ახალი ამბები

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 ივნისი, 2020 • 2275
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით სენაკში პირი დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებული და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების – “მაგამედისა” და „ხაკიმის” სახელით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის – თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით, მოქალაქეს – მოქალაქეს შვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.

„სამართალდამცველებმა პირი დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას გამოძალული თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ამბობს უწყება.

დაკავებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც “ქურდული სამყაროს” წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.

დაკავებულს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი