ცრუმორწმუნეებისთვის შავი კატა ცუდი იღბლის სიმბოლოა. ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ თუ შავი კატა მათ გზას გადაკვეთს, ეს უბედურებასა და სიკვდილს მოუტანს.
კატების შიში პრეისტორიული ხანიდან მომდინარეობს
ისტორიის ადრეულ დღეებში კატები მსხვილი, ხორცისმჭამელი არსებები იყვნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს ხშირად უწევდათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაეღწიათ თავი ამ მტაცებელი ცხოველებისგან. კატები ძაღლების მოშინაურებიდან, სულ მცირე, 5000 წლის შემდეგ მოაშინაურეს.
ბერძნული მითოლოგია
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შავი კატების ცუდი რეპუტაცია ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ჰერამ (ზევსის ცოლმა) თავისი მსახური გალინთიასი ბრაზისგან შავ კატად გადააქცია. გალინთიასი შემდეგ მაგიისა და შელოცვების ქალღმერთს, ჰეკატეს ემსახურებოდა.
შუა საუკუნეები
შავი კატის, როგორც უბედურებისა და შავი მაგიის სიმბოლოდ აღქმა ყველაზე მეტად შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელდა. ყორნისა და ყვავის მსგავსად, უარყოფით დამოკიდებულებას აქაც მისი შავი შეფერილობა იწვევდა. სამწუხაროდ, შავი კატების მასობრივი მკვლელობები მთელ ევროპაში გავრცელდა.
ჯადოქრები და შავი კატები
შავი კატები, რომელთა მფლობელებს ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ, დაკავშირებული იყვნენ ეშმაკთან და ბოროტებასთან. ხალხი ფიქრობდა, რომ ისინი ჯადოქრებს ბოროტ საქმეებში ეხმარებოდნენ. ასევე სჯეროდათ, რომ ჯადოქრებს შავ კატებად გადაქცევა შეეძლოთ. ამიტომაც იყო, რომ ჯადოქრობაში ეჭვმიტანილ ქალებს კატებთან ერთად წვავდნენ.
მაგრამ ისტორიის მანძილზე შავი კატის ბევრი მოყვარულიც იყო! ძველეგვიპტელები შავ კატებს ღვთაებრივად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ მათში ღმერთები ცხოვრობდნენ. მე-19 საუკუნის ევროპის ზოგიერთ რაიონში შავი კატების დანახვა, ფაქტობრივად, კარგ ნიშნად ითვლებოდა. ირლანდიელებს სჯეროდათ, რომ ვერანდაზე შავი კატა იღბალს მოუტანდათ, იაპონიაში კი მას პატივს სცემდნენ, როგორც კეთილდღეობის სიმბოლოს.