მოქნილს ხდიან მათ.

ლირის ბადის ზედა ორი კვადრანტი - მეგობრული ძალა და მტრული ძალა - მიახლოებით შეესაბამებიან იმას, რასაც ნიცშე ბატონების, ერთგვარი მართველი კლასების მორალს უწოდებდა. მართლაც, მტრული ძალა - ესაა ნიცშეს „ქერა ბესტიას“ (გერმ: die Blonde Bestie, რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან: blondus - ყვითელი, bestia - მხეცი), მეკობრე-დამპყრობელის პრიმიტიული ტიპის გამივლინება, რომელსაც ნებისმიერი ცივილიზაციის განთიადისას ვხვდებით. ნიცშემ ამ ძალას ასევე ძალაუფლების „ცხოველური“, ანუ „არასუბლიმირებული“ ფორმა უწოდა.

(მეგობრული ძალა, მეორე მხრივ, ძალზე მცირედ თუ შეესაბამება ნიცშესეულ „ძალაუფლების არასუბლიმირებულ ნებას“. ამაში მოგვიანებით დავრწმუნდებით, როცა მეხუთე (ნეიროსომატურ) წრედზე - ცნობიერი ევოლუციის ეტაპზე გადავალთ).

ორი ქვედა კვადრანტი - მეგობრული სისუსტე და მტრული სისუსტე - შეესაბამება მონების მორალის ნიცშესეულ გაგებას, ანუ მათი, ვინც მიეკუთვნება „დაბალ“ კასტას ან „დაბალ“ კლასს. “წყენის გულში ჩადების“ ნიცშესეული კონცეფცია - შურისძიების ფარული მოტივი „ალტრუისტულ ფილოსოფიებში“ - მტრულობის ელემენტს მეგობრული სისუსტის კვადრანტსაც კი ანიჭებს, ანუ საყოველთაოდ გავრცელებულ „ქრისტიანულ ეთიკას“, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენს „მორჩილი და სათნო იესო“. ეს პარადოქსი (მეგობრული სუსტის სახის მიღმა მტრული სუსტი იმალება. ყვავილების შვილი წარმოადგენს პოტენციურ რობოტ-მკვლელს მენსონის დაჯგუფებიდან) მეორედ დაიბადა თანამედროვე კლინიკურ ტერმონოლოგიაში „პასიური აგრესიის“ კონცეფციის სახით. ოკულტისტები თავის უცნაურ ჟარგონზე მსგავს ტიპებს „ფსიქიკურ ვამპირებს“ უწოდებენ.

აი, რატომ ამტკიცებდა ნიცშე, რომ წმინდა პავლემ ევანგელე (იესოს სასიხარულო ამბავი) გაანადგურა და იგი დისანგელეთი (ცუდი ამბით) შეცვალა. ნიცშეს წარმოდგენაში იესოს ევანგელე ძალაუფლებისადმი სუბლიმირებული ნება გახდლათ, ზეადამიანისადმი ცნობიერი ევოლუციის გზით. წმინდა პავლეს დისანგელე კი მონების ტრადიციულ მორალს წარმოადგენდა - „მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ბატონებს“, მაგრამ მოუფრთხილდით თქვენს შურისმაძიებელ ბუნებას იმის ღრმა რწმენით, რომ თქვენ „კარგები“ ხართ, ისინი კი „ცუდები“, და ბოლოს და ბოლოს თქვენ დატკბებით, როცა დაინახავთ, როგორ იწვიან ისინი ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში. ნიცშეს აზრით, რაც ამას მარქსმა მიუმატა, მდგომარეობს მმართველი კლასის აქ და ახლა დაწვასა და დასჯაში (იმის ნაცვლად, რომ ელოდონ, როდის მიხედავს ღმერთი მათ სიკვდილის შემდეგ).

იგივე იდეაა ჩადებული ე.ე. კამინგსის დაუვიწყარ სიტყვებში 1930-იანების კომუნისტური ინტელიგენციის შესახებ: ყოველი „ამხანაგი“ - ესაა კონცენტრირებული სიძულვილის გროვა.

საინტერესოა, რომ ნიცშემ თანდათანობით უარი თქვა თავის წიგნებში „ფსიქოლოგიურ“ ენაზე და „ფიზიოლოგიურით“ ჩაანაცვლა იგი. მის გვიანდელ შრომებში, როგორებიცაა, მაგალითად „ანტიქრისტე“ – „შურისმაძიებლობა“ „მონურ მორალში“ (საყოველთაოდ გავრცელებულ ქრისტიანობაში) განიხილება, როგორც ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც დამახასიათებელია გარკვეული ფიზიკური ტიპებისთვის. ნიცშე სწორ გზაზე იყო, თუმცაღა ნეიროლოგიის არარსებობის გამო ის ამ პროცესების ფიზიკურ საფუძვლებს მხოლოდ გენეტიკაში ეძებდა.

იმპრინტული თეორია კი პირიქით, ამტკიცებს, რომ მორჩილების მსგავსი ფიზიოლოგიური რეფლექსები წარმოიშობა სპეციფიური „ტრიგერებით“ (გამშვები მექანიზმებით) იმპრინტული მოწყვლადობის ადრეულ მომენტებში. მიუხედავად ამისა, ისინი მთელ ორგანიზმზე ვრცელდებიან, და შესაბამისად ფიზიოლოგიურს წარმოადგენენ. ნებისმიერმა პროფესიონალმა მსახიობმა იცის ეს, ამიტომ მისი სხეული ფიზიკურად იზრდება, თუ ის ძლიერ პერსონაჟს თამაშობს, და პატარავდება, როცა სუსტს თამაშობს. მაგალითად, როდ სტაიგერი ხან მაღალი ჩანს ხან დაბალი, მისი შესრულებული როლების შესაბამისად.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ეს კატეგორია მიღებულია კომფორტულობისთვის, და ბუნებაში არ არსებობს ისეთი მკვეთრი საზღვრები, როგორსაც მათი მოდელირებისას ვიყენებთ. ლირის 1957 წლის სქემაზე ჩვენ ვხედავთ ოთხი ტიპის შემდგომ დაყოფას თექვსმეტად, რომელთაგანაც ყოველსი თავის მხრივ ოთხი დონე გააჩნია - სულ 64 ქვეტიპი.

შემდეგ განყოფილებაში, გამარტივების მიზნით, ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით მხოლოდ პირველი ორი წრედის ურთიერთქმედების განხილვას.

ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის ქცევას ხსნის, საკმარისად მოქნილი უნდა იყოს მისი უსასრულო გაფართოებისთვის, და ამავდროულად უნდა შეინარჩუნოს აზრი მის ღრმა საფუძვლებამდე რედუცირების დროს.

რადგანაც ყველას გვაქვს ტერიტორიულ-ემოციური წრედი, შესაბამისად გვჭირდება, რომ ყოველდღიურად ვავარჯიშოთ იგი. კარგი ვარჯიში - ესაა ბავშვებთან თამაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდ ჯგუფებთან თამაშობთ, მაშინ მოგიწევთ, რომ მათი ცხოველური ტერიტორიული კამათები მოაგვაროთ. ცურვა, სირბილი ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტოვობა კარგია კუნთების ტონუსის შენარჩუნებისთვის. „სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობების „ამოცნობა“ - ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა ამ წრედისთვის და ზოგადადაც ძალზე სასარგებლოა. იგი ააქტიურებს უძველეს ცხოველურ ცენტრებს თალამუსში, სადაც სხეულის ენა ემოციურ სიგნალებს უკავშირდება.

კარგი გენერალი ამ წრედს მოწინააღმდეგე ბანაკის გენერლის გეგმების „ამოსაცნობად“ იყენებს. კარგი დედა მისი მეშვეობით თავისი ჩვილის ტირილის მნიშვნელობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კარგად იცნობს.

ამ წრედის ღრმად დამუშავებისთვის, პირად ურთიერთობებში გარკვეული რისკების გათვალისწინებით შემიძლია შემოგთავაზოთ ისეთი თამაშები, როგორებიცაა ვინმეს „დაბულინგება“, თუკი ეს აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ, დაქვემდებარების და მორჩილების გამოვლენა, თუკი ეს აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ, და საკუთარი აგრესიის სათანადო სახით გამოვლენის უნარის გამომუშავება, და ამ აგრესიისგან განთავისუფლება, როცა იგი საჭირო აღარაა.

მკითხველმა ალბათ შეამჩნია, რომ ყოველი „მკაფიოდ გამოხატული“ ტიპი ლირის ბადეზე წარმოადგენს წრის ოთხი სექტორიდან ერთ-ერთს:

anal 10

1. მეგობრული ძალა;
2. მტრული ძალა;
3. მეგობრული სისუსტე;
4. მტრული სისუსტე.

რა თქმა უნდა, იდეალურად „გაწონასწორებული“ - ანუ არარობოტიზებული და გაჩენილ გარემოებებთან ადაპტირებადი პიროვნება არ უნდა იყოს ასეთი ცალმხრივი. ასეთ ადამიანს შეეძლება, რომ ადვილად შევიდეს ნებისმიერ კვადრანტში „გარემოებებისა და წელიწადის დროების შესაბამისად“, როგორც ჩინელები ამბობენ, მაგრამ ძირითადად ცენტრალურ მდგომარეობას დაიკავებს. ეს შეგვიძლია წრის სახით გამოვსახოთ:

anal 8

მუქი შინაგანი წრე წარმოადგენს პიროვნების რობოტული იმპრინტებისგან იდეალურად თავისუფალ ურღრვევ ინდივიდუალობას. ღია წრე წარმოადგენს ყოველ კვადრანტში გადანაცვლების უნარს, როცა ეს აუცილებელია.

ასეთი წრეები, რომლებსაც მანდალები ეწოდება, ფართოდ გამოიყენება ბუდიზმში მედიტაციისთვის. ხშირად მათზე გამოსახულია ოთხი დემონი, რომლებიც ისევე, როგორც დასავლური ლომი, ხარი, ანგელოზი და არწივი, განასახიერებენ უკიდურესობებს, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ.

anal 9

სავარჯიშოები

1. ყოველთვის, როცა ახალგაზრდა მამაკაცს (ქალს) შეხვდებით, ცნობიერად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „საქმე რომ ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდეს, შევძლებ მის დამარცხებას?“ შემდეგ ეცადეთ განსაზღვროთ, რამდენადაა თქვენი ქცევა დაფუძნებული ამ საკითხის არაცნობიერ გარკვევაზე სხეულის არავერბალურ მოძრაობათა ენის მეშვეობით.

2. კარგად გამოთვერით, ააყირავეთ მაგიდა და ხმამაღლა განუცხადეთ იქ მყოფებს, რა ჩლუნგი ტრაკები (assholes) არიან. (ოპიატები და ალკოჰოლის მცირე დოზები, როგორც ჩანს, იმ ნეირო-გადამცემებს რთავენ, რომლებიც დამახასიათებელია პირველი წრედისთვის (სიმშვიდე ძუძუთი დანაყრების შემდეგ). ალკოჰოლის დიდი დოზები კი ხშირად იმ ნეიროგადამცემებს რთავენ, რომლებიც ტერიტორიული ბრძოლისთვისაა დამახასიათებელი. დააკვირდით, როგორ მდიდრდება მტრულად განწყობილი ალკოჰოლიკების ანალური ლექსიკონი დოზის გაზრდასთან ერთად.

3. იპოვეთ მედიტაციის წიგნი, აპრაქტიკეთ იგი ერთი თვის განმავლობაში დღეში თხუთმეტი წუთით (დღეში ორჯერ), შემდეგ შეხვდით მათ, ვინც ყოველთვის ახერხებს თქვენს წყობილებიდან გამოყვანას, ან გაიძულებთ, რომ თავი დაიცვათ. დააკვირდით, შეძლებენ თუ არა ისინი, რომ თქვენს ტერიტორიული უკან-დახევის ღილაკზე დააჭირონ.

4. გაატარეთ შაბათ-კვირა გაცნობის კლუბში. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ ინტუიტიურად განსაზღვროთ, რომელ კვადრანტს ეკუთვნის ჯგუფის ყოველი წევრი. ბოლოს განსაზღვრეთ, შეძლო თუ არა რომელიმე მათგანმა, რომ ნაკლებად რობოტიზებული გამხდარიყო. განსაზღვრეთ, შეძელით თუ არა თავად, რომ ნაკლებად რობოტიზებული გამხდარიყავით.

5. მოინახულეთ ზოოპარკი, კერძოდ, ლომების პავილიონი. შეისწავლეთ ლომები მანამ, სანამ მათი რეალობის გვირაბში არ გაერკვევით.

6. უყურეთ ისეთ კომედიური ჟანრის ფილმს, რომელიც პატარა ბავშვებთ მოწონთ. ყურადღებით უყურეთ და გაიაზრეთ, რა ფუნქციას ასრულებს ეს იუმორი; ამასთანავე გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ გემრიელად იცინოთ.

7. გაატარეთ მთელი კვირა დღე ტელევიზორთან და უყურეთ პროგრამებს ცხოველების შესახებ. მეორე დღეს, როცა ოფისში მიხვალთ, ყურადღებით, როგორც მეცნიერი-ზოოლოგი, დააკვირდით პრიმატების ტომის იერარქიას.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff