"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" სტუმარი ხევსურეთში მცხოვრები მარგარეტ დაიაურია, რომელიც ნანუკას ხევსურულ ტრადიციებზე უამბობს:
„მთაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თმას. ძველ დროში რაც უფრო ბევრ ნაწნავს გაიკეთებდნენ, უკეთესი იყო; თან ისე იკეთებდნენ, რომ შუბლთან ჯვრის ფორმა მიეღოთ. მერე შეცვალეს წესი და ქერა და თეთრი გოგონები უფრო მოსწონდათ. ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა ხევსურეთში და დაიწყეს თმის გაღიავება. ნაცარს ხსნიდნენ წყალში და იმით იბანდნენ თავს. ძაფებს ადგილობრივი მცენარეებისგან ღებავდნენ და ფერად სამოსს კერავდნენ. როდესაც ქალი მამაკაცს სამოსს უკერავდა, პატარა ნაწნავს იჭრიდა და ტანსაცმელზე აკერებდა სიყვარულის სიმბოლოდ. როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და საფლავში ატანდა. ესეც ერთგულებისა და სიყვარულის ნიშანი იყო და ამით ამბობდა, რომ გარდაცვლილ მეუღლეს ცხოვრების ბოლომდე უერთგულებდა“, – ამბობს მარგარეტ დაიაური.
"ესთეტიკის მოყვარული ვარ. სოფელში, ქალაქში, ქუჩაში - ყველგან სილამაზეს, უბრალოებასა და საინტერესო რამეს ვეძებ, ემოციებს ვაგროვებ. ყველაზე მეტად გულწრფელი, კეთილი და ზრდილობიანი ადამიანები მიყვარს. შატილში გადასვლის გადაწყვეტილება სოფელში დარჩენილი მოსწავლეებისა და ჩემი კუთხის სიყვარულისთვის მივიღე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მთა და ხევსურეთი. ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე, როცა ჩემს კუთხეში დავბრუნდებოდი" - იხსენებდა ახალგაზრდა მასწავლებელი.