ახალი ამბები

უსუფაშვილი: ბენდუქიძის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს

14 ნოემბერი, 2014 • • 984
უსუფაშვილი: ბენდუქიძის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს

“გუშინ გარდაიცვალა საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი კახა ბენდუქიძე. პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ბატონი კახა გახლდათ არაორდინარული პიროვნება, რომლის ღვაწლს და საქმინობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს.”  

 

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 13 ნოემბერს გავრცელდა. 

 

ნათესავი, რომელმაც ბენდუქიძის ბინაში “ნეტგაზეთის” ზარს უპასუხა, ამბობს, რომ ეკონომიკის ექს-მინისტრმა გულის სტენტირების ოპერაცია შვეიცარიაში, კერძოდ ციურიხში გაიკეთა, რის შემდეგაც ლონდონში გაემგზავრა. იგი ვარაუდობს, რომ ბენდუქიძემ ციურიხის საავადმყოფოს დატოვება იჩქარა და შესაძლოა, თრომბი განუვითარდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.

 

თავისუფალი უნივერსიეტის კანცლერის ვატო ლეჟავას ინფორმაციით, ბენდუქიძეს ლონდონში ჰყავდა ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში მასთან ერთად არ იმყოფებოდნენ. უცნობია, რა საქმეზე იმყოფებოდა ბენდუქიძე ლონდონში.

 

“ლონდონში იმიტომ იმყოფებოდა, რომ საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, თუ ქაღალდებით გინდათ… სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო და მეორეც, ჰქონდა განცდა, რომ მას დაკავების საფრთხე ემუქრებოდა და არ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა. საქმე იყო აღძრული უნივერსიტეტის პრივატიზების კუთხით”, – აცხადებს ლეჟავა.

 

კახა ბენდუქიძე 2004 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ბენდუქიძე 2004–2009 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ავტორი და განმახორციელებელია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მან მთავრობის კანცელარიაში რეფორმების კოორდინაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მის გუნდს ეკუთვნის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეგულაციებისაგან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. 2008 წლის 30 ინვრიდან 2009 წლის 7 თებერვლამდე ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობდა. მან დააფუძნა “თავისუფალი უნივერსიტეტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი