საზოგადოება

როგორ და სად იცვამენ სკოლის ბანკეტისთვის საქართველოში [ფოტო]

8 ივნისი, 2015 • 8398
როგორ და სად იცვამენ სკოლის ბანკეტისთვის საქართველოში [ფოტო]

ნუცა გაგნიძემ თბილისის 117-ე სკოლა დაამთავრა.

“ბანკეტისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დავიწყე. სამზადისი ყველაზე მეტად განერვიულებს ამ დროს, რას ჩაიცმევ – უმნიშვნელოვანესი “სადარდებელია” გოგონებისთვის”, – ამბობს ნუცა – “კაბის შეკერვა გადავწყვიტე და არც მინანია, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმომედგინა. ვარცხნილობაზე ბევრი არ მიფიქრია, მინდოდა, სადა და ლამაზი ყოფილიყო”.

ნუცა გაგნიძე
ნუცა გაგნიძე, ფოტო: ზურა შამათავა

როგორც ნუცა ამბობს, მისი საბანკეტო სამზადისი 1000 ლარამდე დაჯდა.

“პირველი, რასაც გირჩევთ —  ბანკეტზე პირველად არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი, თუ ის ახალია. ეს იყო ჩემი ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიული თითქმის არაფერში ვარ, ბანკეტის წინა დღესაც კი არ მქონდა არჩეული ჩანთა – კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ერთდროულად კაბისთვის, ფეხსაცმელისთვის და მაკიაჟისთვის უნდა შემეხამებინა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, ხარჯებმა 1000 ლარს მიაღწია და თვეების განმავლობაში, ჩემთვის, როგორც აბიტურიენტისთვის, უმნიშვნელოვანესი საკითხი ეს იყო, სალონში, დიზაინერთან და მაღაზიებში სირბილმა სასურველი შედეგი გამოიღო და ბანკეტის დღეს ზუსტად ისე გამოვიყურებოდი, როგორც მინდოდა,” – ამბობს ნუცა.

მერი ვეშაპელი
მერი ვეშაპელი

მერი ვეშაპელმა თეთრიწყაროს #1 საჯარო სკოლა დაასრულა. როგორც თავად ამბობს, საბანკეტო ჩაცმულობისთვის დაახლოებით 200 ლარი დახარჯა:

“კაბას რამდენიმე დღე ვარჩევდი. საბოლოოდ “თბილისი მოლში”, ერთ-ერთ მაღაზიაში მივაგენი დაახლოებით ისეთს, როგორიც მინდოდა. 130 ლარად ვიყიდე. ფესაცმელიც იქვე ვიყიდე 80 ლარად”.  

მერი ამბობს, რომ მაკიაჟი უფასოდ გაუკეთა ერთ-ერთმა ვიზაჟისტმა თბილისში.

მანჩო ესიტაშვილი
მანჩო ესიტაშვილი

მანჩო ესიტაშვილმა თბილისის #144 სკოლა დაამთავრა. მისი საბანკეტო ჩაცმულობა 600 ლარზე მეტი დაჯდა. კაბა კერძო ატელიეში შეიკერა და 400 ლარი გადაიხადა.

“ფეხსაცმელი 120 ლარად ვიყიდე”, – ამბობს მანჩო. ამას გარდა, თმისა და მაკიაჟის გაკეთებაში 100 ლარი გადაიხადა, დაფერვაში [რუჯი] – 35 ლარი.

მარი გაბრიჩიძე
მარი გაბრიჩიძე

 

მარი გაბრიჩიძემ თბილისის #1 კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. ამბობს, რომ მისი საბანკეტო ჩაცმულობა დაახლოებით 300 ლარი დაჯდა: კაბა დედამ შეუკერა და მხოლოდ ნაჭრის ყიდვაში გადაიხადა 80 ლარი. ნაჭერი კაბისთვის, ფეხსაცმელი და ხელჩანთა “ლილო მოლში” შეიძინა:

“ფეხსაცმელში 100 ლარი გადავიხადე, ჩანთაში – 500 ლარი,” – ამბობს მარი. ამ ხარჯებს დაემატა სალონის მომსახურება (თმა, მაკიაჟი), ჯამში, 50 ლარი.

სალომე სიფრაშვილი
სალომე სიფრაშვილი

 

სალომე სიფრაშვილმა თბილისის 124-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი საბანკეტო ჩაცმულობაც 300 ლარამდე დაჯდა: კაბაში 80 ლარი გადაიხადა, ფეხსაცმელში – 120, ჩანთაში – 50, ხოლო სალონის მომსახურებაში- 40 ლარი. ამბობს, რომ საბანკეტო ტანისამოსი სავაჭრო ცენტრ “კიდობანში” შეიძინა.

ცირა ლაზბა
ცირა ლაზბა

ცირა ლაზბამ ბათუმის №5 საჯარო სკოლა დაამთავრა. მან ბანკეტისთვის მზადება 2 თვით ადრე დაიწყო. კაბისთვის ნაჭერი გორკის ქუჩაზე იყიდა მაღაზიაში 200 ლარად. დიზაინი თვითონ შეარჩია და კაბა დედამ შეუკერა.

“ფეხსაცმელი “სტელაში” 110 ლარად ვიყიდე. მაკიაჟი სილამაზის სალონ “მაგიაში” გავიკეთე 40 ლარად”.

ცირას თქმით, ყველაფერი, ჯამში, 800 ლარი დაუჯდა და შედეგითაც კმაყოფილია.

რუსა ომიაძე
რუსა ომიაძე

 

რუსა ომიაძემ თბილისის 133-ე სკოლა დაამთავრა. მისი საბანკეტო ჩაცმულობა 650 ლარზე მეტი დაჯდა.

“კაბა “პასაჟის” ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყიდე, 200 ლარამდე გადავიხადე. თავიდან წითელს ვფიქრობდი და მერე კრემისფერი გადავწყვიტე. სოლარიუმშიც გავირუჯე და ფერთან მინდოდა შემეხამებინა. ჩემს რუჯს კრემისფერი კაბა უფრო მოუხდა”, – ამბობს რუსა. სოლარიუმში 120 ლარი გადაიხადა რუჯისთვის, მაკიაჟის გაკეთება 70 ლარი დაუჯდა.

“შინდისფერი ფეხსაცმელი მეცვა, სამაჯური და საყურეც შინდისფერი შევარჩიე. ფეხსაცმელში 200 ლარი გადავიხადე, სამაჯურში – 30 ლარი, საყურეში კი – 20 ლარი.”

მაკი ცეცხლაძე, ფოტო: ბაჩანა მერაბიშვილი
მაკი ცეცხლაძე, ფოტო: ბაჩანა მერაბიშვილი

 

მაკი ცეცხლაძემ თბილისის 32-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი საბანკეტო სამზადისი 500 ლარი დაჯდა.

“ბევრი ვიფიქრე, რა გამეკეთებინა. ათამდე კაბა მაინც მექნებოდა ნანახი, მაგრამ გადავწყვიტე ვარდისფერი საყვარელი კაბა შემეკერა და დავემსგავსე ბარბის. შევიკერე ჩემს დიზაინერ თამუნასთან, რომელიც ძალიან ვაწვალე იმიტომ, რომ ყოველ მისვლაზე ახალ შტრიხებს ვამატებდი. წლევანდელი მოდის კაბები იყო კოშმარი, რაც ვნახე და შევიკერე ისეთი, როგორიც მე მინდოდა. კაბა დამიჯდა 300 ლარი. მაკიაჟი – 70 ლარი, კაბას შავი ფეხსაცმელები შევუხამე და ისინი 120 ლარი ღირდა”.

მუხრან ფერაძე
მუხრან ფერაძე

 

მუხრან ფერაძემ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა დაამთავრა. სკოლის ბანკეტისთვის ტანსაცმელი ქუთაისში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიძინა. ფეხსაცმელში 80 ლარი გადაიხადა, პერანგში – 70, ჰალსტუხში – 20 და შარვალში 80 ლარი, მთლიანობაში, 250 ლარი გადაიხადა.

მაიკო კოჩაძე
მაიკო კოჩაძე

მაიკო კოჩაძემ ხარაგაულის სოფელ ვარძიის სკოლა დაამთავრა. კაბა თბილისში, სამოდელო სააგენტო Angels-ში შეიკერა, რაშიც 180 ლარი გადაიხადა. თბილისში შეიძინა ფეხსაცმელებიც – 100 ლარად. ვარცხნილობა და მაკიაჟი კი ზესტაფონში 40 ლარად გაიკეთა. მთლიანობაში, მისი საბანკეტო სამზადისი 300 ლარზე მეტი დაჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი