ახალი ამბები

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვამ 19 მკვდარი დელფინი გამორიყა

26 მარტი, 2016 • 2783
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვამ 19 მკვდარი დელფინი გამორიყა

შავი ზღვის სანაპიროს განმუხური-სარფის მონაკვეთზე მარტის განმავლობაში ზღვის ძუძუმწოვრების-დელფინების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა, აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, დახოცილი დელფინების გამორიყვის მიზეზი შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექცია იყოს.

“მორბილვირუსული ინფექცია მთელი შავი ზღვის მასშტაბით ცირკულირებს. მეცნიერებისთვის უცნობია მორბილვირუსით ადამიანის დასნებოვნების ფაქტები, თუმცა ვთვლით, რომ სიფრთხილე აუცილებელია. დელფინი თბილსისხლიანი ცხოველია და და მას ადამიანებთან ბევრი საერთო დაავადება, საერთო ფიზიოლოგია, საერთო ბიოლოგია გააჩნია, აქედან გამომდინარე არსებობს რისკი, მათთან კონტაქტის შემთხვევაში ადამიანთა დასნებოვნების”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს არჩილ გუჩმანიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

6789

არქივის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი