სინანული

სინანული და აღსარება დღეს ყველაზე აუცილებელი რამ არის. ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ეშმაკმა დაკარგოს უფლებები, ადამიანებმა საკუთარი ნებით რომ მიანიჭეს მას. ასეა: ადამიანები უფლებას აძლევენ ეშმაკს, ამის შედეგად კი ის მთელ ქვეყნიერებას ტანჯავს .
ადამიანის მიწიერ ცხოვრებას ცოდვა ჯოჯოხეთის სატანჯველად აქცევს. მაგრამ სულიერმა ბრძოლამ ცხოვრება შესაძლოა სამოთხედაც გარდაქმნას. თუ ადამიანს “ცოდვის წყვდიადიდან გამოსვლა” სურს, ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, – ეს ღვთისაგან ბოძებული “პირველი საღვთო სჯული” და საკუთარი შეცდომები და ცოდვები სიმდაბლით აღიაროს. ეს ღვაწლი “სინანულის უსასრულო ხელსაქმეს” მოაქვს და სულს საღმრთო ნუგეშს ანიჭებს .
მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება – დაავადებული გვაქვს გული, გონება, ნება, ყველა გრძნობა. ცოდვები, მართალია, მოგვეტევა, მაგრამ ვნებები ჯერაც ცოცხლობენ. ცოდვებს აღარ ვიქმთ, მაგრამ ცოდვითი მიდრეკილება, მათი ქმნის წყურვილი ცოცხალია და ეს ყოველივე მოითხოვს სინანულის კიდევ მრავალ შრომას, ბევრ ბრძოლას, ჩვენი მოწყალე მკურნალის – კაცთმოყვარე უფლის მიმართ მწუხარე ღაღადსა და ვედრებას. სადამდე? – სანამ ვცოცხლობთ ამქვეყნად.

დატოვე კომენტარი