ახალი ამბები

შეთანხმდა თუ არა პუტინთან ბენდუქიძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება?

4 სექტემბერი, 2012 • • 1512
შეთანხმდა თუ არა პუტინთან ბენდუქიძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება?

კახა ბენდუქიძე 2004 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ბენდუქიძე 2004–2009 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ავტორი და განმახორციელებელია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მან მთავრობის კანცელარიაში რეფორმების კოორდინაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მის გუნდს ეკუთვნის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეგულაციებისაგან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. 2008 წლის 30 ინვრიდან 2009 წლის 7 თებერვლამდე ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობდა.

 

ლარისა ბურაკოვას ბესტსელერში – „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, მეორე თავში – “ახალი ქვეყნის დაბადება” აღწერილია, თუ როგორ ჩამოვიდა გავლენიანი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე რუსეთიდან საქართველოში და როგორ გახდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი.   
                        

„2004 წლის თებერვალში მე გადავდექი ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან. კიდევ მქონდა დარჩენილი საქმეები. თუმცა ყოველდღური გადაწყვეტილების მიღება აღარ მჭირდებოდა. უფრო დიდი ყურადღება დავუთმე ეკონომიკის უმაღლეს სკოლას. ვბჭობდი, რითი დავკავებულიყავი. ვგეგმავდი მაის–ივნისში საფრანგეთში, ესპანეთში გამგზავრებას და იქ სახლის შეთვალიერებას, ზღვისკენ ხედით. ამ დროს დამირეკა არკადი ვოლსკიმ (რუსეთის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი 1998–2005 წლებში), მეუბნება:  

 

“საჭიროა საქართველოში გამგზავრება. მე ვპასუხობ: სხვა გეგმები მაქვს. ის თავისას აგრძელებს: საჭიროა, ჩვენ უშენოდ როგორ? ყველა მივდივართ. სააკაშვილმა მიგვიწვია, პუტინი თანახმაა. ყველაფერი მზად არის, ჩვენ ჩარტერი შეკვეთილი გვაქვს. ძალიან გთხოვ, შენს გარეშე რაღაც უხერხულია“.

 

ბენდუქიძე იქვე ამბობს, რომ ამ დრომდე ის საქართველოში არ ჩადიოდა: „რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იყო ელექტროენერგია. იყო წყლის პრობლემები. რაღაც ყველაფერი მოუწყობელი იყო… ნათესავები და მეგობრები ჩემთან ჩამოდიოდნენ“.

 

ლარისა ბურაკოვასთან საუბარში ბენდუქიძე ამბობს: „კარგი, ვიფიქრე, ჩავალ. თუმცა ქალაქი მტვრიანია და გზებიც საშინელ დღეშია. არც შუქი არ არის, მაგრამ ვგრძნობ რაღაც შეიცვალა.“

 

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე შემოთავაზება კახა ბენდუქიძემ ზურაბ ჟვანიასგან მიიღო.

 

„შევხვდი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას. 4 საათი ვისაუბრეთ. განვიხილეთ, რაშია საქართველოს სპეციფიკა. მე ვუხსნი, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, უნდა იყოს უფრო გახსნილი. რეალურად შეუძლია გახდეს სავაჭრო ცენტრი. მისი ინდუსტრიზაცია იქნება რთული, მაგრამ ხელი არ უნდა შევუშალოთ“.

 

ბენდუქიძე ლარისა ბურაკოვასთან საუბარში იხსენებს: „ჟვანია მეკითხება: რას შემოგვთავაზებთ? მე ვპასუხობ, რომ ვურჩევ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დროდადრო მათ რჩევებს მისცემს.ზურაბ ჟვანია ამბობს: თქვენ არ გინდათ გახდეთ მინისტრი? ვპასუხობ: არ მიფიქრია. ათი–თხუთმეტი წამის შემდეგ ვპასუხობ: მეც შემიძლია. ძალიან კარგი, ამბობს ჟვანია და პრეზიდენტთან მივდივართ”.

 

კახა ბენდუქიძის და მიხეილ სააკაშვილის საუბარი მთავრობის კანცელარიაში შედგა: „თვენახევარი მჭირდება იმისთვის, რომ მოსკოვში საქმეები დავამთავრო, სააკაშვილი ამბობს, რომ დღენახევარს ან ორ დღეს კიდევ გაიგებს. უკვე გვიანდება, საქმის კეთება უნდა დავიწყოთ,“  –  იხსენებს ბენდუქიძე.    

 

საქართველოში ჩამოსვლის შესახებ კომენტარს, ბურაკოვასთან ინტერვიუმდე კახა ბენდუქიძე გაზეთი „იზვესტიასთან“ აკეთებს.  2004 წლის 2 ივნისს გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ბენდუქიძე მინისტრობამდე გაიზარდა”.

 

“მე, საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე, გავემგზავრე რუსი ბიზნესმენების დელეგაციასთან ერთად თბილისში და იქ მივიღე წინადადება, რომელზეც უარი ვერ ვთქვი,“ – ჰყვება ბენდუქიძე „იზვესტიას“ კორესპოდენტთან საუბრისას.

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ამპლუაში  ბენდუქიძე, „იზვესტიასთან“ ამბობს, რომ “მისი კოლეგები ხშირად უნდა ჩავიდნენ თბილისში“. მისი აზრით, ახლა რუსეთის და საქართველოს ბიზნესებს გაუჩნდათ საშუალება მჭიდროდ ითანამშრომლონ: „ამ შესაძლებლობას ორი ქვეყნის ბიზნესმენები ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს უნდა უმადლოდნენ“. 

 

„იზვესტიასთან“ ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლას აფასებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია,  (რომელიც  2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა). ჟვანია აღნიშნავს, რომ ბენდუქიძის ჩამოსვლა საქართველოში იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანის მთავრობას, სერიოზული საერთაშორისო პოზიციები აქვს. მისი თქმით, ამ ფაქტის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, სხვათაშორის დაუყოვნებლივ აცნობა რუსეთის პრეზიდენტს.

 

სააკაშვილის სიტყვებით, პუტინისთვის „ინფორმაცია ბენდუქიძის დანიშვნის შესახებ მოულოდნელი იყო, თუმცა ის გაგებით მოეკიდა ამ საკითხს.“         

 

რამდენად და რატომ მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბენდუქიძის საქართველოში დაბრუნების პროცესში, რის შემდეგაც ის ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი გახდა, ამ საკითხის გარკვევის მიზნით, ჩვენ თავად კახა ბენდუქიძესთან ვცადეთ დაკავშირება. როგორც “ნეტგაზეთს” მისმა მრჩეველმა დავით გორგილაძემ განუცხადა, ბენდუქიძე საქართველოში არ იმყოფება. ის ქვეყანაში 12 სექტემბერს დაბრუნდება.   

 

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1980 წელს – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ასპირანტურა. 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიას.

 

1988 წელს დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. შექმნა კავშირი „ბიოპროცესი“. 1996 წელს შექმნა კომპანია, რომელიც მძიმე მანქანათმშენებლობის სექტორში საქმიანობდა. კახა ბენდუქიძე ამავდროულად იყო რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი. მან კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2004 წელს დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი