შიგთავსზე გადასვლა

ვიტოლდ გომბროვიჩი. “პორნოგრაფია”

დეკემბერი 13, 2018

“მგონი, გომბროვიჩი მეფეა” – ასე დაასრულა გომბროვიჩის მთარგმნელმა, ქეთი ქანთარიამ, თავისი რეცენზია “პორნოგრაფიაზე”. მგონი, გომბროვიჩი ღმერთია – ასე დავიწყებ მე.

წლები მირბის ისე, რომ დღეც არ გავა, რამე არ წაიკითხო. ასეთ დროს ძალიან ძნელია, რამემ გაგაკვირვოს, გაგაგიჟოს ან ნერვები შეგიტოკოს. ასაკში შესული მკითხველის ბედი მძიმეა – ემოციები ცვდება, განცდები ჩლუნგდება, რაღაცას ეძებ და ვერ პოულობ, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, აღარაფერი გამახსოვრდება, ტექსტები ერთ ყურში შედის და მეორიდან გამოდის. მაგრამ ზოგჯერ გვიმართლებს და როცა გგონია, რომ აღმოსაჩენი აღარაფერი დაგრჩა, როცა გეჩვენება, რომ ყველანაირი ცხოვრებით იცხოვრე, ყველა სიტკბო და სიმწარე გამოსცადე და ახალი აღარასდროს აღარაფერი იქნება, გამოჩნდება ხოლმე ვიღაც, ვინც ხორხს ამოგგლეჯს, ტვინს ამოგიღებს და ზედ ფეხებით გადაუვლის, შეგაზანზარებს და მერე, უხორხო და უტვინო, უაზროდ რომ დაიწყებ პირის ფჩენას და თვალების ქაჩვას, სახეში შეგხარხარებს. გამოჩნდება ვიღაც, მაგალითად, გომბროვიჩი. მაგალითად, “პორნოგრაფია.”

“პორნოგრაფიის” უკეთ გასაგებად ალბათ ორი სიტყვა უნდა ითქვას გომბროვიჩზე, როგორც ფიგურაზე. მისი ცხოვრების გარეშე ცოტა რთული იქნება ამ ცინიკური, საზიზღარი, მაგრამ თან მშვენიერი წიგნის გაგება. ვიტოლდ გომბროვიჩი პოლონელი მწერალია და ბევრი ლიტერატორი და კრიტიკოსი მას მნიშვნელობით (მეოცე სუკუნისთვის) პრუსტსა და ჯოისს უთანაბრებს. ჯონ აპდაიკი მას უდიდეს მოდერნისტად მიიჩნევდა, მილან კუნდერა კი – ყველაზე დიდებულ პოლონელ მწერლად. მეორე მსოფლიო ომმა დიდი გავლენა მოახდინა და ფაქტობრივად, განსაზღვრა გომბროვიჩის ნაწერები, მიუხედავად იმისა, რომ ომის დროინდელი პოლონეთი მას არასოდეს უნახავს – იმ წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. კომუნისტურ პოლონეთში გომბროვიჩის, როგორც ბისექსუალი, მემარცხენე, სკანდალური მწერლის, ნაწერები მრავალი წელი აკრძალული იყო. იგი დიდი ხანი ცხოვრობდა არგენტინასა და საფრანგეთში, მისი ნაწარმოებები 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

Gombrowicz  Witold

“პოლონური ლიტერატურა, გამარტივებულად თუ დავინახავთ, ორ ძლიერ ტრადიციაზე დგას: პირველი რომანტიკული პატრიოტიზმია, ან პატრიოტული ნაციონალიზმი – აქ არის ბევრი საამისო ნიშანი, თუნდაც ნაპოლეონის გამორჩევით მდგარი ფიგურა,  პოლონელი ამბოხებულების იმედი ( რომელსაც რეალურად პოლონეთისთვის არაფერი გაუკეთებია); მეორე – ავანგარდი, სიურრეალიზმი, ისევ ტიპური პოლონური ჯანყი, ოღონდ – ხელოვნებაში, საკუთარივე იდენტობისა და ტრადიციის წინააღმდეგ. ჩვენში პირველს უფრო იცნობენ, მეორის ქვაკუთხედი  გომბროვიჩია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში. პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას  კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო, გომბროვიჩმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.  რა თქმა უნდა, სულ ცოტა დრო დასჭირდა იმას, რომ ,,პოლონურობის“ ცნებას ახლა   გომბროვიჩიც მოეცვა და როდესაც ვამბობთ ,,პოლონეთი“, შესაძლოა, ჯერ იგი წარმოგვიდგეს და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს კულტურამ გააერთიანა ,,სახლში ყოფნა“ და ,,სახლიდან გასვლა“, ვთქვათ, მიცკევიჩი და გომბორვიჩი. შემდგომი პოლონური კულტურა ზუსტად ეს სინთეზია, ამ კულტურის ,,გამოწვევა“ ახლა გაცილებით ძნელია.” – ესც ქეთი ქანთარიას რეცენზიიდანაა და ძალიან კარგად გადმოსცემს გომბროვიჩის მნიშვნელობასა და მისი ნაწარმოებების ავანჩავანს.

“პორნოგრაფია” ერთდროულად ამაზრზენი და ულამაზესი რომანია. ალბათ გასაოცრად მოგეჩვენებათ, როგორ შეიძლება ერთი და იგივე რამ ერთდროულად იყოს ამაზრზენიცა და ლამაზიც, მაგრამ გომბროვიჩი პარადოქსების მწერალია და ესეც მისი ერთ-ერთი პარადოქსია.

პორნო ყდა

რომანის მოქმედება ორი ვარშაველი ინტელექტუალის გარშემო ვითარდება, რომელიც მდიდარ მემამულე მეგობართან სტუმრად ჩადის. მამულში მოზარდი გოგო-ბიჭი ცხოვრობს. ფრიდერიკი და ვიტოლდი იწყებენ ბნელ, უცნაურ, ჩახლართულ თამაშს – გოგო-ბიჭს ერთმანეთისკენ უბიძგებენ. უცნაურ კუკუდამალობანას თამაშობენ ერთმანეთთანაც – ორივეს ერთი და იგივე ზრახვა ამოძრავებს, ერთი სქემით მოქმედებენ, ერთი ჟინი აქვთ, მაგრამ ასე გაცხადებულად ერთმანეთს არ უმხელენ და არ ლაპარაკობენ ამაზე, მხოლოდ შეგრძნებების, თვალებით კონტაქტის დონეზე ურთიერთობენ, რაღაც მეექვსე გრძნობით ხვდებიან ერთმანეთის სურვილს.

კითხულობ ვიტოლდის მონათხრობს და გიკვირს: რა დაჟინებაა ეს? რატომ იქცევა ასე საზიზღრად ორი მოწიფული, ძალიან ჭკვიანი მამაკაცი? რა განსაზღვრავს მათ ქცევას? მაგრამ ნელ-ნელა ცხადი ხდება, რაც: მეორე მსოფლიო ომია. ომი წიგნში არ ჩანს, თითქოს უკანა ფონზეა, დეკორაციაა. მოქმედებაც თითქოს სცენაზე ხდება, ვიტოლდი, ფრიდერიკი, ჰენია და კაროლი სპექტაკლს თამაშობენ, ოღონდ ჰენიამ და კაროლმა ამის შესახებ არაფერი იციან. ან იქნებ იციან? ისინიც თავინათ თამაშს ხომ არ თამაშობენ? ეს კითხვები დასრულებამდე გაწვალებს. დასრულების მერე – უფრო.  მათ უკან კი ომია. სიკვდილი, სიცარიელე, უიმედობა და განწირულებაა. ვიტოლდი და ფრიდერიკი, ისევე როგორც მთელი პოლონეთი, შინაგანად უკვე მკვდრები არიან. შიშმა, თავზარმა და უმწეობამ ისინი დიდი ხანია დახოცა. და აი, სცენაზე შემოდის ახალგაზრდობა – ცოცხალი სხეულები, უმისამართო ვნება, დიდი სიყვარულისა და თუნდაც დიდი ცოდვის შესაძლებლობა. სცენაზე ჩნდება შანსი, რომ ორმა უკვე მკვდარმა კაცმა ისევ იგრძნოს სიცოცხლის ძალა, ერთიანობა, ზეიმი, ცეცხლი. მათთვის უკვე მნიშვნელობა არა აქვს, რა გააერთიანებს ჰენიასა და კაროლს – წმინდა გრძნობა, ფიზიკური ლტოლვა თუ ამაზრზენი, სისხლიანი დანაშაული. ერთ ეპიზოდში ჰენია და კაროლი ერთად ჭყლეტენ ჭიაყელას. და ეს “დანაშაული”, ეს მცირე სისასტიკე უკვე არის ვიტოლდისა და ფრიდერიკისთვის ერთიანობა, შერწყმის, შეერთების აქტი, ვნება, სიცოცხლე იქ, სადაც ომმა ყველაფერი  შეისრუტა, დააჩლუნგა და დააბლაგვა. ოღონდ ომი ამ წიგნში არ ჩას, ჩანს მხოლოდ მისი ავბედითი აჩრდილი, რომელიც დემენტორივით იპარავს სიცოცხლის სურვილს.

მთხრობელი ვიტოლდ გომბროვიჩია. გტანჯავს ცნობისმოყვარეობა, რა აქვს მას ნამდვილი ვიტოლდ გომბროვიჩისა. მე მგონია, რომ თან ყველაფერი და თან – არაფერი. ანუ რეალური ვიტოლდ გომბროვიჩისა არაფერი აქვს, მაგრამ ეს ვიტოლდი მისი ბნელი მხარეა, მხარე, რომელიც პოლონეთში დარჩა მაშინ, როცა ნამდვილი ვიტოლდი არგენტინიდან აღარ დაბრუნდა. მხარე, რომელმაც ნახა ომის დროინდელი პოლონეთი მაშინ, როდესაც ნამდვილ ვიტოლდს იგი თვალით არ უნახავს. როგორც მეორე დიდი და ჩემი საყვარელი პოლონელის, კშიშტოფ კიშლოვსკის “ვერონიკას ორმაგი ცხოვრებაშია” ვერონიკა კრაკოვსა და პარიზში, ეს ვიტოლდის ორმაგი ცხოვრებაა არგენტინასა და პოლონეთში.

ყოველ გვერდზე სცენა უფრო და უფრო ბნელდება. სიყვარული და არსიყვარული (სიტყვა “უსიყვარულობას” შეგნებულად არ ვიყენებ, არსიყვარული და უსიყვარულობა სხვადასხვა რამაა და აქაური შემთხვევა არსიყვარულია) სიკვდილისკენ მიდის, ოღონდ ვისი ან რისი, ამის მიხვედრა ბოლო გვერდამდე შეუძლებელია. გმირები ჩიხში შედიან და სცენაზე ჩნდება Deus ex machina, რომელიც წყვეტს კონფლიქტს. რამდენადაც მოულოდნელია დასასრული, იმდენად ხვდები, რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა. ერთიანობა მიღწეულია. ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ – მაგრამ რის ფასად? მეტისმეტად ძვირის გადახდა ხომ არ გვიწევს ამაში?

“ლიტერატურის მიმართ ოდნავი პატივიცემაც არ ჰქონდა და ისე ამასხარავებდა, როგორც სნობურ რიტუალს. მაგრამ როდესაც წერდა, ყველა წესს არღვევდა” – თქვა ჩესლავ მილოშმა გომბროვიჩის შესახებ. და “პორნოგრაფიაშიც” არავითარი წესი არ მოქმედებს, არც მორალური, არც იურიდიული, არავითარი კოდექსი. მხოლოდ ირონია, თამაში და სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი.

პ.ს. მიუხედავად სათაურისა, წიგნში პორნოგრაფიული სცენები არ არის და არც უნდა იყოს.

 

From → Uncategorized

კომენტარის დატოვება

დატოვე კომენტარი