ახალი ამბები

ივანიშვილი: ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი

6 აგვისტო, 2013 • 2091
ივანიშვილი: ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი

ივანიშვილი აცხადებს, რომ მოკლე დროში მიღწეულია ის, რაც შეიძლებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში და ეს არის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ამას გარდა, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამას რეალისტურად მოჰყვება მუდმივი ავიარეისების აღდგენა და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება ან საერთოდ გაუქმება.


“რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო, რათა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენ გვქონდა რუსებთან.  ამას დასჭირდება დრო, ხანგრძლივი დრო, თუმცა ეს დროში განვითარდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და დავალაგებთ ურთიერთობებს.


თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, რაც მისასალმებელია.  ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი და რუს ხალხს უყვარს ქართველები.  არსებობს დიდი სურვივლი და ნოსტალგია და შემთხვევითი არ არის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ის, რაც ხდება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, ძირითადად, დაკავშირებულია ოლიმპიადასთან. მისი თქმით, ახლა ნერვიულობა იგრძნობა რუსეთის მხარეს და მას დიდი იმედი აქვს, რომ ოლიმპიადის შემდეგ გაიოლდება და უფრო პოზიტიური, კონსტრუქციული გახდება ორმხრივი ურთიერთობა.


ივანიშვილის თქმით, მისი მხრიდან არსებობს მზაობა და სურვილი პუტინთან შეხვედრის და ეს ძალიან შორეული პერსპექტივა არ არის, თუმცა, მისი განცხადებით, ახლა შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობს და ამას სჭირდება “უფრო მეტი პოზიტივი, უფრო მეტი გათელვა ორმხრივი ურთიერთობების.  ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი