- დააჩქარე, - შეუსწორა მამაკაცმა. - ჩემი ექიმი სულ მეუბნებოდა, მაღალწნევიანი ხარ და შენთვის ბევრი დატვირთვა არ შეიძლებაო, ცოტა გართობასაც უნდა მიხედოო. ტენისის თამაში მირჩია, მაგრამ აბა, როდისღა? ასეთი რამეებისთვის ვერასდროს ვიცლიდი.
- სპორტი გჭირდება.
- სპორტი კი არ მჭირდება, შენ მჭირდები. შენ უფრო მნიშვნელოვან რამეებს მასწავლი და მძენ, ვიდრე სპორტი.
- საუზმის დროა. ელენს არ უყვარს, როცა აგვიანებენ. ჩადი და ოც წუთში მეც მანდ ვარ.
ტესმა არეული ოთახი ძლივს მიალაგა. უეცრად იქვე მიგდებულ დათუნიას გადააწყდა. როგორ დაავიწყდა თავისი საყვარელი დათუჩა. რაც სტეფს დაუახლოვდა, იგი ერთხელაც არ გახსენებია. ნუთუ ასე ცვლის სიყვარული ადამიანს? იგი აიძულებს, დაივიწყოს მეგობრები, საქმე, ბიზნესი - ყველაფერი, რამაც დამოუკიდებელი გახადა. სხვასთან რატომ ვერ გრძნობდა ამას? ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი? არ შეიძლება, ოქროს შუალედი მოძებნოს? დათუნია ბაქსი გულში ჩაიკრა და შესჩივლა, - მე ისიც კი არ ვიცი, რას განიცდის ის კაცი ჩემ მიმართ, ბაქს. სამაგიეროდ, მასთან კარგად ვარ. ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ და არა მოსიარულე გვამი. როცა მის გვერდით ვარ, სამყაროს უფრო ნათელ ფერებში ვხედავ. - ქალმა სათამაშო თავის ადგილზე დადო და დილის ტუალეტს შეუდგა.
სტეფანე მთელი ნახევარი საათი ელოდა მის გამოჩენას. ყოველთვის აღიზიანებდა დაგვიანება, მაგრამ წინა ღამის შემდეგ ტესს ნამდვილად ეპატიებოდა ეს. თუმცა ის უფრო აღიზიანებდა, ირგვლი მყოფნი ინტერესით და მრავლისმეტყველი ღიმილით სავსე მზერას რომ შეავლებდნენ. სასტუმროში უკვე ყველა ხვდებოდა, მათ შორის რომანი რომ გაიბა. ამის დამამტკიცებელი საბუთი კი წვეულების ღამე იყო, როცა ორივენი დაიკარგნენ და აღარ გამოჩნდნენ.
ჯერ მეიბლი დალანდა. მან ორაზროვანი მზერით შეათვალიერა და ირონიულად ჰკითხა, წუხანდელი ღამე ხომ კარგად გაატარეო. მას მოჰყვა ელენი, რომელმაც მის დანახვაზე ღიმილით გადააქნია თავი და შენიშნა, ჩვეულებრივზე მეტად დაღლილად გამოიყურებიო.
ეს უკვე მეტისმეტი იყო. ნუთუ ტესს უფლება არა აქვს, თავისი ცხოვრება როგორც მოესურვება, ისე განაგოს? რა ამათი საქმეა, ვისთან დაწვება და გაატარებს ღამეს?
როგორც იქნა, ტესიც გამოჩნდა. წამოდგა და საყვარელი ქალისთვის სკამი გამოსწია, ქალებს კი ზედაც არ შეხედა, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა არც ერთი. ტესს ყვითელი მაისური და თეთრი შორტი ეცვა, მზის სხივს დამსგავსებოდა. ქალი ბედნიერებისგან ელვარებდა.
ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ტესმა თვალი შეავლო მის განიერ მხრებს და ძლიერ მკლავებს. წამით თვალწინ გაურბინა, რამდენი სიტკბოება მოუტანა ამ მკლავებმა მთელი ღამის განმავლობაში და სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა. სასწრაფოდ მოარიდა მზერა მამაკაცს და დაჯდა.
ელენმა ორი თეფში ცხელი კერძი გამოიტანა და ორივეს წინ დაუდგა.
- ელენ, მე ამდენს ვერ შევჭამ, - თქვა ტესმა.
- უნდა შეჭამო, შენ ახლა ენერგიის აღდგენა გჭირდება, - ორაზროვნად მიუგო მზარეულმა.
ტესი გაწითლდა. როცა ელენი თვალს მიეფარა, სტეფანემ ღიმილით შენიშნა:
- ეგ რაა, ეგ ჯერ მხოლოდ ყვავილებია, მალე ეკლები მოგწვდება.
ქალმა თვალი მოავლო ირგვლივ და რამდენიმე ცნობისმოყვარე მზერა დაიჭირა.
- ო, ღმერთო, რა უბედურებაა! - აღმოხდა.
- აბა, მე რას გეუბნებოდი? - სტეფანეს სიცილი აუტყდა.
ორი კვირა გავიდა წვეულების ღამიდან. ტესი ასეთი ბედნიერი ჯერ არ ყოფილა. დღეს, როგორც იქნა, ჩანჩქერზეც ავიდნენ და ახლა უკან ბრუნდებოდნენ. სტეფანეს ნელა მიჰყავდა მანქანა. ტესი მისჩერებოდა მის ხელებს და უაზროდ იღიმოდა. ორი კვირაა, მოზარდებივით ექცევიან ერთმანეთს. ამდენი საბავშვო ბაღშიც კი არ უთამაშია. დამალობანაც კი მოსინჯეს ერთ ღამეს, დაჭერობანაც და ბოლოს «ვისი სული გსურს» ჩართეს თამაშების «მენიუში». სასტუმროს მდგმურებს ისე მოეწონათ ეს ქართული თამაში, ლამის ყოველ საღამოს იმეორებდნენ. გამოვიდოდნენ ოთხ-ოთხად, ხუთ-ხუთად, გაიყოფოდნენ შუაზე, ჩასჭიდებდნენ ხელებს ერთმანეთს და იხმობდნენ რომელიმეს სულს.
სტეფანეს ერთხელაც არ უხსენებია მათი მომავალი, სიტყვაც არ დასცდენია, რა ელოდა წყვილს წინ, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება.
ფიქრებში გართულს სტეფანემ ფეხზე დაადო ხელი.
- ეი, სად ხარ? რაზე ჩაფიქრდი?
- არც არაფერზე. უბრალოდ, ბანკის მენეჯერი უნდა მენახა დღეს და გადავაგდე. ხვალ შეიძლება არც დამელაპარაკოს გაბრაზებული.
- არა უშავს, შეგირიგდება. ფულის გულისთვის ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. როგორ ფიქრობ, სანდო კლიენტს ბანკი ხელიდან გაუშვებს?
- ჯერ არც ვიცი, რამდენად გამომივა. შეიძლება არც დამიმტკიცონ სესხი. ცოტას კი არ ვითხოვ.
- ეგ არაფერი, ყველაფერი მოგვარდება, იქამდე კი რაღაც მინდა გითხრა. ვიცი, არ იქნება მთლად სასიამოვნო ამბავი, მაგრამ უთქმელობა უარესი გამოვა.
ტესს გული შეეკუმშა. ეს ალბათ სწორედ ის მომენტია, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა - სტეფი ახლა მომავალზე ალაპარაკდება და მათ ურთიერთობას ბოლო მოეღება.
- მე შენს ყოფილ ქმარს ვიცნობდი.
ტესს თვალები გაუფართოვდა.
- ვის, მურთაზს?
- სხვა ქმარიც გყავდა? - გაღიმება სცადა სტეფანემ.
- რა თქმა უნდა, არა. საიდან იცნობდი?
- ბავშვობაში ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთმანეთის მეზობლად. ერთი სიტყვით, ძმაკაცები ვიყავით. მართალია, მე ცოტათი უფროსი ვიყავი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრობისთვის.
ქალს უსიამოვნო ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.
- მერე? - ცივად იკითხა.
- მერე დავიშალეთ. მე სხვაგან გადავსახლდი, ის დარჩა, სადაც იყო და ჩვენი გზებიც გაიყო. წლების შემდეგ ბაბუაჩემს დასჭირდა მისი დახმარება და კლინიკაში კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ოღონდ ესეც დიდი ხნის წინ იყო. როცა მითხარი, შენი ქმარი ვინც იყო, კინაღამ გავგიჟდი. ერთი ხანობა ვცადე, თავი ამერიდებინა შენთან ურთიერთობისთვის, მაგრამ არ გამომივიდა. შენი დათმობა ადვილი არ აღმოჩნდა. მაპატიე, რომ აქამდე არ გითხარი. იმედია, ეს სიახლე ჩვენს სიყვარულს ხელს არ შეუშლის.
- ჩვენს დროებით სიყვარულს, - ხაზგასმით აღნიშნა ტესმა.
- დროებითია თუ მარადიული, ამას დრო გვიჩვენებს, - არ გაშალა თემა სტეფმა, - შენ ის მითხარი, რაც მაინტერესებს.
ტესმა ღრმად ამოიოხრა.
- მურთაზთან ძალიან შორეულ წარსულში დავამთავრე ყველაფერი. მასთან აღარაფერი მაკავშირებს. ის ახლა კანადაშია, იქ ცხოვრობს, ცოლიც შეირთო და შვილებიც ჰყავს. როგორც ამბობენ, თავისი პროფესიით მუშაობს, სიმამრი დაეხმარა თურმე. ისიც ექიმია, კერძო კლინიკა აქვს და თავისთან ამუშავებს სიძესაც. ასე რომ, შეიძლება ისე დაბერდე, მას ვერასდროს შეხვდე. ჯობია, არ შეგაწუხოს სინდისის ქენჯნამ. ის ამას ალბათ ვერასდროს გაიგებს. მით უფრო, რომ მე საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხუთ წელიწადში. - ტესს მიეცა შესაძლებლობა, თავისი სათქმელი ეთქვა და გაიყურსა.
მისდა გასაოცრად, სტეფანემ სიტყვა ბანზე აუგდო.
- წავიდეთ საღამოს რესტორანში? - თითქოს არაფერი, არხეინად იკითხა მამაკაცმა.
ტესს გული ჩასწყდა. არ მოელოდა მისგან ასეთ რეაქციას. თითქოს არც აინტერესებდა, რას აპირებდა ტესი და რა გეგმები ჰქონდა სიყვარულთან დაკავშირებით.
- არა, დღეს რესტორანი არ გამოვა. ჯერ ერთი, ძალიან დავიღალე და მეორეც, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა ვნახო ბანკის მენეჯერი.
- ამ საღამოს? - გაიკვირვა სტეფანემ.
- ჰო, ამ საღამოს.
ისე გააგრძელეს გზა, მეტად აღარ უსაუბრიათ, ორივენი თავ-თავიანთ ფიქრებში ჩაიძირნენ.
არადა, ტესს ხინჯად ჰქონდა ბანკთან დაკავშირებული პრობლემები. ორი დღის წინ კრედიტზე უარი უთხრეს, მაგრამ გუშინ მენეჯერმა კვლავ დარეკა და შეატყობინა, თუ ცოტა მეტს უჩვენებდა შემოსავალს, მთლიანად საჭირო თანხას ვერა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს უეჭველად მისცემდნენ. სწორედ ეს იყო მისთვის პრობლემა. სად ეშოვა ფული, რომ ანგარიშზე დროებით მაინც დაედო და ბანკი გაეცურებინა?
უნდოდა რჩევა სტეფანესთვისაც ეკითხა, მაგრამ ყოყმანობდა. ფიქრობდა, რომ ამით თავის დაუმოკიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდა. თავის თავს გამოუტყდა იმაში, რომ მამაკაცის სიყვარული გონებას უბინდავდა. აჯობებდა, ისევ მეიბლისთვის მიემართა დახმარების სათხოვნელად. მას ჰქონდა ფული და იმედოვნებდა, რომ სესხზე უარს არ ეტყოდა.
- რაღაც ვერ გცნობ, ორ წამში შეიცვალე, - რესტორანთან მიახლოებულმა სტეფანემ მანქანა პარკირების ადგილას გააჩერა და ტესს გადახედა.
- ხვალ სააბაზანოს რემონტი მორჩება და მერე სასტუმროს გაფართოებაზე დავიწყებ ზრუნვას, - შეფიქრიანებულმა მიუგო.
- სულ ეს არის შენი შესევდიანების მიზეზი თუ ჩემშია პრობლემა?
- რა? - ტესი თითქოს გამოაფხიზლა ამ შეკითხვამ.
- ის, რომ მე შენს ნომერში ვცხოვრობ, გაფერხებს?
- ღმერთო ჩემო! რას ამბობ, სტეფ! ეგ რამ გაფიქრებინა? - შეშფოთებული მიაჩერდა მამაკაცს, ალბათ მიზეზს ეძებს, როგორ დამშორდესო. იქნებ უკვე მოჰბეზრდა მასთან ერთად?
- წამო, რამე შევჭამოთ. - ხმა გაებზარა სტეფანეს.
ამჯერად უარი ვერ უთხრა, ამაზეც შარი არ მომდოსო და უხმოდ გადავიდა მანქანიდან.
თავისუფალ მაგიდას მიუსხდნენ. ოფიციანტმა ორი მენიუ მოიტანა და წყვილს წინ დაუდო. ორივემ ერთდროულად გადაშალა მუყაოსყდიანი გრძელი წიგნაკი.
პაუზა გაიწელა.
- აირჩიე რამე? - შეეკითხა მამაკაცი.
- მხოლოდ კარტოფილი ფრი მინდა, სხვა არაფერი.
- ეგ ვერ დაგანაყრებს.
- მე ვიცი, რაც დამანაყრებს, - მკვახედ მიუგო ტესმა.
- რატომ გახდი ასეთი აგრესიული? ჩანჩქერთან ისეთი მხიარული იყავი, ლამის დავიჯერე, რომ ბედნიერი ხარ. - გულგრილად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ოფიციანტს შეკვეთა უკარნახა.
- იქნებ ის გირღვევს სიმყუდროვეს, შენი სასტუმროს მახლობლად რომ შენდება ჩემი პროექტი?
- ამაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ეს არაფერ შუაშია, - ტესი უფრო და უფრო უკმეხად პასუხობდა.
- აბა, რა გემართება? უკვე ვეღარ გცნობ, თითქოს ბზიკმა გიკბინაო.
- ღამდება, - ისე ჩაილაპარაკა ქალმა, თითქოს მისი შეკითხვა ვერ გაიგონაო.
- ვერ მიგიხვდი. იმიტომ გადავარდი დარდთა საუფლოში, რომ ღამდება?
- ჰო, - მოკლედ მოუჭრა გაღიზიანებულმა ტესმა და შემწვარი კარტოფილი გადაიღო.
- არ გიხდება ცუდი გოგოს როლის თამაში, ჭკვიანი ქალები ასე არ იქცევიან, - გახუმრება სცადა სტეფანემ.
- ამ ჭკუით სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ წარსულში, - ამოიოხრა ტესმა.
- ასე მტკივნეულად გახსენდება შენი წარსული?
- ჰო, არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს. - ტესმა ჯიქურ გაუსწორა მზერა.
- ჰმ, - ჩაიცინა მამაკაცმა, - მეხსიერება არაჩვეულებრივი მაშინაა, თუ წარსულის ცუდ მოგონებებს არ ეხება.
- ესე იგი, ჩვეულებრივი მეხსიერება მქონია, - ღიმილი ვერ შეიკავა ტესმა.
- აი, ეს მომწონს, ძლივს არ დავიჭირე შენი ღიმილი? ისეთი ლამაზი იყავი იქ, ზემოთ, ჩანჩქერს რომ გაჰყურებდი… შენი თვალებიც ისეთივე თბილ სხივებს აფრქვევდა, როგორსაც მზისგან იღებდი. მიწიერ მზეს ჰგავდი.
- მითხარი, სხვა ნომერში გინდა გადასვლა? - მოულოდნელად შეცვალა ტესმა საუბრის თემა.
- რატომ გგონია? - მამაკაცმა წარბები შეჭმუხნა და გამჭოლი მზერა ესროლა.
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქალმა, - იქნებ განმარტოება გინდა.
- ტეს, ალალად მითხარი, გინდა ჩემთან იყო?
- მინდა, - დაუფიქრებლად მიუგო ქალმა და თვალები დახარა.
- ის თუ გინდა, ჩემი იყო?
ამ შეკითხვამ საშინლად ააღელვა ტესი. სახეზე ღრუბელმა გადაურბინა. კარგა ხანს პასუხი არ გაუცია. თავის თეფშს დასცქეროდა და ფიქრობდა. უფრო და უფრო ემატებოდა დაძაბულობა მის ნაკვთებს, ალბათ საკუთარ თავთან ბრძოლა ჰქონდა გამართული, ჰო ეთქვა თუ არა. სტეფანე გაფაციცებული ადევნებდა თვალს ამ უხმო «მონოლოგს». ბოლოს შეამჩნია, ქალს თვალებში ფიქრი როგორ გაეყინა.
- ტეს!
- მითხარი, ოდესმე ქალისთვის სიყვარული აგიხსნია? - შეკითხვას შეკითხვით უპასუხა ტესმა.
- ამიხსნია.
- ბევრჯერ?
- თუკი ხშირად გაუმეორებ ადამიანს, მიყვარხარო, ეს სიტყვა ისე გაცვდება, რომ წყალგარეულ რძეს დაემსგავსება. ეს არის ჩემი პასუხი. - სტეფანემ მადა დაკარგა, ჩანგალი და დანა დადო და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- ალბათ ამიტომაც არ გამიმართლა, - მწარედ ჩაიცინა ტესმა, - მოგეწონა ჩანჩქერთან?
- ძალიან. ასე ახლოს ჩანჩქერი პირველად ვნახე. როცა დავაცქერდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მეც იმ წყალივით ავმოძრავდი და მისი ვარდნის საპირისპიროდ, მაღლა, ჰაერში დავიწყე აწევა.
- წასვლა მინდა, დავიღალე, უნდა დავისვენო, თან არც მშია, - მუდარით სავსე მზერა მიაპყრო ქალმა.
- როგორც იტყვი, წავიდეთ, - სტეფანემ ხელის მოძრაობით ანიშნა ოფიციანტს, ანგარიში მოეტანა და მის მოსვლამდე ჯიბიდან საფულე ამოიღო…
იცოდა სტეფანემ, რაც აწუხებდა ტესს, მაგრამ უნდოდა ამაზე თვითონ ალაპარაკებულიყო. ქალი კი ჯიუტად დუმდა. მამაკაცი ვერ მიმხვდარიყო მისი სიჯიუტის მიზეზს. არადა, მის გარეშეც შეეძლო ამ საქმის მოგვარება, უბრალოდ, უნდოდა, მასთან ერთად ემოქმედა და დახმარებოდა ჰარის მოტელის შესყიდვაში. ტესი ამას მარტო ვერ მოერეოდა, თანხას ვერ გამონახავდა საამისოდ. ბანკი სანუგეშოს ვერაფერს ჰპირდებოდა. სხვა გზა არ იყო, ფარულად უნდა ემოქმედა და საყვარელი ქალისთვის სიურპრიზი მოემზადებინა, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ეს სიურპრიზი ტესს გაახარებდა. თანაც, რთული საქმე იყო «ბერძნული კუნძულის» შესყიდვა. შენობა არაფრად არ ვარგოდა, იგი უნდა დანგრეულიყო და მის ადგილას, წესით, ახალი აშენებულიყო. ამას კი სტეფანეს ფინანსები ვერ მოერეოდა. სწორედ აქ იჭედებოდა იგი. ეს იყო მისთვის თავსამტვრევი. აგერ, სამი დღეა, ტესის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებას სოფისთან, ჰარის მიერ დაქირავებულ მაკლერთან. მოსწონდა სტეფანეს მიწის ეს ნაკვეთი და ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა მისი შეძენის შესაძლებლობა. იცოდა, ტესი მას თავისებურად მიხედავდა და წალკოტს დაამსგავსებდა.
ოფიციანტმა ანგარიშთან ერთად ტრადიციული ჩინური ნამცხვარი მოიტანა, რომელსაც კლიენტებს უფასოდ ურიგებდნენ. თითოს თითო დაუდო წინ. საგულდაგულოდ შეფუთულ ორივე ნაჭერს ზემოდან ერთი და იგივე წარწერა ჰქონდა: «ბედის წინასწარმეტყველება».
ტესმა ორივე ნაჭერი აიღო.
- თვალები დახუჭე და აირჩიე, - შეხედა სტეფანეს.
- თვალები რატომ უნდა დავხუჭო?
- იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებ სწორი არჩევანის გაკეთებას.
- გინდა თქვა, რომ ნამცხვრის არჩევა ჩემს ბედისწერაზე გავლენას მოახდენს? ასეთი რამეების არ მწამს.
- როცა თვალებს ხუჭავ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხდები. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ისაა, გული რას გიკარნახებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, რომელ ნაჭერსაც აირჩევ, სწორედ ის იქნება შენთვის განკუთვნილი.
- სისულელეა. ასეთ ნამცხვარს ყველას აძლევენ, ჩვენ კი არ ვართ გამონაკლისი.
- მაგრამ ყველას სხვადასხვა რამეს უწინასწარმეტყველებს ბედი. ეს ორი კი ჩვენთვისაა განკუთვნილი. როგორ გგონია, რატომ სხვა ნაჭრები არ შეგვხვდა?
- იმიტომ, რომ სხვა ნაჭრები სხვებს მიუტანეს.
- ჰოდა, მეც მანდ ვარ. ესე იგი, ეს ჩვენთვის იყო განკუთვნილი და ეს არის ჩვენი ბედი.
- კარგი, გნებდები, შენთან კამათი კარგს არაფერს მომიტანს, ისეთი ჯიუტი ხარ, მაინც გაიტან შენსას, - გაიცინა სტეფანემ, თვალები დახუჭა და ხელი ტესისკენ გაიწოდა.
როცა ნაჭერი აირჩია, თვალები გაახილა.
- გახსენი და წაიკითხე, რა წერია, - ეშმაკურად მოწკურა თვალები ტესმა.
მამაკაცმა გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა: «არ დანებდე და ნახავ, როგორ ნებდებიან სხვები». მდაა. აბა, შენთან როგორაა საქმე?
ტესმაც შემოხსნა ქაღალდი ნამცხვარს და წაიკითხა: «ცხოვრებაში წარმატება დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ენდობი».
- და შენ გგონია, ამ წინასწარმეტყველებებზე ღირს ყურადღების გამახვილება? - სტეფანემ ჩაიცინა.
- რატომაც არა.
მამაკაცი ქალისკენ გადაიხარა და მრავალმნიშვნელოვნად გადაუკრა:
- ჰოდა, მიუგდე ყური ამ წინასწარმეტყველებას, თუკი გსურს წარმატებული გახდე.
ტესი ისე გაწითლდა, თითქოს ტყუილში გამოიჭირესო.
- წასვლის დროა, - გულგრილად ჩაილაპარაკა და წამოდგა…
მეორე დილით სტეფანე სოფის ზარმა გამოაღვიძა.
- მისტერ გაგუა, თქვენთან შეხვედრა მსურს.
- ნახევარ საათში ოფისში ვიქნები, მის სოფი, დამელოდეთ! - მიუგო მამაკაცმა და საწოლიდან წამოხტა.
საუზმისთვის დრო არ რჩებოდა, თან უნდოდა ისე გასულიყო ნომრიდან, რომ ტესს არ შეჩეხებოდა. უხმაუროდ მოქმედებდა, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ სულ ტყუილად - ტესი თავის ოთახში არ იყო.
თავი მოიწესრიგა თუ არა, დინჯად ჩაიარა კიბე და ეზოს გაფაციცებული მზერა მოავლო. ტესი ვერც აქ დალანდა. შვებით ამოისუნთქა, არ უნდოდა ქალს გაეგო, ასე დილაადრიან რისთვის გადიოდა სასტუმროდან. სწრაფად გავიდა ეზოდან და ქუჩაზე გადაირბინა, რომ მოახლოებული ტაქსი გაეჩერებინა. მანქანის სადგომიდან გამოყვანა დროს დააკარგვინებდა…
სოფი ერთობ ექსტრავაგანტურად გამოიყურებოდა. სტეფს დიდად არ მოსწონდა ეს ქალი, იგი ისეთივე გაიძვერა იყო, როგორც ყველა მაკლერი, რომელიც შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. «მაკლერი ყველგან მაკლერია, საქართველოშიც და უცხოეთშიც», - გულში ჩაეცინა.
- მისტერ გაგუა, მოტელის მეპატრონე ჩამოვიდა და მინდოდა გამეგო, შედგება თუ არა გარიგება. ხომ არ გადაგიფიქრებიათ «ბერძნული კუნძულის» შეძენა? მფლობელს ერთი სული აქვს, როდის გაყიდის. შეძენის მსურველი ბევრია, რომ იცოდეთ.
სტეფანეს ღიმილი მოჰგვარა მისმა ნათქვამმა.
- ამიტომ, თუ შეკითხვები გაქვთ, მკითხეთ, მე აქ ვარ, დრო კი არ იცდის. - გააგრძელა სოფიმ.
- თუ შეიძლება, დაბრძანდით, სოფი!
- იცით? თქვენთან საქმის დაჭერა ძნელი გამოდგა. გუშინ მთელი დღე გეძებეთ, ორჯერ ვიყავი მშენებლობაზე და ვერ გამოგიჭირეთ. მერე მითხრეს, დღეს ისვენებსო.
- მართალი უთქვამთ, გუშინ ვისვენებდი.
- აბა, რა გადაწყვიტეთ?
- იცით რა? წინააღმდეგი არ ვარ, ეს მოტელი შევიძინო, მაგრამ ერთი რამ მაფერხებს - მისი მშენებლობა.
- მერედა, რა პრობლემაა? დაანგრიეთ და ისეთი ააშენეთ, როგორიც გსურთ. - ადვილად მოაგვარა პრობლემა მაკლერმა.
სტეფანემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. იცოდა, რომ სოფის მისი პრობლემა ნაკლებად ადარდებდა. მისთვის მთავარი საკუთარი მოგების მიღება იყო.
- პრობლემა ის არის, რომ ძალიან მყარად ნაგები შენობაა, მისი დანგრევა ადვილი არ იქნება და ორჯერ უფრო ძვირი დამიჯდება ტექნიკის დაქირავება.
- ეს იმიტომ, რომ ეგ სასტუმრო ერთ-ერთი უძველესი რანჩოა მთელ რაიონში. მხოლოდ ათი წელია, რაც იგი მოტელად გადააკეთეს.
- ანუ ადრე იგი საცხოვრებელი სახლი იყო? და რატომ არ აისახა ეს ამბავი ჩემს ანგარიშში?
- რა მნიშვნელობა ჰქონდა? თქვენ ხომ მის დანგრევას აპირებთ?
სტეფანე ყოყმანობდა. ეს ამბავი ტესმა რომ გაიგოს, არასდროს აპატიებს, არც კი მოუსმენს, რატომ წავიდა ამ გარიგებაზე. იქნებ ახლავე გააცნოს მას საქმის ვითარება?
- როგორც ჩანს, ახლა უკვე დანგრევაც პრობლემად გადამექცევა.
- კი მაგრამ, რატომ?
- იმიტომ, რომ ქალაქის ღირსშესანიშნავი ძეგლის დანგრევას ყოველთვის გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები. შეიძლება არც კი დამრთონ ამის ნება.
- მაგას მე მოგიგვარებთ, გქონდეთ ჩემი იმედი. მით უფრო, არც ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, ისტორიული წარსული კი არა აქვს.
- მოდით, მომეცით კიდევ ნახევარი საათი, რომ კარგად მოვიფიქრო. ჩემი აზრით, აჯობებს, იერსახე შევუნარჩუნო მოტელს, ბოლოს და ბოლოს, მისი გადაკეთება უფრო იაფი დამიჯდება. ვიფიქრებ, კარგი?
- როგორც ინებებთ, - უკმაყოფილება გაისმა სოფის ხმაში.
- ნახევარ საათში მოტელთან შეგხვდებით. ასე აჯობებს და საბოლოო პასუხსაც იქ გეტყვით.
ქალი ამრეზილი სახით გატრიალდა კარისკენ, სტეფანე კი ღრმად ჩაფიქრდა…
ტესმა ჰარის ლოყაზე აკოცა და აუზის გასწვრივ მდგარ მაგიდასთან მის გვერდით ჩამოჯდა.
- მაპატიე, რომ დავიგვიანე, მაგრამ რემონტი მაქვს და მუშებისთვის უნდა მიმეხედა, - მოუბოდიშა ქალმა.
ჰარიმ ხელი აიქნია მის დასამშვიდებლად.
- მიხარია, ასეთ საქმიანს რომ გხედავ. ახალი გეგმები გაქვს?
- როგორც ყოველთვის.
- ეს კარგია, მაგრამ სად გააქრეთ საფერფლეები? ვეძებ და ვერ მიმიგნია.
ტესმა ერთ-ერთი შეზლონგის ქვეშ შედგმული საფერფლე გამოიღო და ჰარის წინ დაუდო.
- მეგონა, მიატოვებდით მოწევას, მოხუცო.
- რისთვის? სიგარეტი ახლა ჩემთვის ერთადერთი განუყრელი მეგობარია. თუ მასაც მივატოვებ, სრულიად მარტო დავრჩები და მოვკვდები.
ჰარიმ კოლოფიდან ერთი ღერი დააძრო და მოუკიდა.
- როგორ ვითარდება თქვენი რომანი? მეიბლმა მითხრა, რომ შენ და ის… მომიყვები, რა ხდება?
- მეიბლი ზედმეტად ენაჭარტალაა, - გაიღიმა ტესმა.
- მაგრამ თვალები რომ ასე ძალიან აგიციმციმდა? მენდელსონის ვალსის ხმაც კი ჩამესმა, მგონი.
- რას ამბობთ, ჰარი, ხომ იცით, რომ მე გათხოვება არ შემიძლია.
ჰარის პირთან მიტანილი სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
- ვითომ რატომ?
ტესმა გაშლილი ხელებით წრე შემოხაზა:
- ამ ყველაფრის მიტოვება არ შემიძლია. ეს სასტუმრო მთელი ჩემი ცხოვრებაა.
- მიტოვება? მეგონა, ეს ყმაწვილი აქეთ აპირებდა გადმოსახლებას.
- თქვენ არ იცნობთ ქართველ მამაკაცებს, ჰარი. მათთვის აქ გადმოსახლება ჩასიძების ტოლფასია. ისინი კი ზედმეტად ამაყები არიან ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.
- რაღაც ისე ვერ არის, როგორც ვხედავ. გიყვარს ის ბიჭი?
- მიყვარს, - ისე სწრაფად უპასუხა ტესმა, წამითაც არ შეყოყმანებულა.
- და იმას?
- ვფიქრობ, იმასაც, მაგრამ… მაგრამ ჩვენ შორის ჯერ არც ერთს…
- აჰა, - გააწყვეტინა ჰარიმ, - ესე იგი, ელოდები, რომ პირველი ის გამოგიტყდეს სიყვარულში, არა?
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მას უამრავი საქმე აქვს, ძალიან დატვირთულია. მე კი ჩემი სამუშაო მიყვარს. ვერც ერთი ვერ შეველევით ჩვენს საქმეს, ამიტომაც არ გვრჩება დრო სიყვარულისთვის.
- თუ იმ ვალდებულებებისთვის, რასაც სიყვარული მოითხოვს? პასუხისმგებლობის აღების გეშინიათ? არ მესმის. რა არის რთული იმაში, რომ თან მართო შენი სასტუმრო, თან იმ ყმაწვილთან ურთიერთობა დაალაგო? მე და ჩემი ცოლი წლების განმავლობაში ერთმანეთს მხარში ვედექით, მაგრამ სიყვარული არ გაგვნელებია. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მაგრამ ვერეოდით. რა ჯობია, როცა ცოლი და ქმარი ერთად უძღვებიან საქმეებს.
- მაგრამ ეს ჩემი სასტუმროა. მე შევქმენი იგი და არ შემიძლია უარი ვთქვა იმ დამოუკიდებლობაზე, რომელსაც მივაღწიე.
- მერედა, ვინ გიშლის? იყავი დამოუკიდებელი საქმეში და დამოკიდებული სიყვარულში. ხელი ხელს ჰბანს.
ტესმა ამოიოხრა. როგორ აუხსნას მას ყველაფერი, როცა თავადაც ვერ გარკვეულა თავის შიშებში?
- კარგი, გვეყოფა ამაზე საუბარი, - თქვა ჰარიმ, - არ ვაპირებ, მიგითითო, როგორ ააწყო შენი ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე - ნამდვილი სიყვარული იშვიათი მონაპოვარია. როცა იგი გეწვევა, მტკიცედ უნდა ჩასჭიდო ხელი და შეეცადო, არ გაუშვა. სიყვარულის მთავარი არსი ისაა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო იგი.
- საოცარი ადამიანი ხართ, ჰარი, დიდი მადლობა, - ტესმა ხელი მტკიცედ ჩამოართვა მოხუცს.
ჰარიმ ნამწვი საფერფლეზე დადო და ხელები მოიფშვნიტა.
- ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. როგორ მიდის ჩემს მოტელთან დაკავშირებული საქმეები?
- არც ისე წარმატებულად. ბანკი დიდ იმედს ვერ მაძლევს კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით, - ამოიოხრა ტესმა, - საბოლოო პასუხს ხვალ მეტყვის მენეჯერი.
მოხუცი სკამზე აწრიალდა.
- შენ ხომ იცნობ სოფის. ამ დილით დამირეკა, ძალიან იყო აღგზნებული, მითხრა, რომ რეალური მყიდველი გამოჩნდა. ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ შემპირდა, დღეს მოვიყვან და გაგაცნობო.
ამის გაგონებაზე ტესს თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა. ახალმა ამბავმა საბოლოოდ გაუცრუა იმედი.
- ჰარი, ვიცი, რომ მოტელის გაყიდვა როგორც ფინანსური, ისე პირადი მიზნებითაც სარფიანად გსურთ, მაგრამ თუკი სოფის წინადადება საქმიანია, ვფიქრობ, უნდა დათანხმდეთ.
- მე თავს შევიკავებ გარიგებისგან მანამ, სანამ შენ საბოლოო პასუხს არ მიიღებ ბანკისგან. მინდა, რომ «ბერძნული კუნძულის» მფლობელი შენ გახდე და არა ვიღაც ვიგინდარა.
- გმადლობთ, ჰარი, მაგრამ თუკი არაფერი გამოვა, ნაწყენი არ დავრჩები. მე მესმის თქვენი.
სწორედ ამ დროს მათ ზურგს უკან, აუზის კიდესთან ქალის მწივანა ხმა გაისმა:
- აი, თურმე სად ყოფილხართ! როგორც ჩანს, იღბლიანი დღე მქონია - ყველას ვხვდები, ვინც მჭირდება! - სოფი მოსაუბრეებს მიუახლოვდა.
ჰარი წამოდგა და შუბლშკრული მიაჩერდა მაკლერს.
სოფიმ ჯერ ჰარის გაუწოდა ხელი და ჩამოართვა, შემდეგ ტესს და დააყოლა:
- კარგია, რომ აქ ხართ. მალე ის კაცი მოვა, ჰარი, მე რომ გელაპარაკეთ, თქვენი მოტელის ყიდვა ვისაც უნდა.
- მერე რა? - უხალისოდ იკითხა, თან ადგილიდან არ დაძრულა.
- როგორ თუ მერე რა? ის ტიპია, ვისაც თქვენი მოტელი აინტერესებს.
- მაინცდამაინც ახლა რატომ მოუნდა ჩემი ნახვა? - გაბრაზებული ტონით ჩაიბურტყუნა ჰარიმ.
- მომისმინეთ. ის ძალიან დაკავებული ადამიანია, მისი გამოჭერა არც ისე ადვილია, ამიტომ როცა მოვიხელთე, მაშინ დავიბარე, - სოფიმ მაჯის საათს დახედა, - წესით, წამი-წამზე აქ უნდა იყოს. წავიდეთ, ვნახოთ!
ტესმა შეამჩნია, როგორ მოეღუშა სახე ჰარის და მიხვდა, ის დროის მოგებას ცდილობდა.
- ძალიან გთხოვთ, ჰარი, ჩემ გამო საქმეს ნუ გაიფუჭებთ. წადით, დაელაპარაკეთ.
- ვერ გავიგე, რა ხდება აქ? - უცერემონიოდ ჩაერთო საუბარში სოფი.
- არაფერი, გოგონი, ყველაფერი რიგზეა. შევხვდები იმ კაცს, აბა, რას ვიზამ, მაგრამ საბუთებს მხოლოდ ხვალ მოვაწერ ხელს.
- კი მაგრამ, რატომ? - სოფის თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.
სწორედ ამ მომენტში სტეფანე გამოჩნდა. ტესს გაუკვირდა მისი ამ დროს გამოჩენა. მამაკაცი, წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო.
სტეფანე ყველას მიესალმა და ტესს ლოყაზე უჩქმიტა.
- როგორი სასიამოვნო სიურპრიზია, - თქვა ქალმა.
- უკვე ისადილე? ცოტა ხანს თუ დამელოდები, სოფისთან საქმეს მოვაგვარებ და წავიდეთ, რამე შევჭამოთ.
ტესს შეამცივნა, გულმა რეჩხი უყო.
- რა საქმეს? - ჩამქრალი ხმით შეეკითხა.
- მისტერ გაგუას სურს «ბერძნული კუნძულის» შესყიდვა. ჰარი, სწორედ ეს ყმაწვილია ჩემი კლიენტი, - მის მაგივრად მაკლერმა გასცა პასუხი.
- არა… - ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა ტესმა.
სტეფანემ ჰარის ხელი ჩამოართვა და ტესს მიუბრუნდა:
- კარგად ხარ, საყვარელო? - ქართულად მიმართა, - რა გჭირს?
ტესმა თავი ისე გაიქნია, თითქოს უსიამოვნო აზრების თავიდან მოშორება სურსო.
- შენ ყიდულობ ჰარის მოტელს? - ქალი საკუთარ ხმას ვეღარ ცნობდა.
- ახლა ყველამ მომისმინეთ, თუ შეიძლება, - ამ დროს ჰარი წამოდგა და განაცხადა, - მე შევპირდი ტესს, რომ არც ერთ ქაღალდს არ მოვაწერ ხელს, სანამ ბანკიდან საბოლოო პასუხს არ მიიღებს სესხის თაობაზე. შეიძლება ჩემი წინადადება საქმიანად არ ჟღერს, მაგრამ ის პირველი იყო, ვინც მოტელის შეძენის სურვილი გამოთქვა, ამიტომ მასთან ვალში ვარ.
- ვერ ვხვდები, რა საუბარია ეს? - აღშფოთდა სოფი, - როდის აქეთ გადაწყვიტა ტესმა მოტელის შეძენა? ჩემთვის ამის შესახებ არავის უთქვამს.
- გითხარით, სოფი, თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც «ბერძნული კუნძულის» შეძენა სურს-მეთქი და ისიც დავამატე, ფულს ელოდება-მეთქი. იმასაც შეგპირდით, რომ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ მაინც მიიღებდით თქვენს პროცენტს, თუნდაც არ მოგეყვანათ ჩემთვის კლიენტი.
- მაგრამ არ გითქვამთ, ტესზე თუ იყო საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, შევხვდებოდი მას და დაველაპარაკებოდი, რას ჰგავს ეს?
- მართალი ხართ, რომ გცოდნოდათ, სიცოცხლეს მოუწამლავდით ამ გოგონას.
- მე არავის ვუწამლავ სიცოცხლეს, ჰარი, - იწყინა სოფიმ.
ტესს წარამარა ეცვლებოდა სახის გამომეტყველება. წეღანდელი შოკი ნელ-ნელა მრისხანებით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სტეფანესთვის არასდროს უთქვამს მოტელის შესყიდვის თაობაზე, მისი საქციელი მაინც ღალატად მიიჩნია. მართალია, ამის მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა, რომ თავისი ოცნებების ასრულების გზაზე საყვარელი მამაკაცი გადაეღობა. იქნებ იცოდა კიდევაც სტეფმა და იმიტომ შეაყვარა თავი, რომ კულმინაციურ მომენტში პრობლემა არ შექმნოდა? რადგან ტესი შეყვარებულია, ესე იგი, ადვილად დათმობს?
- რატომ არ მითხარი, ამ მოტელის ყიდვა თუ გინდოდა? - მსუბუქი საყვედური გაისმა სტეფანეს ხმაში.
- რა? - ტესი შეცბა, - შენ რატომ არ მითხარი? გინდოდა, დაგემალა?
- მაპატიეთ, ახალგაზრდებო, - საუბარში ჰარი ჩაერია, არ ესმოდა, რაზე კამათობდა წყვილი მისთვის გაუგებარ ენაზე, მაგრამ ხვდებოდა, რომ მათი წაკინკლავების მიზეზი მისი მოტელი იყო, - თქვენი პრობლემები თავად გადაწყვიტეთ, მე და სოფი კი წავალთ, ცალკე დავილაპარაკებთ.
სოფის უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ჰარიმ საშუალება არ მისცა, გოგონას ხელკავი გამოსდო და მასთან ერთად ბილიკს დაუყვა.
- ეს უსამართლობაა, - თქვა ტესმა, - რატომ გახადე ეს ამბავი ასე გასაიდუმლოებული?
სტეფანემ მხრები უხერხულად აიჩეჩა, თან გაურბოდა ქალის ანთებულ მზერას.
- მგონი, აჯობებს, ნომერში ავიდეთ და მოწმეების გარეშე ვილაპარაკოთ, - ტესმა თვალი მოავლო აუზის გარშემო შეკრებილ მობინადრეებს, რომლებიც ცნობისმოყვარე თვალებით მისჩერებოდნენ.
ნომერში ავიდნენ თუ არა, ტესმა კარი ზურს უკან მოიჯახუნა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ მამაკაცს.
- აკი ახალ ობიექტს ვაშენებო? ამისთვის ჩამოვედიო? მომატყუე? რისთვის გჭირდება მოტელი, აქ ცხოვრებას აპირებ? თავიდანვე გქონდა განზრახული, რომ სასტუმროების ქსელი გაგეკეთებინა და მე ჩაგეძირე? რას ჩუმჩუმელაობ? აღიარე, რატომ გაჩუმებულხარ?
- მე კი არა, შენ ჩუმჩუმელაობ, - არ დაუთმო სტეფანემ, - ერთხელ არ გიხსენებია, მოტელის ყიდვა რომ გინდოდა, მეუბნებოდი, უნდა გავფართოვდე და ინტერიერის დიზაინი შევცვალოო. ასე არ იყო?
- სულაც არ ვარ ვალდებული, შენ ან ვინმეს ავუხსნა, რას ვაპირებ. ეს ჩემი ბიზნესია და ისე ვაგვარებ მას, როგორც გამიხარდება.
- არც არასდროს მიმითითებია შენთვის, როგორ აწარმოო შენი ბიზნესი. უბრალოდ, შეგეძლო, საქმის კურსში ჩაგეყენებინე.
- რის საქმის კურსში, ერთი ამიხსენი! რა უნდა მეთქვა, რომ ვირივით ვმუშაობ, რათა ცოტაოდენი მოგება ვნახო? არ იცი, რომ ასეა? რატომ გადამეღობე გზაზე? მაინცდამაინც იმ ნაკვეთის ყიდვა რატომ მოგინდა, რომელიც ჩემთვის მინდოდა?
- ჯერ ერთი, წარმოდგენა არ მქონდა, თუ შენ ამ მოტელს უმიზნებდი, მე რა, დამესიზმრებოდა? და მეორეც, ჯერ ხომ არ მიყიდია, რა გაცოფებს?
- შენ რა, ომს მიცხადებ? ჯიბრში მიდგები? - ტესმა დოინჯი შემოიყარა.
- კარგი რა, ნუ მაცინებ, - თავი ნელა გადააქნია სტეფმა, - ჯერ არც კი ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა «ბერძნული კუნძულის» შეძენა.
- აჰაა… და უნდა დაგიჯერო? დამცინი, ხომ?
- ჰოც და არაც. ჰო, უნდა დამიჯერო და არა, არ დაგცინი.
ტესი თვალს არ აშორებდა მამაკაცს. ხედავდა, უფრო და უფრო როგორ ეღუშებოდა სახე მას და ცოტა არ იყოს, შეეცოდა კიდევაც. მრისხანებამ თანდათან გაუარა. კარგად იცნობდა სტეფს და იცოდა, რომ ჯიბრით ვერ მოუგებდა, დაკარგვით კი ადვილად დაკარგავდა.
- ღმერთო ჩემო, სტეფ, რა გვემართება? მე მგონი, საქმე მხოლოდ «ბერძნულ კუნძულს» არ ეხება. ასეა?
- მართალია, მას კი არა ჩვენ, მე და შენ გვეხება. - მიუგო და ქალს მაჯაში ჩაავლო ხელი, რომ მასთან ერთად ტახტზე ჩამომჯდარიყო, რადგან ტესი ერთიანად ცახცახებდა და მთელი ძალით ცდილობდა თავის ხელში აყვანას.
- ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მარტომ გავატარე და მხოლოდ საკუთარი თავის მჯეროდა, - დაიწყო მან, - შემდეგ შენ გამოჩნდი და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ არათუ ვარსებობ, არამედ ვცოცხლობ, - ამ სიტყვებით ქალისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩახედა, - შენ გაავსე ჩემი სამყარო. მე ვიცინი და ვთამაშობ შენთან ერთად. ვცურავ შენ გვერდით და მეკობრის კოსტიუმსაც კი ვირგებ. ბოლო დროს საკუთარ თავს ვერ ვცნობ, ასე მგონია, სხვა ადამიანი გავხდი. ხანდახან ვეკითხები ჩემს მეორე მეს, ნუთუ ეს მე ვარ? და საერთოდ, ვინ ვარ ან ვინ გავხდი? სიმართლე გითხრა, ცოტათი მაშინებს კიდევაც ეს. ტეს, ვიცი, რომ გაწყენინე. ძალიან ვწუხვარ. ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ უკვე რამდენი ხანია, მხოლოდ შენზე ვფიქრობ და კიდევ იმაზე, როგორ იმოქმედებდა შენზე, მე რომ ეს პატარა სასტუმრო შემესყიდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გავაჭიანურე მისი შეძენის პროცესი.
ტესი გაოგნებული იჯდა. მისმა მობოდიშებამ ბოლო მოუღო. როგორც ჩანს, მას სცოდნია ტესის გეგმების შესახებ.
- ტეს, ჩვენ ორივე ბიზნესით ვართ დაკავებულები და არც ერთი ჩვენგანი არ მსჯელობს თავის გეგმებზე გარეშე პირებთან, ხომ ასეა?
- გამოდის, რომ ორივეს გვქონდა მიზეზი, ჩვენი სურვილები დაგვემალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის მე და შენ გარეშე პირები ვართ? ამის თქმა გინდა? - ტესს მოუთმენლობა დაეტყო.
- მომისმინე, პატარავ. მე რომ მცოდნოდა, შენ გსურდა მისი შეძენა, უარს ვიტყოდი ამ გარიგებაზე, ან სხვა რამეს შემოგთავაზებდი მის სანაცვლოდ. მთავარი ნდობაა, თუ ერთმანეთის ნდობა არ გვექნება, საერთოდ ზედმეტია რამეზე საუბარი.
ტესს რატომღაც, სიგიჟემდე მოუნდა, სტეფს შეხებოდა. ხელზე მოკიდა ხელი და შერბილებული ხმით უთხრა:
- ვხედავდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში იყო პრობლემები. ეს ერთდროულად იმედს მიცრუებდა და მაშინებდა კიდევაც. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვინმე ასე შემიყვარდებოდა. ახლაც არ მინდა, დავიჯერო, იმიტომ, რომ შეშინებული ვარ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი გულიც და სულიც შენს ხელშია და ერთხელაც გავნადგურდები. არ მინდა განმეორდეს ის ტკივილი, რომელიც უკვე გამოვცადე მურთაზთან.
- მე არ ვარ მურთაზი და არ ვაპირებ შენ მიტოვებას. მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
- რა? - ტესი ამ სიტყვებმა ადგილზე გააქვავა.
სტეფანემ ჰაერი მკერდით ჩაისუნთქა და გაიმეორა:
- მე შენ მიყვარხარ, ტეს, ოღონდ არ ვიცი, ეს როდის დაიწყო… მაგრამ… - მამაკაცმა თმაში შეიცურა ხელი.
ტესი კარგად იცნობდა მას. იცოდა, სტეფანე ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა, როცა ნერვიულობდა, ან გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მან ახლოს მოიზიდა მამაკაცი და თვითონ მიეფერა თმაზე.
- მეც მიყვარხარ, სტეფ. პირველსავე დღეს, ვესტიბიულში რომ დაგინახე, რაღაცამ შემძრა გულის სიღრმეში. ვიგრძენი, რომ შენ იყავი ის, ვისაც ალბათ შეუცნობლად მთელი ცხოვრება ველოდებოდი. ვებრძოდი ამ გრძნობას, როგორც შემეძლო, არ მინდოდა, ახლოს მომეშვი გულთან და გონებასთან. ვიფიქრე, მასთან ურთიერთობისთვის გულში მხოლოდ პატარა კუნჭულს დავიტოვებ და ამით დავკმაყოფილდები-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა. რაცა უნდა გავაკეთო, ყველაფერი შენი სიყვარულითაა ჩემ გარშემო შეფერადებული.
- რა უცნაურია, მეც სწორედ ასეთი განცდა მეუფლება, თითქოს ყველაფერი ჩემ გარშემო შენი სიყვარულითაა შეღებილი.
- ძალიან ძნელი იყო თავის შეკავება და საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. მეგონა, თუ სიყვარულში გამოგიტყდებოდი, ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა. მეჩვენებოდა, რომ ორივეს გვეშინოდა ამ ურთიერთობის და ვცდილობდით, ერთმანეთი არ შეგვეშინებინა.
- იცი, რამდენჯერ მომადგა ენის წვერზე სიტყვა «მიყვარხარ»? - სტეფანემ ნაზად გაუღიმა ქალს და ხელის ზურგზე თითები აუსვ-დაუსვა.
- მგონი, გამიხარდებოდა ამის მოსმენა, - მორცხვად შეჰღიმა ტესმა.
ახლა რა მოხდება, როცა ორივემ გადაუშალა ერთმანეთს გული? ნუთუ ურთიერთობის დასაწყისში დაშვებული შეცდომა დასასრულის მომასწავებელი უნდა გახდეს? ტესს ლამის გული გაუჩერდა.
- ახლა რა ვქნათ? - დაიჩურჩულა მან, - არ მინდა შენი დაკარგვა. არ მინდა იმ ცივ და მარტოსულ არსებობაში დაბრუნება.
- არა, ტეს, ეს არ მოხდება. შენ მე მჭირდები და მინდა, სულ გვერდით მყავდე.
ტესისთვის ეს სიტყვები არ იყო საკმარისი, გაურკვევლობის შიში ისედაც კლავდა.
- და რა გველოდება?
- დარწმუნებით ვერ გეტყვი, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებთ გამკლავებას. მე შენ არ გაგიშვებ. დრო მომეცი მოსაფიქრებლად, სულ ცოტა დრო და ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ. - წარმოთქვა სტეფანემ და საყვარელი ქალი მკერდზე მიიხუტა.
შუაღამე გადასული იყო, ტესს რომ გამოეღვიძა. თავი სტეფის მკლავზე ედო. სიამოვნებისაგან გაიზმორა. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა და არც ასეთი სექსი ჰქონია არავისთან, სტეფანესთანაც კი. ეს ნამდვილად ბობოქარი ღამე იყო, ნდომით გაჯერებული, მაგნოლიასავით სურნელოვანი და იმ ნამცხვარივით ტკბილი, რესტორანში რომ აჩუქეს და რომელსაც «ბედის წინასწარმეტყველება» ერქვა.
მძაფრი გამოდგა დღევანდელი დღე. ახლა აუცილებლად უნდა განმარტოვდეს, რომ ფიქრებთან მარტო დარჩეს და გაიაზროს მომხდარი. სიყვარულში გამოტყდომა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საქმიან მხარესაც სჭირდება მოგვარება.
ფრთხილად გადმოვიდა ტახტიდან და მძინარე მამაკაცს დახედა. მოეჩვენა, რომ სტეფანეს წამიერმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. რა ძვირფასი იყო მისთვის ეს კაცი! სწორედ მისი დამსახურებით გაილამაზა ცხოვრება და დააღწია თავი ჩაკეტილ სამყაროს, რომელშიც მარტოობა ემუქრებოდა. ახლა მისი ჯერია, თვითონაც უნდა დაეხმაროს მას. ტესისთვის ერთი რამ ნათელი გახდა. ვიღაც გიყვარდეს, სულაც არ ნიშნავს, დაკარგო საკუთარი დამოუკიდებლობა და შეიზღუდო თავისუფლება. გიყვარდეს - ნიშნავს, გახდე მისი და ბოლომდე მიენდო.
რაც მოხდება, მოხდება. სურს სტეფს მოტელის ყიდვა? ტესი დაეხმარება. თუნდაც იმით, რომ ისტორიული შენობის გადაკეთებას ასე მარტივად ვერ შეძლებს, ამისთვის უამრავი ინსტანციის გავლაა საჭირო და ამდენივე ინსტანციის თანხმობა. ტესს შეუძლია ამის გაკეთება, შეუძლია უფრო ადვილად და ყოველგვარი სიძნელის გარეშე. ჰოდა, მისთვის გააკეთებს კიდევაც…
სტეფანეს ადრე გაეღვიძა. სანამ თვალს გაახელდა, ტესის ღიღინის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ იგი შინ იყო… შინ… არ ახსოვს, ბოლოს როდის და რა ადგილს უწოდა «შინ»… მხოლოდ ტესმა შეძლო ეს. მან მოახერხა, სტეფანეს მის გვერდით შინაურულად ეგრძნო თავი, შეიფარა და თავისი წილი სიხარული და სიყვარული გაუყო. მისთვის სიყვარული მხოლოდ ერთ სიტყვაში ასოცირდებოდა ყოველთვის - სითბო! აი, რა არის სიყვარული. და ეს სითბო ცხოვრებაში პირველად აქ იგემა, ტესის გვერდით. ალბათ ამიტომ გახდა ეს ქალი მისთვის განსაკუთრებული. ეს ის ქალია, რომელმაც ასწავლა, ცხოვრების კარგი მხარეებიც ეძებნა სამყაროში. ამ კარგმა მხარეებმა კი სულ სხვა ადამიანად აქცია იგი. მორჩა, ფიქრის დრო არ არის, უნდა იმოქმედოს. დღეს სიურპრიზი უნდა მოუმზადოს თავის გარდამქმნელს, თან ისეთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება.
უხმაუროდ გადმოვიდა ლოგინიდან, სწრაფად ჩაიცვა და უჩუმრად გავიდა ოთახიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თავი არ მოუწესრიგებია, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ვესტიბიულში ჩავიდა და მეიბლი თითით მოიხმო. კარგა ხანს ილაპარაკეს საიდუმლოდ და ბოლოს ღიმილით გაშორდნენ ერთმანეთს. მამაკაცი კვლავ ნომერში ავიდა და ეგრევე სააბაზანოს მიაშურა.
დღე ნელ-ნელა გაილია. ტესი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, სტეფანე - თავისით, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ერთმანეთის ნახვა, თუმცა, არც უცდიათ, გეგონებოდათ, ერთმანეთისგან დიდ საიდუმლოს მალავენო.
მოსაღამოვდა. ტესი გამალებული შეუდგა ჩაცმას. იცოდა, სტეფი მალე გამოჩნდებოდა და სურდა, კარგ ფორმაში დახვედროდა. თეძოებზე შემოტკეცილ მოკლე კაბაში ძალზე სექსუალურად გამოიყურებოდა, ამას დამატებული ღრმა დეკოლტე, საიდანაც ქალის მკვრივი და ქათქათა მკერდი მაცდურად იწონებდა თავს. ნეტავ თუ მოეწონება «მისტერ კონსერვატორს» ეს ჩაცმულობა? მისი აზიური სული თუ აიტანს ლამის ვულგარული ტესის დანახვას? ტესს გაეღიმა. ერთი საღამო როგორმე გადაიტანოს, არაფერი მოუვა.
სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მეიბლი უხმობდა ვესტიბიულში.
სასწრაფოდ ჩაირბინა ქვედა სართულზე.
- რა მოხდა?
- წუხელ ღამით რომაული ნომერი იქირავა ერთმა კლიენტმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შენთან დალაპარაკება სურს, ამბობს, სრული კომფორტისთვის ფული არ დამენანებაო. უნდა მიხვიდე, გელოდება.
- რა ჰქვია?
- რეი რობინსონი.
- კარგი. იმედია, განსაკუთრებულ ყურადღებაში სხვა რამეს არ გულისხმობს, - გაიხუმრა ტესმა, - პოლიციას წინასწარ ხომ არ გამოვუძახოთ?
ორივეს გაეცინა.
დინჯად აიარა საფეხურები, დერეფანი და რომაული სტილით მოწყობილ ნომერს მიუახლოვდა. სანამ დააკაკუნებდა, კარი გაიღო და ზღურბლზე სტეფანე გამოჩნდა.
- შენ? აქ რა გინდა? - გაოცებული მიაჩერდა.
- საღამო მშვიდობისა, მენეჯერო, - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა მამაკაცს.
ტესმა ნომერში შეიხედა და ადგილზე გახევდა. ოთახის შუაგულში მაგიდა ორ პერსონაზე იყო გაშლილი და იქაურობას სანთლების შუქი დალიცლიცებდა.
- ეს შენ და მეიბლმა მოიფიქრეთ? - ჩურჩულით შეეკითხა ქალი.
- ჰო… შენთვის. - მამაკაცმა მისი თმის სურნელი შეისრუტა და აკოცა.
- ალბათ, რამდენი დრო და ენერგია დახარჯე ამისთვის.
- შენ ამად ღირხარ.
სუფრას მიუსხდნენ.
- გავიგე, ბანკმა არ დააკმაყოფილა შენი თხოვნა.
- ჰო, უარი მითხრეს. არა გაქვს საკმარისი ფინანსური შემოსავალი, რომ ამხელა კრედიტი გამოგიყოთო. შენ რატომ გადაწყვიტე ჰარის მოტელის ყიდვა? - ტესი ჩინურად მომზადებულ სალათას გადასწვდა.
- თავიდან აზრადაც არ მომსვლია მისი ყიდვა, მაგრამ შემდეგ რაღაც გარემოებებმა მაფიქრებინა, თუმცა ყიდვით პრობლემები არ მოგვარებულა. რაღაც მონახაზი მაქვს, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის.
- ვიცი, მაგრამ ჩათვალე, რომ ეს საქმე მოგვარებულია. ნაცნობების დახმარებით საქმე გაგიიოლე. თავისუფლად შეგიძლია შენობა გადააკეთო ან დაანგრიო და ხელახლა ააშენო, როგორც მოგესურვება. საქმე ჩაწყობილია.
- მართლა? რამ გაიძულა ამის გაკეთება, ტეს?
- მე შენ მიყვარხარ, სტეფ. რაღაც მიწის ნაკვეთის გამო არ მინდა ურთიერთობა გაგვიფუჭდეს, მით უფრო, რომ მე ხელი არ მიმიწვდება მის შესაძენად.
- მაგრამ მე რომ მის გადაკეთებას არ ვაპირებ?
- მართლა? სხვა გეგმები გაქვს?
- ხომ გითხარი, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული-მეთქი.
- აბა, ვისზეა?
- შენზე, - გაუღიმა სტეფანემ და მოულოდნელად მაგიდაზე ნამცხვრით სავსე კალათა შემოდგა, - აი, ნამცხვარი «ბედის წინასწარმეტყველება». თვალები დახუჭე და აირჩიე, რომელიც გინდა.
- ღმერთო, რამდენია, - ტესმა თვალები დახუჭა და კალათაში ხელი მოაფათურა.
- იმ რესტორნიდან მოვატანინე მეიბლს, ჩვენ რომ ვიყავით. ახლა გახსენი, მაინტერესებს, რას გიქადის იღბალი, - შეაგულიანა მამაკაცმა.
ტესმა ქაღალდი შემოაცალა არჩეულ ნამცხვარს და ხმამაღლა წაიკითხა: «მიყვარხარ. ცოლად გამომყვები?»
ქალი ენაჩავარდნილი მიაჩერდა.
- «ბერძნული კუნძული» შენთვის მინდოდა, ტეს. შენთვის ვიყიდე იგი და არა ჩემთვის, უფრო სწორად, ჩვენთვის, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ დღეს მინდოდა მეთქვა. იმედია, ახლა მაინც არ მეტყვი ცოლობაზე უარს.
- მაგრამ მე…
- ვიცი, ვიცი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. შენ წამოხვალ ჩემთან თუ მე დავრჩები შენთან, ეს დროის საკითხია. ნუ ვიჩქარებთ. ამაზე ნაჩქარევი პასუხი არ მჭირდება. რაზეც მჭირდება, იმაზე მიპასუხე, - თან საჩვენებელი თითით წინასწარმეტყველების ქაღალდზე მიუთითა, - ჰო თუ არა?
- რა თქმა უნდა, ჰო, - მთელი ხმით იყვირა ტესმა, წამოხტა და მამაკაცს კალთაში ჩაუხტა, - მაგრამ მაინცდამაინც ეს წარწერა რატომ შემხვდა?
- იმიტომ, ყველა წარწერა ერთნაირია. ესეც ერთგვარი ხრიკია, ქართველი მამაკაცის ქართული ხრიკი. რაც შეეხება მოტელს, რადგან იგი ისტორიული ნაგებობაა და ადრე იქ რანჩო იყო, ვიფიქრე, ჩვენთვის საცხოვრებლად რომ მოგვეწყო, მგონი, ლამაზი სახლი გამოგვივიდოდა, რას იტყვი? არც დანგრევა მოგვიწევს და არც გადაკეთება, თან ფულიც დაგვეზოგება.
ტესი ლამის გადაირია სიხარულისგან. ადგილს ვერ პოულობდა ბედნიერებისგან გადავსებული.
- სტეფ, როგორ გგონია, ბოლომდე შევძლებთ ჩვენი სიყვარულის შენარჩუნებას?
- თუ ვერ შევძლებთ, ამ სასტუმროში ყოველთვის მოიძებნება თავისუფალი ნომერი ჩვენთვის.
- მაგრამ თუკი თავისუფალი ნომერი არ იქნება? - ეშმაკურად მოჭუტა თვალები ქალმა.
_ რა პრობლემაა? კარგად ვიცნობ ამ სასტუმროს მენეჯერს. ჩემთვის ყოველთვის გამოინახება ერთი ოთახი, თუ არადა, მას შევუსახლდები.
ტესს თვალებზე ცრემლი გაუბრწყინდა, ასე იშვიათი ბედნიერების ცრემლი…
დასასრული