საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო 0:0 ბულგარეთი

საქართველო 0:0 ბულგარეთი
13 ივნისი 2022

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩი თბილისში გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა დინამო არენაზე 55 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე ბულგარეთს უმასპინძლა

თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენ გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. საბოლოოდ, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები C4 ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს შორის 4:0 დასრულდა. 

? ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):  „ბოლო ორ კვირას დადებითად შევაფასებ. ოთხი თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არც ელოდა. გასაგებია, რომ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ დღევანდელი შედეგით, თუმცა ეს კარგიც არის, რადგან ნიშნავს, რომ მეტის მიღწევის ამბიცია გვაქვს. ეს დაგვეხმარება სექტემბერში და ზოგადად მომავალში.

არ მინდა მხოლოდ ბოლო ოთხი თვის შესახებ ვისაუბრო. ოქტომბრის შემდეგ, 9-დან 7 მატჩი მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ, 7 შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ფეხბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობენ. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ და მაქვს შესაძლებლობა მათი მწვრთნელი ვიყო. საკმაოდ მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, განსაკუთრებით დისციპლინის მხრივ და ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა ეს კარგად მიიღეს. აქედან გამომდინარე, დღეს დადებითი ემოციები მაქვს.

90 წუთის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს ერთი შანსიც არ ჰქონია. ამიტომ, დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება ძალიან რთულია. ჩვენი ინტენსივობა ბოლო კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ევროპის წამყვან ნაკრებებთან შედარებითაც კი. ყველა ბოლომდე დაიხარჯა, ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფი. რა თქმა უნდა, როდესაც რამდენიმე ცვლილებას აკეთებ, ზოგჯერ თამაში თავისუფლად არ მიდის, თუმცა ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი იყო. დღევანდელ თამაშში მნიშვნელოვანი იყო ფიტნესის, სისწრაფის პრობლემა. ის შეგრძნება, რომელიც მატჩის შემდეგ დაგვეუფლა, კარგია, რადგან ეს მეტ მოტივაციას მოგცემს, რომ ვიმუშავოთ და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. დაღლილები ვართ, რადგან მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეები, სტაფი, ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ სექტემბერში კვლავ ერთად ვიქნებით.

ოთხი მატჩის შემდეგ 10 ქულა გვაქვს, კარგი მატჩები ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს უნდა მივულოცოთ. მათ ქვეყანას სიხარული მოუტანეს და ხალხმაც დიდებულად გვიპასუხა. ატმოსფერო შესანიშნავი იყო სტადიონზე და დარწმუნებული ვარ, სექტემბერში, როდესაც არენა კვლავ შეივსება, უფრო უკეთეს თამაშს შევთავაზებთ მაყურებელს, რათა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ".

? ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო იყო. თითქოს მთელი ერი შეიკრა ჩვენ გარშემო წინა წარმატებების და გამარჯვებების გამო. მართლა ძალიან დადებითი ემოცია მოდიოდა და გვეხმარებოდა გუშემატკივარი.

სამწუხაროა, რომ ეს შედეგში ვერ ავსახეთ და საფეხბურთო დღესასწაული ბოლომდე გამარჯვებით ვერ დავაგვირგვინეთ. გულშემატკივარს მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, ისინი გვაძლიერებენ, მიუხედავად ასეთი მჭიდრო საფეხბურთო გრაფიკისა, არანორმალური გრაფიკია 10 დღეში ოთხი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. რომ არა გულშემატკივრები ალბათ ამის გაკეთებაც რთული იქნებოდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მომენტები ვერ ავსახეთ გოლში, ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და მათთვის ზეიმის ჩუქება. დღეს არავის დამარცხება არ არის იოლი. მითუმეტეს როდესაც ზედიზედ ორ მატჩს ეთამაშები მართლა კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისეთი მჭიდრო დაცვის გარღვევა, როგორიც ბულგარეთმა მოაწყო საკუთარ საჯარიმოში ძნელი იყო. ამიტომ უნდა გამოგვეყენებინა ის მომენტები, რომელიც შევქმენით.

ამ ერთა ლიგის დაწყების წინ, ვინმეს რომ ეთქვა 10 ქულა გვექნებოდა ოთხი თამაშის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუფიქრებლად თანახმა იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან კარგი შედეგია, მაგრამ რა თამაშსაც და ხარისხსაც გუნდი აჩვენებდა, რამდენი გოლიც გაგვქონდა, როგორ ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა. იმიტომ რომ წარუმატებლობა არის ასეთი ნაკრებისთვის როგორიც ჩვენ გვყავს, სავსე დინამო არენაზე, რომ ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას". 

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრას ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. 26 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.