ახალი ამბები

კუს ტბაზე ნერგების ამოღების პროცესი განახლდა [ვიდეო]

28 სექტემბერი, 2013 • • 1362
კუს ტბაზე ნერგების ამოღების პროცესი განახლდა [ვიდეო]

 “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლებმა პროცესის შესაჩერებლად პატრული გამოიძახეს, თუმცა, პოლიციის განცხადებით, მათ უფლება არ აქვთ, ინვესტორს კუთვნილ ტერიტორიაზე ნერგების ამოთხრა აუკრძალონ. 

 

 „პარტიზანული მებაღეობა“ მოქალაქებს აერთიანებს, რომლებიც  ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ჯიშის ნერგებს რგავენ. ისინი ასევე აქტიურად ზრუნავენ ახალდარგული ნერგების მოვლა-პატრონობასა და ხეების გადარჩენაზე

 

“დღეს დილიდან კომპანიამ, რომელსაც შესყიდული აქვს ეს ტერიტორია, განაახლა ხეების განადგურება შემოფარგლულ ტერიტორიაზე, მათ აქვთ ნებართვა იმაზე, რომ გადარგონ მწვანე ნარგავები, რომლებიც ტერიტორიის შიგნითაა, მაგრამ ამ ნებართვაში ცხადად წერია, რომ უნდა შეუნარჩუნონ საციცოცხლო ფუნქცია. აქ დგას ტრაქტორი, რომელიც არ არის შესაფერისი ამ სამუშაოებისთვის და უხეშად ძირკვავს ხეებს, ხეები აღარ გადარჩება, მათი სასიცოცხლო ფუნქცია შეწყდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ გაჩერდეს ეს პროცესი. პატრული უარს ამბობს იმაზე, რომ დანაშაული შესრულების მომენტში შეწყვიტოს, პატრულის არგუმენტი არის ის, რომ ინვესტორი [ხეების დაზიანების შემთხვევაში] ჯარიმას გადაიხდის” -განაცხადა მარიკა სლოვინკიმ. 

 

ადგილზე ორი საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა, პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ უფლება შეაჩერონ ნერგების ამოთხრის პროცესი, რადგან ინვესტორი ნებართვის საფუძველზე და კანონის ფარგლებში მოქმედებს. ინვესტორის ვალდებულებაა, ამოღებული ნერგების სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოს და იმ შემთხვევაში, თუ მცენარე მოკვდება, მას ჯარიმის გადახდა ეკისრება. 

 

გამოძახების ოქმის შედგენისას, ასევე, მოვიდა  შპს “კოლორიტის” წარმომადგენელი ანა კორძაია, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ნერგები კვლავ კუს ტბის ტერიტორიაზე განთავსდება, იქ, სადაც თავისუფალი ადგილია. აქამდე ცნობილი იყო, რომ  ამოღებული ნერგები კომპანიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე უნდა გადაერგა. შეკითხვაზე, რატომ შეცვალა კომპანიამ გადაწყვეტილება, ანა კორძაიამ განაცხადა, რომ რადგან ნერგების გატანის უფლებას მოქალაქეები არ აძლევენ, შესაბამისად, იმავე ტერიტორიაზე მათი გადარგვის გადაწყვეტილება მიიღო კომპანიამ. შპს “კოლორიტს”აღნიშნულ ადგილზე რესტორნის აშენება აქვს გადაწყვეტილი. 

 

“თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური თანახმაა, შპს “კოლორიტის”ტერიტორიაზე (კუს ტბის გზის მიმდებარედ) ხე-ბუჩქოვანი მცენარეები გადაირგოს, თქვენს საკუთრებაშივე არსებული ტერიტორიის თავისუფალ ნაწილში აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით, რათა არ დაირღვას მათი სასიცოცლო ფუნქიცა”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გაცემულ ნებართვაში,რომელიც 25 სექტემბრითაა დათარიღებული. 

 

 “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენელი მარიკა სლოვინსკი ამბობს, რომ ნერგების სასიცოცხლო ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმა მსხვილი ინვესტორისთვის ვერ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი და მარტივად გადაიხდის მას. იგი აცხადებს, რომ სასამართლოში შეიტანენ სარჩელს:

 

” ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და ეს ძვირად დაუჯდება კომპანიას, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და მოხდება მაშინ, როცა ყველა მცენარე განადგურდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მცენარეები გადარჩეს”- განაცხადა მარიკა სლოვინსკიმ. 

 

შეგახსენებთ, რომ ციყვების ტერიტორიასთან” დაკავშირებით აქციები ივლისის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე რესტორნის მშენებლობა იგეგმებოდა და ნერგები უნდა ამოეთხარათ.

 

ამ დროისათვის, (18:00) “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები კვლავ კუს ტბაზე, ე.წ. “ციყვების ტერიტორიაზე” იმყოფებიან. როგორც მარიკა სლოვინსკიმ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ადგილზე მისული იყო საკრებულოს წარმომადგენელი და ასევე პარლამენტარი ფრიდონ საყვარელიძე. 

 

“გაეცნენ პროცსებს და გვითხრეს, რომ შევიტანოთ განცხადება პარლამენტარების და საკრებულოს წევრების სახელზე და შემდეგ საკითხს განიხილავენ, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფირმასთან, რომელიც ნერგების ამოღებას და გადარგვას ახორცილებს, დადებული ხელშეკრულება არასრულყოფილია. იგი მხოლოდ ნარგავის ამოღებას და გადარგვას ითვალისწინებს, მაგრამ გახარება რასაც ქვია- მორწყვა, გასხიპვა, სასუქების დამატება, ეს ყველაფერი ამ ხელშეკრულებაში არ შედის.  იკვეთება სურათი, რომ ხეებს გადაიტანენ და ეს ხეები გახმება და ყველას ხელი აქვს დაბანილი”- განაცხადა მარიკა სლოვინკიმ.

 

ადგილზე შეკრებილები ელოდებიან, რომ კუს ტბაზე  მერიის მიერ გამოგზავნილი დენდროლოგები მივლენ, რომლებმაც ნერგების გადარგვის პროცესი უნდა გააკონტროლონ. მერიის პირობიდან ერთი საათია გასული, თუმცა ადგილზე სპეციალისტები ჯერ-ჯერობით არ მისულან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი