ცრემლები მუდმივად გამომუშავდება მცირე ჯირკვლების მეშვეობით, რომლებიც თვალის ზედა, გარეთა კუთხეშია განლაგებული. ადამიანი თვალს წუთში 10-15-ჯერ ახამხამებს.
თვალის კაკალი აპკითაა დაფარული, რომელიც მას მტვრის, ინფექციების, ძლიერი ქარისა და ცივი ჰაერისაგან იცავს. დღეში - 4000 წვეთი, მთელი ცხოვრების განმავლობაში კი დაახლოებით 70 ლიტრი სითხე გამოიყოფა ცრემლის სახით.
თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების დროს რეფლექტორული ცრემლდენა ძლიერდება. სულ სხვა საქმეა ემოციური ცრემლი. შემადგენლობის თვალსაზრისით არის თუ არა რაიმე განსხვავება ემოციურ და რეფლექტორულ ცრემლებს შორის? ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდა მინეაპოლისელი (აშშ) მეცნიერი, ბიოქიმიკოსი უილიამ ფრეი.
ფრეიმ და მისმა კოლეგამ ცრემლების კვლევას თავიანთი ცხოვრების 20 წელი მიუძღვნეს. რეფლექტორული ცრემლების გამოკვლევა რთული საქმე არ იყო - საკმარისი იყო მოხალისეებს ხახვი დაეჭრათ; მაგრამ ემოციური ცრემლების "გამოწურვა" ძალიან ძნელი აღმოჩნდა.
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ემოციურ ცრემლებში 20 პროცენტით მეტი ცილაა, ვიდრე რეფლექტორულში; მეორეც, ისინი შეიცავს ენდორფინებს, მორფინის მსგავს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას. ამიტომ ცრემლები ფიზიკურ ტანჯვას ამსუბუქებს.
მათში არის ანტიბაქტერიული ფერმენტი - ლიზოციმი. ცრემლის კიდევ ერთი შემადგენელია პროლაქტინი - ჰორმონი, რომელიც სარძევე და საცრემლე ჯირკვლების მოქმედებას სტიმულს აძლევს და კარგ ფსიქიკურ გუნება-განწყობას უზრუნველყოფს. ფრეის გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ ცრემლები ორგანიზმის დამცავი რეაქციაა სტრესსა და ტკივილზე.
ცრემლების მეორე მკვლევარი, ფსიქოლოგი არტურ ჯეინოვი წერს: "ტირილი არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ დაავადებებსაც კურნავს. თავს ვუკრძალავთ, თავისუფლება მივცეთ ემოციებს, ვყლაპავთ ცრემლებს. ამის გამო შემდეგში ნევროზსა და დეპრესიას ვიმკით. მოკლედ, რაც მეტი ცრემლია, მით მეტი სიმსუბუქეა".
"თუ პაციენტს ცრემლები სდის, ე.ი. კრიზისი დაძლეულია და რაღაც მომენტში კათარზისი დადგა. ხშირად ნაღველს ვერაფრით მოერევი, თუ არა ცრემლებით", - ამბობენ ფსიქოთერაპევტები.
ავსტრიელმა ფსიქოთერაპევტმა ჯეფრი კოტლერმა ცრემლებს მიუძღვნა წიგნი "ცრემლების ენა". კოტლერი ცრემლებს ურთიერთობის უნივერსალურ საშუალებებს უწოდებს, რომელიც არავერბალურ დონეზე ემოციების გულწრფელად გამოხატვის შესაძლებლობებს იძლევა. ბოლოს იმასაც დასძენს, რომ ცრემლები ადამიანების მანიპულაციის ძლიერი საშუალებაა.
სოციოლოგიური გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ქალთა დაახლოებით ნახევარი ხშირად მიმართავს ცრემლებს, როგორც ბოლო არგუმენტს კამათში. მთავარია, ცრემლები ემოციურად დამაჯერებელი იყოს. თუ ორი მოკამათიდან უცებ ერთი ატირდება, გარშემო მყოფთა უმეტესობა სწორედ მას დაუჭერს მხარს, მისი თვალსაზრისის მიუხედავად.
სტატისტიკის მიხედვით, ქალები 5-ჯერ უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე მამაკაცები. რატომ სდით ქალებს უფრო მეტად ცრემლი? სქესობრივ მომწიფებამდე ჰორმონი პროლაქტინის რაოდენობა, რომელიც სარძევე და საცრემლე ჯირკვლების მოქმედებაზეა პასუხისმგებელი, ბიჭებსა და გოგონებს თანაბარი აქვთ. ამიტომ ისინი ხშირად და თავშეუკავებლად ღრიალებენ. ხოლო ასაკოვან ქალებს მისი დონე 60%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
ამიტომ ქალები უფრო ხშირად ტირიან. ქალის ცრემლები მამაკაცის ცრემლებთან შედარებით ნახევარი გრადუსით თბილია, მსუბუქად და დაუბრკოლებლად მოედინება და თოვლის წყალივით გამჭვირვალეა. მათი წყალობით ქალები, მამაკაცებისაგან განსხვავებით, უფრო ადვილად იტანენ ცხოვრებისეულ უბედურებას და უფრო დღეგრძელებიც არიან.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)