ერთ დღეს გადავწყვიტე, უბრალო სალათა მომემზადებინა და ოჯახის წევრები გამეხარებინა. ქათმის სალათა. ცოტა მოხარშული ქათამი მქონდა დარჩენილი, აღარავინ ჭამდა და ბარემ, გამოვიყენებ-მეთქი.
სალათას ანანასი სჭირდებოდა. ქილიდან ამოვიღე ანანასი, წვენი დარჩა. დავლიო? არ მინდა... გადავღვარო? ცოდოა..
გამახსენდა ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც ზუსტად ანანასის წვენი სჭირდებოდა. გამოვაცხვე, მაგრამ რატომღაც კვერცხის გული იყო მხოლოდ საჭირო, ცილა კი დამრჩა. ხომ არ გადავაქცევდი? მაცივარში რომ შემედგა, დრო გავიდოდა და მაინც გადასაქცევი გამიხდებოდა.
მოვიფიქრე! ბეზეს გაკეთება შეიძლება. სწრაფად, მარტივად და გემრიელად! ბეზეში ლიმონის ცედრა გამოვიყენე, ლიმონი კი კანგაცლილი, შიშველი დარჩა... ასე ხომ მალე გახმებოდა. რა უნდა მექნა ლიმონისთვის? გემრიელი სოუსი გამოდის ხოლმე სალათისთვის. კიდევ გავაკეთე სალათა, მაგრამ ახლა ნახევარი ხახვი დამრჩა. მიყურებს ნახევარი ხახვი. სად წავიღო?
მაკარონისთვის გემრიელი ტომატის სოუსის მომზადება გადავწყვიტე. მაცივარში ვიპოვე ტომატის წვენის ქილა, ჩემივე მომზადებული. ნახევარი გამოვიყენე. ნახევარს რა ვუყო? ცოდოა, ზაფხულში რამდენი ვიშრომე მის მომზადებაზე, მოვხუფე. ნატურალურია, კონსერვანტების გარეშე, გახსნილი დიდხანს არ ძლებს.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge