ახალი ამბები

ნერგების ამოთხრასთან დაკავშირებით კუს ტბის ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქცია ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]

4 აგვისტო, 2013 • • 1395
ნერგების ამოთხრასთან დაკავშირებით კუს ტბის ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქცია ჩატარდა [ფოტო/ვიდეო]

დღვანდელ აქციაზე დაახლოებით 40–მდე ადამაინი შეიკრიბა, ხოლო 7 აგვისტოს  ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებას მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან გეგმავენ. 

 

“ციყვების ტერიტორიასთან” დაკავშირებით აქციები ივლისის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე რესტორნის მშენებლობა იგეგმებოდა და ნერგები უნდა ამოეთხარათ.

 

“პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლებმა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 29 ივლისს გამართეს.  ხელმძღვანელი ნატა ფერაძე იმ მანქანაზე ავიდა, რომლითაც ნერგები უნდა ამოეთხარათ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ნატას მანქანიდან ჩამოსვლა სთხოვა, თუმცა იგი  არ ჩამოვიდა. მისი მტკიცებით, ამ პერიოდში ამოთხრილი ნერგები ვერ გადარჩებიან. 

 

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ნერგების თხრა მერიის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით ხდებოდა, შესაბამისად, მათი ქმედება კანონსაწინააღმდეგო არ იყო. პოლიციამ შეადგინა ორდერი, რომლშიც ნატა ფერაძის მოთხოვნები გაითვალისწინა. “მწვანე მებაღეობის” წარმომადგენლების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ბრიგადამ ხეების ამოთხრა შეწყვიტა. 

 

30 ივლისს ნერგების ამოთხრის საფრთხე კვლავ გაჩნდა.  ტერიტორიაზე პატრულიც გამოიძახეს, რადგან  ოცამდე ადამიანმა მუშებს ნერგების ამოღების საშუალება არ მისცა. 


თუმცა გარკვეული რაოდენობის ნერგების ამოღება ტერიტორიის მესაკუთრემ მაინც შეძლო. ტერიტორია, რომელზეც შპს. “კოლორიტი” რესტორანს აშენებს, შემოღობილია. ნერგების ამომღები და ნერგების გადამტანი მანქანები შემოღობილ ტერიტორიაზე იყო შესული.  მოქალაქეებმა, რომლებიც ნერგების ამოღებას აპროტესტებდნენ, შემოღობილი ტერიტორიაზე შესასვლელი კარი საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს. მანქანები იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. შპს. “კოლორიტის” წარმოამდგენელმა კი პატრულს გამოუძახა. ადამიანები, რომლებიც ხეების ამოღებას აპროტესტებდენ, “კოლორიტის” მფლობელთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

 

ტეროტორიაზე მივიდა პატრული, რომელმაც განაცხადა, რომ მუშებს ხეების ამოღების ნებართვა მერიისგან მიღებული აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ ნერგები არ დაზიანდება. აქციის მონაწილე მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ივლისში ამოღებული ხეები მაინც გახმება და მიაჩნიათ, რომ მერიის ნებართვა ირღვევა.


29 ივლისს, გვიან სამშენებლო ტერიტორიაზე დადგეს აბრა, რომელზეც მითითებულია, რომ სამუშაოები შპს “კოლორიტის” დაკვეთით ტარდება.  შუადღით, როცა მოქალაქეებმა ნერგების ამოღება გააპროტესტეს, აბრა დადგმული არ იყო. 

 

თბილისის მერიამ კუს ტბის ფერდობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. მერიის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა.

 

“კუს ტბის ტერიტორიაზე ბავშვთა მოსასვენებელი ცენტრის მშენებლობასთნ დაკავშირებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან არაფრისმომცემი დავის ნაცვლად, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს და არც იგეგმება ხეების გაჩეხვა, ხდება მხოლოდ ბუჩქოვანი ნარგავების გადარგვა(ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადად ბუჩქოვანი ნარგავები და რამოდენიმე ფოთლოვანი ხე) და პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტერიტორიის დამატებითი ნარგავებით გამწვანება. კუს ტბის მიმდებარედ არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა (რზ-3) 2011 წელს, აუქციონის წესით 650 000 ლარად შპს „ემ ჯგუფი ინფო“-ზე გასხვისდა, რომელსაც შემდეგ შპს „კოლორიტი“ ჩაენაცვლა. ინვესტორს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა. ასევე გაარემონტოს ე.წ „ციყვების“ ატრაქციონი და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი ხორციელდება კანონის სრული დაცვით, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.

 

საკითხს ასევე სწავლობს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტი.  განცხადება აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქცია “ქრთული ოცნება–თბილისელების” წევრმა კახა ფირუაშვილმა 1 აგვისტოს გააკეთა.

 

ამ ქალაქში უამრავი პრობლემაა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ამ მოწვევის საკრებულოში ამ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იქნება, მაგრამ ვეცდები კატასტროფული მდგომარეობის მცირედით მაინც შემსუბუქებას. პირადად მე დღეს ვაპირებ მივიდე კუს ტბის ტერიტორიაზე და მოვინახულო ის ადგილი, სადაც იგეგმება რესტორნის მშენებლბა. ზოგადად, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, იქ ხეების მოჭრა არ იგეგმება და დაგეგმილი იყო ნარგავების სხვა ადგილზე გადატანა”, – აცხადებს კახა ფირუაშვილი და დასძენს, რომ კომისია აპირებს შეისწავლოს, რამდენად კანონიერად შენდება კუს ტბის ტერიტორიაზე რესტორანი.

 

ტერიტორია, რომელზეც ხეების ამოთხრა მიმდინარეობდა, კერძო საკუთრებაშია. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგნლის ერეკლე ურუშაძის განმარტებით, ტერიტორიას შპს “ოტიუმი” ფლობს, რომელიც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის, არჩილ გეგენავას კუთვნილი კომპანიიის “ემ ჯგუფის” საკუთრებაშია. “საერთაშორისო გამჭრვალობა” საკითხს იკვლევს და ეჭვი აქვს, რომ თბილისის მერიასა და კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი