კალცინირებული სოდა (Na2CO3) - ეს არის ეფექტური და ეკონომიური სარეცხი საშუალება. ის საჭმელ სოდაზე გაცილებით ძლიერია. მისი გამოყენებით ეკონომიასაც გასწევთ და აღარ მოგიწევთ საყოფაცხოვრებო ქიმიაზე ფულის ხარჯვა და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით.
იგი იდეალურად ასუფთავებს კერამიკულ და ფაიფურის ჭურჭელს, მეტლახს, სანტექნიკას, იატაკს. აგრეთვე, სიქათქათეს უბრუნებს გაყვითლებულ ქსოვილებს. რაც ყველაზე მთავარია, იაფი ღირს. მას ჩვენი ბებიები იყენებდნენ და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ძვირად ღირებული სარეცხის ფხვნილი კალცინირებულ სოდაზეა დამზადებული.
თეთრეულის გასარეცხად
სარეცხ მანქანაში მის ჩაყრამდე გახსოვდეთ, რომ იგი მხოლოდ ნატურალური ქსოვილების გასარეცხად გამოიყენება. აბერეშუმისა და შალის გარეცხვა მისით აკრძალულია. თავდაცვის მიზნით, კალცინირებული სოდა ცნობისმოყვარე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე უნდა შეინახოთ.
კალცინირებული სოდით რეცხვასაც თავისი წესი აქვს: თეთრეულის 5 კილოზე 1 სადილის კოვზი კალცინირებული სოდა დაგჭირდებათ. იგი ჩვეულებრივად უნდა ჩაყაროთ, ფხვილისთვის განკუთვნილ, სარეცხის მანქანის უჯრაში.
იგი წყლის დასარბილებლადაც გამოგადგებათ. ამიტომ 2-3 ს/კ შეგიძლიათ სარეცხის მანქანის ბარაბანშიც ჩაყაროთ.
საბავშვო ნივთების გასარეცხად
იდეალურია საბავშვო ნივთების გასარეცხად. გახეხეთ 50 გრამი საბავშვო საპონი დაუმატეთ 45 გრამი კალცინირებული სოდა და 1 ლიტრი წყალი. საპონი და სოდა ცხელ წყალში უნდა გახსნათ და დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით, ჟელესმაგვარ მასამდე მიიყვანოთ. როცა მასა გაცივდება, რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი დაუმატეთ. მასა კიდევ უფრო გამკვრივდება. გახსოვდეთ, რომ 5 კილო თეთრეულის რეცხვისას 2 ს/კ გელი უნდა გამოიყენოთ და ის პირდაპირ სარეცხი მანქნის ბარაბანში უნდა მოათავსოთ.
კალცინირებული სოდის გამოყენებით იდეალურ სისუფთავეს დაუბრუნებთ ნივთებს და აღარც საყოფაცხოვრებო ქიმიით მოიწამლებით.
<div></div>