ფრიდა კალომ მოახერხა, გადაბმული წარბები და საულვაშეზე წამოზრდილი თმა ეგზოტიკურ სილამაზედ ექცია; ერთდროულად ყოფილიყო სუსტი და ძლიერი, ამბიციური და თავმდაბალი. ადრეული ბავშვობიდან გართულებული პოლიომიელიტი ტანჯავდა, რომელმაც კიდურების სიმახინჯე დაუტოვა.
,,მე არასოდეს ვხატავ სიზმრებს ან კოშმარებს. მე ვხატავ საკუთარ რეალობას’’ - ამბობდა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი.
ფრიდა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა კადრებში მხოლოდ ნათელი მხარე ჩანდა, ფიზიკური და სულიერი ტკივილი კი კადრს მიღმა რჩებოდა.
18 წლის იყო, როცა ავტობუსით მგზავრობისას საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა, რის გამოც დასახიჩრებული ფეხები დარჩა და დაზიანებული საშვილოსნო მთელი ცხოვრება უშვილოდ ყოფნას უქადდა.
მის ადგილას ბევრი ბედს შეეგუებოდა, მაგრამ ფრიდა ამისთვის არ იყო დაბადებული. ის ინვალიდის სავარძლით ცდილობდა, ვალსი ეცეკვა და ფეხზე დადებულ თაბაშირს ლამაზი პეპლებით ხატავდა.
შემდეგ ფრიდას ცხოვრებაში ცნობილი მექალთანე მხატვარი დიეგო რივერა გამოჩნდა, რომელსაც ფრიდა თავისი ცხოვრების მეორე კატასტროფას უწოდებდა. რივერამ, მართალია, ფრიდა ცოლად მოიყვანა, მაგრამ ცოლს გამუდმებით ღალატობდა, რაც ფრიდას ფიზიკურ ტკივილებს სულიერსაც ამატებდა.
ფრიდა კალო დიეგო რივერას წერდა:
„მე არ გთხოვ, მაკოცო და ბოდიში მომიხადო მაშინ, როცა ვთვლი, რომ მართალი არ ხარ. არ გთხოვ, ჩამეხუტო, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება. არ გთხოვ, მითხრა, როგორი ლამაზი ვარ, თუნდაც ეს სიცრუე იყოს. ნუ მომწერ ნურაფერ სასიამოვნოს. იმასაც არ გთხოვ, დამირეკო, რათა მომიყვე, როგორ ჩაიარა შენმა დღემ და მითხრა, რომ გენატრებოდი. არ გთხოვ, გადამიხადო მადლობა ყველაფრისთვის, რასაც შენთვის ვაკეთებ. არც ჩემზე მზრუნველობას გთხოვ, როდესაც სულიერად დავეცემი და რა თქმა უნდა, არ გთხოვ მხარი დაუჭირო ჩემს გადაწყვეტილებებს. არ გთხოვ, მომისმინო მაშინაც კი, როდესაც ათასობით ისტორია მექნება შენთვის მოსაყოლი. მე არაფრის გაკეთებას არ გთხოვ, სამუდამოდ ჩემ გვერდით ყოფნასაც კი, იმიტომ, რომ თხოვნით გაკეთებული აღარ მჭირდება”.
რივერასთან ცხოვრება ფრიდასთვის საშინელება იყო, თუმცა ვერც უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. მათ ურთიერთობას სამი მკვდრადშობილი შვილიც ემატებოდა. ფრიდას სულიერი ტკივილები ტილოზე გადაჰქონდა, თუმცა ხალხში ნათელი და ხალისიანი ჩნდებოდა. ჯანმრთელობა უარესდებოდა, მაგრამ სიცოცხლისადმი სურვილს თმაში ჩაწნული ყვავილებით გამოხატავდა.
„შევეცადე, ჩემი დარდები როგორმე დამეხრჩო, მაგრამ ამ ნაძირლებმა ცურვა ისწავლეს“, - წერდა მხატვარი დღიურში, რომელსაც 1944 წლიდან სიკვდილამდე აწარმოებდა.
თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით, დიეგო რივერა ცოლს გამუდმებით ტანჯავდა. მისი საყვარელი გამოთქმა იყო - რაც უფრო მეტად მიყვარს ქალი, მით უფრო მეტად მინდა, რომ ტკივილი მივაყენო.
სწორედ ამ დროს ფრიდას ცხოვრებაში კატალონიელი მხატვარი და პოლიტიკური დევნილი ხოზე ბარტოლი გამოჩნდა, რომელიც ესპანეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომს ამერიკაში გაექცა და რომელიც გახდა მამაკაცი, რომელთანაც ფრიდამ ბედნიერება იგრძნო.
„მხიარულად ველი წასვლას და იმედი მაქვს, აღარასოდეს დავბრუნდები“, - ეს უკანასკნელი ჩანაწერია მხატვრის დღიურში, რომელიც, სავარაუდოდ, ხოსეს გამოჩენის შემდეგ ჩაწერა.