ახალი ამბები

ფრანგული ინსტიტუტი 2014 წელს ფრანგულიდან ნათარგმნი პუბლიკაციების პრეზენტაციას აწყობს

21 იანვარი, 2015 • • 1801
ფრანგული ინსტიტუტი 2014 წელს ფრანგულიდან ნათარგმნი პუბლიკაციების პრეზენტაციას აწყობს

ფრანგული ინსტიტუტის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 17 პუბლიკაცია, მათ შორის ჟან-პოლ სარტრის, რომენ გარის, დანიელ პენაკის, ჟან ჟიონოს, სიმონ დე ბოვუარის, კლოდ სიმონის, ჟიულ რომენის და სხვა მწერლების ნაწარმოებები; ოლგა შავერნეს „აუტისტი ბავშვი – სახელმძღვანელო მშობლებისთვის“, ასევე როლან ბარტის, ჟან-ჟაკ რუსოს და სხვათა ნაშრომები, ლიტერატურული ჟურნალის „არილი“ ორი ნომერი, რომლებიც მიეძღვნა ფრანგულ ლიტერატურას.

 

წიგნები თარგმნილია გიორგი ეკიზაშვილის, ნატა ბალავაძის, ნანა ცქიტიშვილის, დოდო ლაბუჩიძის, ცისანა ბიბილეიშვილის, თამარ აბრამიშვილის, მანანა ბოსტოღანაშვილის და სხვა მთარგმნელების მიერ.

 

მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამა საქართველოში 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ფრანგული ლიტერატურის პოპულრიზაციას. პროგრამა ეხმარება ქართულ გამომცემლობებს ფრანგი ავტორების ნაწარმოებების ქართული თარგმანების გამოცემაში.

 

ფრანგული ინსტიტუტის ცნობით, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, პარიზის ფრანგული ინსტიტუტის და საფრანგეთის წიგნის ეროვნული ცენტრის დახმარებით. დღემდე ამ პროგრამით გამოცემულია 166 პუბლიკაცია. გამოსაცემად მზადდება და გეგმაშია კიდევ 26 პროექტი.

ფრანგული ინსტიტუტი
ფრანგული ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი