როგორ დავეხმაროთ ახალშობილს ამოქარვებაში?

02-02-2022

ამოქარვება (ამობოყინება) იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად სამშობიაროში პირველად მას ასწავლიან ახალბედა დედებს. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, ახალშობილებს რეგულარულად უნდა დავეხამროთ ამოქარვებაში. ამოქარვება არც ისე მარტივი ამოცანაა და სწორი ტექნიკის სწავლა სჭირდება. 

რა არის ამოქარვება?

ამოქარვება არის პროცესი, რომლის დროსაც საყლაპავიდან პირის ღრუში ზედმეტი აირები გამოიყოფა. ზოგჯერ ამოქარვებისას ბავშვი საკვების ნაწილსაც გამოყოფს, მაგალითად, ნახევრად გადამუშავებულ რძეს. ასეთ ამოქარვებას სველს უწოდებენ. თუ ბავშვს ამოქარვებაში არ დავეხმარებით, ის შეიძლება გადროვებულმა გაზებმა შეაწუხოს. 

რატომ სჭირდებათ ახალშობილებს ამოქარვება?

კვების დროს, იქნება ეს ძუძუთი თუ ბოთლით კვება, პატარები ჰაერს ყლაპავენ, რაც შეიძლება მოგვიანებით მუცლის შებერილობის და დისკომფორტის მიზეზი გახდეს. 
დიდი რაოდენობით ჰაერის ჩაყლაპვა მაშინ ხდება, როდესაც ბავშვი დიდი ზომის ულუფებით, სწრაფად მიირთმევს საკვებს ან როდესაც კვების დროს მოუსვენრადაა. 

•    ამოქარვება ათავისუფლებს ბავშვს ზედმეტი აირებისგან და ხელს უწყობს მის სიმშვიდეს და კვების გახანგრძლივებას.
•    ამოქარვება აუმჯობესებეს მდგომარეობას კოლიკის და რეფლუქსის დროს. ბავშვებს, რომლებსაც რეფლუქსი აწუხებთ, განსაკუთრებით ხშირად სჭირდებათ ამოქარვება. 
•    ამოქარვების ტექნიკის ცოდნა საჭიროა მისი ეფექტურობისთვის 

როდის უნდა დავეხმაროთ ბავშვს ამოქარვებაში?

ბავშვს ამოქარვებაში უნდა დავეხმაროთ ყოველი კვების შემდეგ და კვების განმავლობაშიც. უმჯობესია ბავშვს ამოქარვებაში დავეხმაროთ, როდესაც ვატყობთ, რომ დისკომფორტს განიცდის, მაგალითად, როდესაც კვების დროს მოძრაობს, მოუსვენრადაა, ტირის, ან იშორებს საკვებს. ბავშვები, რომლებსაც შებერილობა აწუხებთ, ძირითადად ღამით ჭირვეულობენ. 
ზოგადად, ბავშვს ამოქარვებაში უნდა დაეხმაროთ:
•    როდესაც ერთი ძუძუდან მეორეზე გადაიყვანთ.
•    ბოთლის ნახევრის(60-90მლ-ის) მირთმევის შემდეგ.
•    კვების დროს ყოველ 15-20 წუთში.
•    თუ ბავშვი დიდი ყლუპებით იღებს საკვებს, დროდადრო შეწყვიტეთ კვება და დაეხმარეთ ამოქარვებაში.
•    უფრო ხშირად დაეხმარეთ ბავშვს ამოქარვებაში, თუ მას მუცლის შებერილობა აწუხებს.
•    თუ ბავშვი ღამით ჭირვეულობს და უარს ამბობს კვებაზე, დაეხმარეთ  ამოქარვებაში.

ბოთლით კვებაზე მყოფ ახალშობილებს უფრო ხშირად სჭირდებათ ამოქარვება?

ახალშობილები, რომლებიც ბოთლით იღებენ საკვებს, ბევრად უფრო მეტ აირს ყლაპავენ კვებისას, ვიდრე ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები. ბოთლიდან რძე უფრო სწრაფად მოედინება, რაც ბავშვს აიძულებს უფრო ხშირად გადაყლაპოს და უფრო დიდი ულუფის საკვები მიიღოს გადაყლაპვისას, ვიდრე ძუძუთი კვების დროს. ძუძუთი კვების დროს კვების პორცესი უფრო ნელია და ბავშვს საკმარისი დრო აქვს რძის გადასაყლაპად. თუმცა, ორივე ტიპის კვებაზე მყოფ ბავშვებს სჭირდებათ ამოქარვება. 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამოქარვებაში?

მთავარია, ბავშვი არ დააჩქაროთ და საკმარისი დრო მისცეთ ამოქარვებისთვის. ჩვენ შემოგთავაზებთ შემდეგ ტექნიკებს:

1. გულ-მკერდზე ან მხარზე
•    დაჯექით გამართულად და მიიხუტეთ ბავშვი მკერდზე.
•    მოათავსეთ მისი ნიკაპი თქვენს მხარზე.
•    დარწმუნდით, რომ ბავშვი კომფორტულადაა მოთავსებული.
•    ერთი ხელით დაიჭირეთ ბავშვის მხრები და თავი და მეორე ხელი აუსვით ზურგზე ნელა და გააკეთეთ მცირედი ბიძგები.
ასევე შეგიძლიათ ბავშვი მიიკრათ მხარზე, ერთი ხელით დაიჭიროთ ის, მეორე ხელით კი მის ზურზე მცირე ბიძგები გააკეთოთ ან მოუსვათ ხელი. მუცელზე ნაზად დააწექით, რათა დაგროვებულ აირებს გამოსვლაში დაეხმაროთ.

ძუძუთი კვება, ამოქარვება, ახალშობილი,

2. კალთაში
•    დაისვით ბავშვი კალთაში ისე, რომ სახით თქვენს საპირისპიროდ იყოს შებრუნებული.
•    ხელისგული დაადეთ მას გულ-მკერდზე, თითები მოათავსეთ ნიკაპსა და ყბებზე, ისე, რომ წეზოლა არ მოახდინოთ ყელზე.
•    ოდნავ გადახარეთ ბავშვი წინ და მცირე ბიძგები გაუკეთეთ ზურგზე ან მოუსვით ხელი.

ძუძუთი კვება, ამოქარვება, ახალშობილი,

3. სახით ქვემოთ
დააწვინეთ ბავშვი თქვენს ფეხებზე, ისე, რომ მისი სახე ქვემოთ იყოს მოქცეული, მისი მუცელი კი თქვენს მუხლებთან, თქვენი სხეულის მიმართ 90-გრადუსიან პოზიციაში.
ერთი ხელით დაიჭირეთ ბავშვის ნიკაპი და სახე. ბავშვს თავი სხეულზე ოდნავ უფრო მაღლა დაუჭირეთ.
მეორე ხელით მცირე ბიძგები გააკეთეთ ბავშვის ზურგზე ან ნაზად მოუსვით ხელი.

ძუძუთი კვება, ამოქარვება, ახალშობილი,

გახსოვდეთ:

  • სანამ ბავშვს ამოქარვებისთვის მოამზადებთ დაიფარეთ წინსაფარი, ან ჩაიცვით ამისთვის განკუთვნილი ტანსისამოსი, რადგან ამოქარვების დროს ბავშვები მცირე რაოდენობით საკვებსაც გამოყოფენ, რაც სრულიად ნორმალურია.
  • ბავშვს მძინარე მდგომარეობაშიც შეგიძლიათ დაეხმაროთ ამოქარვებაში ისევე, როგორც ღვიძილის დროს.

კვების შემდეგ ამოქარვების მცდელობას დაუთმეთ 15-20 წუთი. თუ ამოქარვება არ ხდება, ესე იგი, ბავშვი ჯერ მზად არ არის ამისთვის, ან არ სჭირდება. მოგვიანებით ისევ სცადეთ. მაგრამ, თუ ბავშვს აჩნევთ, რომ დისკომფორტს განიცდის, არ გაჩერდეთ და სცადეთ სხვა ტექნიკა. პოზიციების ცვლილება ხელს უწყობს დაგროვებული აირების ადგილიდან დაძვრას.
თუ არც ერთი ტექნიკა არ ამართლებს, სცადეთ თბილი აბაზანა ან მუცლის მსუბუქი მასაჟი. მუცლის მასაჟისას ამოძრავეთ ხელი საათის ისრის მიმართულებით. 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ ბავშვი ამოქარვების შემდეგაც ვერ მშვიდდება, პრობლემა შეიძლება მხოლოდ აირების დაგროვება არ იყოს. თუ ბავშვს კვების შემდეგ ხშირად აქვს ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რატომ ტირიან ბავშების ამოქარვების დროს?

ზოგჯერ ამოქარვების მიუხედავად, აირების გამოდევნა ვერ ხერხდება. ეს ბავშვს აღიზიანებს, შედეგად მან შეიძლება იტიროს, დაახველოს, დააცემინოს. ამ დროს არ შეშინდეთ, სცადეთ ამოქარვების სხვა ტექნიკები, სანამ ბავშვი არ დაწყნარდება. 

როგორ დავიყვანოთ კვების დროს გადაყლაპული აირების რაოდენობა მინიმუმამდე?

1.    მჯდომარე პოზიცია: კვების დროს ბავშვი გამართულ მჯდომარე პოზიციაში მოათავსეთ.
2.    აირჩიეთ ბოთლი სწორად: გამოიყენეთ კოლიკის საწინააღმდეგო ბოთლი. ამ ტიპის ბოთლები დამზადებულია ისე, რომ ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლები აირი ჩაყლაპოს კვების დროს.
3.    ხელოვნური საკვების შენჯღრევა: ხელოვნური საკვების გამზადების დროს არ შეანჯღრიოთ ის ძლიერად. შენჯღრევის დროს ჰაერის ბუშტუკები ჩნდება. მოიცადეთ, სანამ აირის ბუშტუკები გაქრება და ამის შემდეგ მიაწოდეთ ბავშვს საკვები. 

რა ასაკამდე სჭირდებათ ბავშვებს ამოქარვება?

ამოქარვება 6 თვის ასაკამდე ხდება. ამის შემედეგ ბავშვი სწავლობს როგორ მიირთვას საკვები ზედმეტი აირების ჩაყლაპვის გარეშე და ამოქარვების საჭიროებაც ქრება.
არ არსებობს რაიმე ტექნიკა, რომელიც ამოქარვების პროცესს აჩქარებს. გახსოვდეთ, რომ ამ დროს თქვენ გმართებთ მოთმირება და ტექნიკების სწორად გამოყენება.