ხელოვნება

ხატია ვედმედევა: არა მარტო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

23 სექტემბერი, 2013 • • 2026
ხატია ვედმედევა: არა მარტო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

წარმოდგენილი პროექტის ავტორი საინიციატივო ჯგუფია, რომლის შემადგენლობაში თეატრის ამჟამინდელი მმართველი ხატია ვედმედევა,  მაგდა ქაჯაია, ილია ბუაძე, ნიკოლკოზ მახათელი, ზაზა ასმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძე შედიან. დღევანდელ შეხვედრას როგორცსახელოვნებო სივრცის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

 

ხატია ვედმედევას თქმით, პროექტის ჯგუფი პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რომ ქალაქი კულტურული და საგანმანათლებლო კუთხით განვითარდება. მისივე სიტყვებით, ქუთაისის ოპერის თეატრი საქართველოს და არა მარტო საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა:

 

„ეს პროექტი ეხება იმას, რომ ქუთაისის ფუნქციონალური დატვირთვა, ბუნებრივი, არის კულტურული ცენტრი და საგანმანათლებლო ცენტრი. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ იმის პასუხისმგებლობას, რომ ქუთაისი განვითარდება ზუსტად ამ კუთხით. ქუთაისში იქნება საერთაშორისო საოპერო თეატრი, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რომელიც აღზრდის მომავალ კადრებს საქართველოში საქართველოსთვის, ქუთაისისთვის და საქართველოს სავიზიტო ბარათი და არა მარტო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. „

 

ევროკავშირის უწყვეტი პროფესიული განათლების ექსპერტი მაგდა ქაჯაია ამბობს, რომ ქუთაისი არასოდეს არ ყოფილა საპარლამენტო ქალაქი, ეს ბოლო რამდენიმე წლის შედეგია.  ქაჯაია მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქუთაისს კულტურისა და განათლების ცენტრად ჩამოყალიბებაში უნდა შეუწყოს ხელი:

 

„მე მიმაჩნია, რომ ქუთაისი არის საქართველოს კულტურისა და განათლების დედაქალაქი. ქუთაისი არ არის საქართველოს პოლიტიკური, ან ადმინისტრაციული დედაქალაქი, ვინაიდან ეს ნამდვილად არის ქალაქ თბილისის ფუნქცია. ჩვენ, ქუთაისელებს და ქუთაისის საზოგადოებას, ხელისუფლებისგან გვინდა, რომ მათ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქალაქის ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი, რაც დღეს შეიძლება საქართველოს ცენტრალურმა, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთოს ქუთაისისთვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. ეს ქუთაისის ბუნებრივი მდგომარეობაა.”

 

იგივე მოსაზრება აქვს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს:

 

„მოგეხსენებათ, ისტორიულად ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა კულტურული დატვირთვა, იყო მართლაც საგანმანათლებლო ცენტრი. მე მოხარული ვარ და ამაყი ვარ, იმიტომ რომ დღეს ამ თემას ასე სერიოზულად შეეხო ქართული საზოგადოება, ძალიან წარმატებული მოღვაწეები ჩამოვიდნენ ქუთაისში, როგორიცაა გოგი ჭიჭინაძე, ახალი ხელმძღვანელი ყავს ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელიც ძალიან შემართებით უძღვება ამ საქმეს და შედეგიც სახეზეა, აგერ პრეზენტაცია შედგა და ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტები მოვისმინეთ. „

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე მიიცნევს, რომ საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი პროექტისთვის ფინანსების მოძიებას შეძლებს. მისივე თქმით, კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “კულტურის შესახებ” კანონში ქუთაისისთვის სასარგებლო ცვლილებები შეიტანონ:

 

“კულტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში ექნებათ საშუალებები გამოძებნონ თანადაფინანსების სახით ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გარკვეული სახსრები იმისთვის რომ ეს ოთხწლიანი პროექტი იქცეს საფუძვლად ქუთაისის მომავალი განვითარებისა და კულტურის აყვავების ამ ძალიან ლამაზ ქალაქში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ “კულტურის შესახებ” კანონში აისახოს ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რაც ქუთაისს დასჭირდება იმისათვის,რომ იქცეს კულტურულ ცენტრად და შეიძინოს უდიდესი საგანმანათლებლო ფუნქცია. “

 

“ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქუთაისს რეალურად მიეცეს რეალური ფუნქცია, რეალური დატვირთვა და არ აიგოს ისეთი “პოტიომკინის სოფლების” მავარი რამ მხოლოდ, როგორიც გახლავთ საქართველოს პარლამენტი. იმიტომ, რომ აქ ადამიანებს ჰპირდებოდნენ დასაქმებას. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ასეთი რამ არ ვერ მოხდა. ქუთაისი დღეს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ ქუთაისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს საქართველოს გული, იყოს საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრი, იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი და ამავე დროს, ხელოვნების და კულტურის კერა,”- დასძინა ჩაფიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი