ახალი ამბები

სად და როგორ ირღვევა ადამიანის პირადი ცხოვრება საქართველოში

20 მარტი, 2014 • • 1804
სად და როგორ ირღვევა ადამიანის პირადი ცხოვრება საქართველოში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ პირველი ანგარიში მოიცავს 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის მარტამდე მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებისა და გაწეული კონსულტაციების შედეგებს. 

 

ანგარიშში სხვადასხვა სისტემური ხასიათის პრობლემასთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გასაჯაროება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მოსმენები, ვიდეოთვალთვალი და მიყურადება. 

 

“ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ჩვენ მოგვმართავს, აქვს დაუცველობის განცდა და მუდმივი კონტროლის შიში. ჰგონიათ, რომ მათი ყველა ნაბიჯი კონტროლდება. საბედნიეროდ, ხშირად ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების ცნობიერების დონე დაბალია, არ იციან, რა არის პერსონალური მონაცემები, როგორ და სად ხდება მათი დამუშავება. სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღების დროს ისინი თანხმობას აცხადებენ მათი პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე ისე, რომ არ იციან რაზე ამბობენ თანხმობას. იქ მათ ამის შესახებ არავინ უხსნის. შესაბამისად, ეს თანხმობა არ არის ინფორმირებული,”- აცხადებს თამარ ქალდანი. 

 

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული შემთხვებებს შორისაა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის პრობლემა, დამსაქმებლების მიერ კანდიდატების შესახებ არასათანადო ინფორმაციის გაგება, ვიდეოთვალთვალი და ა.შ. 

 

“ძალიან ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კონფიდენციალური; ძალიან ხშირად არ არის გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ ხორციელდება ვიდეოთვალთვალი. ასევე, დამსაქმებლები ითხოვენ სხვადასხვა სახის არასათანადო ინფორმაციას,”- ამბობს ქალდანი.

 

მაგალითად, როგორც ანგარიშში წერია, ერთ-ერთი დამსაქმებელი კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატისგან განათლებისა და სამუშაო გამოცდილების, სახელფასო ისტორიისა და შემოსავლის შესახებ ინფორმაციის გარდა, სავალდებულო წესით ითხოვდა მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის, სისხლის სამართლის საქმეში ნებისმიერი სტატუსით მონაწილეობის, ეთნიკური წარმომავლობის და რელიგიური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას. დასაქმების კანდიდატი იძულებული გახდა წარედგინა ეს მონაცემები, ვინაიდან წარუდგენლობა გამოიწვევდა სამსახურში მის მიღებაზე უარის თქმას. 

 

ანგარიშის მიხედვით, ასევე, ადამიანებს პრობლემებს უქმნის ინტერნეტის საშუალებით მონაცემთა “არაპროპორციული და მიზნის არაადეკვატური გასაჯაროება:”

 

“საკრედიტო ორგანიზაციამ გამოიყენა საჯარო შეტყობინების ფორმა, სადაც მიუთითა არა მხოლოდ ადამიანის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, არამედ ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დავალიანების ოდენობა, ხელშეკრულების რეკვიზიტები. განმცხადებელსა და მონაცემთა დამმუშავებელს შორის დადებული ხელშეკრულებისა და მხარეთა მიმოწერის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ინტერნეტრესურსის გამოყენებით საჯარო შეტყობინების აუცილებლობა არ არსებობდა. სამწუხაროდ, განხილული მაგალითი არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას. არაერთი საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაცია იყენებს საჯარო შეტყობინების ფორმას და, როგორც წესი, დავალიანების გადახდის შემდგომაც არ ან ვერ ხდება ინფორმაციის დახურვა. მონაცემები კვლავ ხელმისაწვდომია ინტერნეტ და საძიებო რესურსებში, რაც ზიანს აყენებს ადამიანის რეპუტაციას, რომ არაფერი ითქვას თავად მონაცემთა გასაჯაროებასთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე.”

 

როგორც აღმოჩნდა, პრობლემები პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ნარკოლოგიური შემოწმების დროსაც იქმნება.

 

“პირებმა, რომელთაც ნებაყოფლობით გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება, განაცხადეს, რომ შემოწმება ხორციელდებოდა ვიდეოკონტროლის პირობებში ყოველგვარი ალტერნატიული საშუალებების შეთავაზების გარეშე. იმავდროულოდ, დაკვირვების ოთახში განთავსებულ მონიტორზე გამოსახულების ნახვა არა მხოლოდ პერსონალს, არამედ ნარკოლოგიური შემოწმების სხვა მსურველებსაც შეეძლოთ,” – წერია ანგარიშში.

 

6 თვის განმავლობაში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატმა 376 კონსულტაცია გასცა მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხზე. გარდა ამისა, როგორც ქალდანი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელს ჩაუტარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაზისო ტრენინგი, ხოლო 163 საჯარო მოხელესა და კერძო კომპანიის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა შრომით ურთიერთობებში მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს გასცნობოდა.


“მოქალაქეთა 8 განცხადებაზე რეაგირებისა და 2 ინსპექტირების შედეგად, კანონის აღსრულების მიზნით გატარდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა დარღვევების მითითებული ფორმითა და ვადებში გამოსწორება, მონაცემთა ბაზებთან წვდომის შეზღუდვა, მათი დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. საჯარო განცხადებები გავრცელდა პირდაპირი მარკეტინგის, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების, ვიდეოთვალთვალის და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროების თემაზე,”- აცხადებს ქალდანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი