წითელი ვერსია
  • 12
  • 3669

მედიამანიპულაციები აგვისტოს ომთან დაკავშირებით

09 აგვისტო 2021

პოლიტიკურად პოლარიზებულ ქართულ მედიასივრცეში, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით რადიკალიზებულია, მედიასაშუალებები ნებისმიერი გზით ცდილობენ მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალების დისკრედიტაციას.


ამასთან, ეს ტენდენცია ვლინდება არა მხოლოდ მიმდინარე, შიდაპოლიტიკური საკითხების გაშუქებისას, არამედ ზოგჯერ საერთოეროვნული მნიშვნელობის მოვლენებით და ტრაგედიებით მანიპულირებამდეც კი მიდის.


მაგალითად, 7 და 8 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალების (განსაკუთრებით - ტვ „პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულის“) ეთერებში დაფიქსირდა კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა იმ საბაბით, რომ თითქოს 8 აგვისტოს არასასურველია აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნისთვის პატივის მიგება და ქართულმა მხარემ ომის წლისთავთან დაკავშირებული მთავარი მემორიალური ღონისძიებები 7 აგვისტოს უნდა დაგეგმოს.


„13 წელი რუსული ინტერვენციიდან - რატომ აყენებს დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ ‘ქართული ოცნება’ ომის დაწყების თარიღს? ოფიციალური მემორიალური ღონისძიებები 8 აგვისტოს იგეგმება. ხელისუფლება რუსულ ნარატივს მიჰყვება და ომის წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებს 7 აგვისტოს ნაცვლად რვაში აღნიშნავს, ეს კი კრემლის პროპაგანდასთან მოდის თანხვედრაში“ - გვაუწყეს „ფორმულის“ 7 აგვისტოს 17:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, ხოლო ტვ „პირველი“ ამავე დღეს საყვედურს გამოთქვამდა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ „აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავზე დაღუპულ გმირთა საფლავებზე არ მისულა“ და აქედან გამომდინარე აკეთებდა დასკვნას, რომ „ქართული ოცნების' გუნდი ომის დაწყების დღედ, რუსეთის მსგავსად, 8 აგვისტოს მიიჩნევს.“


მედიას, ცხადია, შეუძლია დასვას კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორადაა შერჩეული თარიღი, როცა საქართველოს ხელისუფლების, ეკლესიისა და საზოგადოების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იკრიბებიან და კეთდება აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებები, თუმცა ამავე დროს მედიამ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეარჩიოს საკუთარი რიტორიკაც უკვე დამკვიდრებულ ტრადიციებთან მიმართებაში, რადგან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღებთან დაკავშირებით გამოთქმული ნებისმიერი პრეტენზია შესაძლოა არა მხოლოდ დემაგოგიაში გადაიზარდოს, არამედ სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელ პრეცედენტადაც კი იქცეს.


მაგალითად, როგორც ტვ „პირველის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, მედიასაშუალების მთავარი ბრალდება და არგუმენტი ამ შემთხვევაში ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ხელთ არსებული აუდიომტკიცებულებების თანახმად, 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარულ არმიას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა და შესაბამისად, ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა და არა 8 აგვისტო.


არადა რეალურად ის, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2008 წელს, სწორედ, 7 აგვისტოს დაიწყო არასდროს ყოფილა სადავო არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ გაუგებარია, საიდან გამოაქვს მედიასაშუალებას დასკვნა, რომ ომში დაღუპული მეომრების ხსოვნისთვის პატივის მიგების დღე აუცილებლად ომის დაწყების დღეს უნდა ემთხვეოდეს (ან, თუ ეს ასეა, მაშინ როგორ უნდა ავხსნათ განვლილი წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და რატომ არ ექცეოდა ამ გარემოებას ყურადღება 2008 წლიდან დღემდე).


ასევე, აბსოლუტურად გაუგებარია ტელეკომპანია „ფორმულის“ საყვედურიც ღონისძიებების „7 აგვისტოს ნაცვლად“ 8 აგვისტოს გამართვასთან დაკავშირებით, რადგან გაუგებარია, როდის და რომელი ხელისუფლების დროს მიდიოდნენ საქართველის მთავრობის წარმომადგენლები 7 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ან როდის შეიცვალა ეს პრაქტიკა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ თარიღზე უნდა გაკეთდეს მთავარი აქცენტი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვისას - 7 აგვისტოზე, როცა ცხინვალის რეგიონში ფაქტობრივად დაიწყო საომარი მოქმედებები, თუ 8 აგვისტოზე, როცა რუსეთის ფედერაციამ ღიად და ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ამ დისკუსიის მიუხედავად, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დამკვიდრებული ტრადიციიდან გამომდინარე, განვლილი 12 წლის განმავლობაში სწორედ 8 აგვისტო იყო ის თარიღი, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებდნენ დაღუპული მეომრების ხსოვნას.


შესაბამისად, ქართული მედიის მიერ საომარი მოქმედებების დასრულებიდან 13 წლის შემდეგ გაჟღერებული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 8 აგვისტოს მეომრების ხსოვნისათვის პატივის მიგება ომის რუსულ ინტერპრეტაციას ამართლებს ან იმას ნიშნავს, რომ აგვისტოს ომი 8 რიცხვში დაიწყო, არა მხოლოდ მედიის ობიექტურობასთან დაკავშირებით აჩენს კითხვის ნიშნებს, არამედ დაინტერესებული მხარეების მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ტრადიცია საქართველოში უშუალოდ ომის დასრულების შემდგომ წლებში დამკვიდრდა და ასე გრძელდება დღევანდელ დღემდე.


აქედან გამომდინარე ცხადია, რომ პროფესიონალიზმზე პრეტენზიის მქონე მედია, რომლის ინტერესიც არა პოლიტიკური კამპანიის წარმოება, არამედ ობიექტური ინტერესი და თუნდაც იმის გარკვევაა, თუ რატომ შეირჩა 8 აგვისტო როგორც განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი თარიღი აგვისტოს ომთან მიმართებაში, ამ კითხვას პირველ რიგში სწორედ იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს უნდა უსვამდეს, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას უშუალოდ 2008 წლის აგვისტოში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.


ასევე, უდავოდ საინტერესოა იმის გარკვევაც, თუ რატომ ტოვებდა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა 13 წლის წინ დამაბნეველ და წინააღმდეგობრივ შთაბეჭდილებას რუსეთის არმიის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის კონკრეტულ დროსთან დაკავშირებით და ხომ არ იკვეთება იმდროინდელ განცხადებებსა და დოკუმენტებში არათანმიმდევრულობის ან უპასუხისმგებლობის ნიშნები.


ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერპრეტაციების მიუხედავად, ფაქტია, რომ ომის შემდგომ განვლილი მთელი პერიოდის განმავლობაში 8 აგვისტოს საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და დისკუსია ამ მნიშვნელობასთან დაკავშირებით შესაძლებელია წარიმართოს მხოლოდ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებისადმი მაქსიმალურად პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით და არა ვიწროპოლიტიკური სპეკულაციების ჭრილში.


ზვიად ავალიანი
  • 12
  • 3669
0 Comments