"გივი ვინ არის?" - კითხულობს მეორე და იმასაც ვერ ხვდება, რა ბედნიერია, რომ არ იცის, ვინ არის გივი სიხარულიძე.
4 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში მაყურებელმა ახალი გადაცემა - ”ქალური ლოგიკა” იხილა. კარგა ხანს ვფიქრობდი, რისი თქმა სურდა ამ გადაცემით შემოქმედებით ჯგუფს, ან რატომ ფიქრობდნენ, რომ ვინმეს დააინტერესებდა - იცოდა თუ არა მოდელმა გოგონამ, ვინ იყო გივი სიხარულიძე ან მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო, თუ დედამიწა - მთვარის.
გოგონები, სავარაუდოდ, ისე მიიყვანეს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა შარში ჰყოფდნენ თავს და რას უმზადებდათ ”იმედის” მორიგი ”სკანდალური” შოუ. სკანდალი ერთია და დაცინვა მეორე.
გადაცემა გრძელფეხება გოგონას მიჰყავს, რომლის ფუნქცია, ძირითადად, სტუდიაში მყოფი მამაკაცების დამშვიდება და მათთან ერთად უიღბლო რესპონდენტების დაცინვაა. ძლიერი სქესი სამ გუნდად არის წარმოდგენილი.
თითო გუნდში ერთი ცნობილი მამაკაცი და მისი უცნობი მეგობარია. მამაკაცები ცდილობენ დაამტკიცონ საკუთარი სქესის სიძლიერე და გამოიცნონ, ეცოდინებათ თუ არა სტუდიაში დასმული სულელური კითხვების პასუხები ამ გაუგებრობაში აღმოჩენილ გოგონებს.
გოგონები, ძირითადად, მოდელის პარამეტრების არიან. ორ-ორად პატარა დივანზე მოკალათებულან, შამპანურს წრუპავენ და ცდილობენ, ისეთ სულელურ კითხვას უპასუხონ, იდგნენ თუ არა ერთად გივი სიხარულიძე და ენდი გარსია თავისუფლების მოედანზე. "გივი ვინ არის?" - კითხულობს მეორე და იმასაც ვერ ხვდება, რა ბედნიერია, რომ არ იცის, ვინ არის გივი სიხარულიძე.
რესპონდენტები კითხვების ძირითად ნაწილს ვერ პასუხობენ და ხშირად ძალიან სასაცილოდაც მსჯელობენ. ამაზე სტუდიაში მყოფი მამაკაცები იცინიან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საკუთარ უპირატესობას.
თუმცა უმეტესობას სახეზე ეტყობა, რომ თავადაც არ აქვს ბევრ კითხვაზე პასუხი. ისე ვუყურე ორ გადაცემას, რომ ვერ გავიგე, რა შუაში იყო აქ ლოგიკა და თანაც, ქალური.
ეს აბსურდული და უაზრო გადაცემა ეთერში გასვლის დღიდან მოექცა მაყურებლის ყურადღების ცენტრში. ერთმა ნაწილმა სტუმარი მამაკაცების მსგავსად იხალისა, მეორემ კი გააპროტესტა.
გუშინ გადაცემა ”ქალური ლოგიკის” დახურვის მოთხოვნით ”იმედის” წინ აქცია გაიმართა.
მანამდე ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და ტელეკომპანიაში პეტიცია შეიტანეს. დახურავს თუ არა არხი გადაცემას, ამას ალბათ კვირის ბოლოს გავიგებთ. ამ ეტაპზე ტელევიზიას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და სამწუხაროდ, ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაც ყურადღების მიღმა დატოვეს.
ნინო კანდელაკი