ეკონომიკა

შეთანხმება კვერცხის ფასზე სააღდგომოდ

3 მაისი, 2013 • • 2940
შეთანხმება კვერცხის ფასზე სააღდგომოდ

კვერცხის ფასი, ხარისხიდან გამომდინარე, თბილისის სუპერმარკეტებში 27-დან 30 თეთრამდე იცვლება. პროდუქტის დისტრიბუტორები აცხადებენ, რომ წინასააღდგომოდ ბაზარზე ადგილი აქვს ფასში შეთანხმებას ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის. 

კომპანია „გიორგი 2011“ წარმომადგენელი გიორგი ნანუაშვილი ამბობს, რომ რადგან სააღდგომოდ ადგილობრივი კომპანიები არ აიაფებენ კვერცხს, ფასს არც იმპორტიორები დასწევენ:

“დღესასწაულის შემდეგ ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს და ყველა იძულებული გახდება ფასი შემციროს“.

“იმპორტიორებმაც იციან, რომ სააღდგომოდ კვერცხზე არის მოთხოვნა და ფასს არ დასწევენ. ჩვენც ვინარჩუნებთ ფასს, თუმცა დღესასწაულის შემდეგ ფასი დაიწევს, რადგან მოხოვნა შემცირდება”, – აცხადებს “მეფრინველეობის ასოციაციის” ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

კვერცხის მწარმოებლების პროგნოზით, ადგილობრივ მეფრინველეობის ფაბრიკებს ჭარბი იმპორტი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ უფრო მეტად დააზარალებთ. “მეფრინველეობის ასოციაციის” ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა 2012 წლის დეკემბერში კვერცხის იმპორტიორებს ბაზარი გაუხსნა:

„საქართველოს ბაზრზე ბოლო სამი თვის განმავლობაში თურქეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და ირანიდან კვერცხის ჭარბი იმპორტი განხორციელდა. ამის გამო ბაზარზე ადგილობრივ კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ და წაგებაზე გავიდნენ. ფასს ვერ ვამცირებთ, რადგან კვერცხის წარმოებისთვის ნედლეულის თვითღირებულება მაღალია. თუ ფასს დავწევთ, კომპანიების ფინანსური ზარალი გაიზრდება“.  

მეფრინველეობის ფაბრიკების მფლობელები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ ადგილობრივ ბიზნესს საგადასახადო შეღავათები არ დაუწესა, ბაზრის დატოვება მოუწევთ, რადგან იმპორტირებულ კვერცხს ფასში კონკურენციას ვერ გაუწევენ: 

“მეფრინველეობის ასოციაციის” ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ  კვერცხის გარდა სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან:

„საგადასახადო კოდექსის თანახმად, კვერცხის წარმოება 18-პროცენტიანი დღგ–თი იბეგრება. თუ დღგ გაუქმდა, პროდუქტის წარმოება 18 პროცენტით გაგვიიაფდება და ბაზარზე ნიშას შევინარჩუნებთ.“

გიორგი ნანუაშვილი საგარეჯოს ფაბრიკის პროდუქციის რეალიზაციას ახდენს. მისი თქმით, ჭარბი იმპორტი ყველაზე მეტად მსხვილ საწარმოებს დააზარალებს:

„ჩვენ შემოტანილი კვერცხი არ გვაქვს. არც იმდენს ვაწარმოებთ, რომ ბაზარი დავაკმაყოფილოთ. ამიტომ კვერცხის ჭარბი იმპორტი   ნაკლებად დაგვაზარალებს“.

მეწარმის პროგნოზით, დიდი ფაბრიკები იძულებულნი იქნებიან ფასი დასწიონ: „მაგალითად, „კუმისმა“, „კოდამ“ „ალგეთმა“ თუ ფასი არ დასწიეს, მათ პროდუქტს იმპორტი ჩაანაცვლებს.“  

„ალგეთის მეფრინველეობის ფაბრიკის“ დირექტორი ვაჟა ღიღელიანი ამბობს, რომ  ადგილობრივი წარმოების გადასარჩენად სავალდებულო მარკირების შემოღებაა საჭირო:

„ქართული კვერცხი ყოფნიდა ბაზარს. ახლა რეალიზაცია ჭარბი იმპორტის გამო გვიჭირს. მთავრობამ უნდა განახორციელოს ცვლილებები კანონმდებლობაში და უცხოურ და ადგილობრივ კვერცხზე მარკირება სავალდებულო უნდა გახადოს. მომხმარებელი აირჩევს იმ პროდუქტს, რომელიც უფრო ახალია.“ 

ქართული კვერცხისთვის ექსპორტის ერთადერთი ბაზარი ერაყია. მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ერაყში ქართული კვერცხი მცირე პარტიებით გადის. თურქეთის კანონმდებლობით, ბაზარზე შესასვლის შემთხვევაში ქართული კვერცხი 120- პროცენტიანი საბაჟო გადასახადით იბეგრება, ხოლო უკრაინის ბაზარზე შესასვლელად ექსპორტიორმა სპეციალურად განსაზღვრული ქვოტები უნდა იყიდოს.

დაუწესებს თუ არა საქართველოს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს კვერცხის მწარმოებლებს, ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ კვერცხზე მარკირება აუცილებლად უნდა მოხდეს. რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ეს მსჯელობის საგანია.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მეფრინველეობის ფაბრიკების წარმომადგენლებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, უწყებაში ამ საკითხს სწავლობენ და კომენტარიც მოგვიანებით გაკეთდება.

საქართველოს მთავრობამ კვერცხის იმპორტი თავდაპირველად 2006 წელს შეაჩერა და ამის მიზეზად “ფრინველის გრიპის” პრევენცია დაასახელა, თუმცა მოგვიანებით იმპორტი ნაწილობრივ აღდგა, ხოლო სრულად 2010 წელს შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი