სტატიები

ე.წ. ქურდული სამყარო და ქუჩური გარჩევები – რა და რატომ ხდება გორში?

"გორში მამაკაცი დაჭრეს", "სისხლიანი ქუჩური გარჩევა გორში", - მსგავსი ცნობები ბოლო დროს ხშირად ვრცელდება. რატომ ფიქრობს საზოგადოება, რომ გორში ქუჩური გარჩევები გახშირდა და რა არის მიზეზები? 

საზოგადოება ფიქრობს, რომ გორში კრიმინალური შემთხვევების ნაწილი ე.წ. ქურდული სამყაროს დაჯგუფებების ერთმანეთთან დაპირისპირებამ გამოიწვია.

  • ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც ქუჩურ გარჩევას და ე.წ. ქურდული სამყაროს ეხებოდა, მიმდინარე წლის ივნისში მოხდა – ერთმანეთს კრიმინალურ ავტორიტეტებად ცნობილი პირები დაუპირსპირდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული ზ.რ. დაჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ 37 წლის მამაკაცი დააკავა.
  • 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს მიმდინარე წლის მარტშიც, ქალაქის ცენტრალურ უბანში. დაჭრილ ა.ა. -ს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა ოპერაცია. 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აღნიშნული პიროვნება, სხვა 4 პირთან ერთად. ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.
  • მამაკაცი დაჭრეს მიმდინარე წლის მაისშიც. შს სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ 1958 წელს დაბადებული მამაკაცი ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა 1972 წელს დაბადებულმა დ.ა.-მ. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
  • სისხლიანი დაპირისპირება მოხდა გასულ წელსაც. 2020 წლის ივლისში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მყოფ ლ.რ.-ს, ვერხვების დასახლებაში. გასროლა ავტომანქანიდან განხორციელდა და მამაკაცი ფეხში დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა ორმხრივი იყო.
რეზო რევაზიშვილი, საიას იურისტი

“ელემენტარული დაკვირვებაც საკმარისია, იმის მისახვედრად რომ კრიმინოლოგიური​ სიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში. საზოგადოებაში მკვეთრად არის ამის აღქმა გამოხატული”, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რეზო რევაზაშვილი.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები ცალსახად აჩვენებს, რომ გახშირებული კრიმინალური შემთხვევები და ე.წ. ქურდული გარჩევები, ხელისუფლების არასათანადო რეაგირებამ და ცალკეული პირების ქმედებების წახალისებამ გამოიწვია.

“მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ქვეყნდება შსს-ს მიერ დანაშაულის სტატიტიკა და დანაშაულის მატება არც ისე დრამატულად ჩანს ხოლმე ამ სტატისტიკებით, მაინც აღქმა არის, რომ სიტუაცია გაუარესებულია”, – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული ჯგუფების წახალისებაც ხდება, კერძოდ კი წინასაარჩევნოდ.

“სახალხო დამცველმაც და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიუთითეს იმ სავარაუდო ფაქტებზე, როდესაც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ არჩევნების პროცესებში ან/და რაღაცნაირად ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიებში. ეს აჩენს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს იმისას, რომ ეს ადამიანები არიან შეთანხმებულები ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ ხდება, ისე რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ასეთი ფაქტები განახორციელონ ქვეყანაში”.

შშს-ს გორში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ აქვს. უწყების ვებგვერდის მიხედვით, გასულ წელს შიდა ქართლში მკვლელობის ერთი და ძალადობის 194 შემთხვევა მოხდა, თუმცა სხვას აჩვენებს გასულ წლებში გაშუქებული კრიმინალური შემთხვევები, მათ შორის ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები.

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა კანონით დასჯადია. ასევე ისჯება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრისთვის დასახმარებლად მიმართვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები