ახალი ამბები

ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში გამოცხადდა

16 აგვისტო, 2013 • 4237
ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა ყოფილი მინისტრები, დინიტრი შაშკინი და ხათუნა კალამახელიძე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება კალმახელიძისა და შაშკინის მინისტრობის დროს პატიმართა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს.

 

პროკურატურიდან ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დიმიტრი შაშკინი დაკითხვაზე არ  მისულა, რადგან საქართველოში არ იმყოფება.  

 

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში, მიუხედავად სახალხო დამცველის ანგარიშებში არსებული მითითებებისა, დაუსჯელად რჩებოდა პატიმრების ცემა-წამების ფაქტები. 

 

“წლების განმავლობაში პატიმართა ცემა-წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში და ხორციელდებოდა სისტემატურად, ჯგუფურად, რამოდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად, სხვადასხვა საშუალებებითა და მეთოდებით, როგორც საკნებში, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულების ღია ტერიტორიაზე.  

 

აღნიშნული ფაქტები წლების განმავლობაში რჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ რეგულარულად აისახებოდა საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ვრცელდებოდა მასმედიის საშუალებებით.

 

ყოველივე ზემოთქმულის  გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის 

ცალკეულ პირთა მიერ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით,  გამოძახებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრები, ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი.

 

ამავე საქმეზე, უახლოეს დღეებში, მოწმის სტატუსით ასევე დაიკითხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი