ახალი ამბები

რუსი ოლიგარქები მშვიდობის მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ

27 თებერვალი, 2022 • 6744
რუსი ოლიგარქები მშვიდობის მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ

რუსი ოლიგარქების ნაწილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოების წყალობით დააგროვა და შეინარჩუნა, უკრაინაში რუსეთის წამოწყებული სასტიკი ომის ფონზე მშვიდობის მნიშვნელობაზე ალაპარაკდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა დასავლეთის უმკაცრესი სანქციები რუსი მაღალჩინოსნების, კომპანიებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ.

„მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს!“ — წერს თავის ტელეგრამ არხზე ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა.

ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებულ ოლეგ დერიპასკას, სხვა პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ის პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლიგარქია. როგორც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გამოძიებიდან ირკვევა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავები სარგებლობენ ოლეგ დერიპასკას იახტებით, თვითმფრინავებითა და სასახლეებით. სანაცვლოდ, მას ლავროვი მფარველობს.

დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლებს წერილი მისწერა კიდევ ერთმა ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა, რომელიც „ბილაინის“ („ვიონი საქართველო“, „ვიონი ჯგუფი“) ბენეფიციარი მფლობელია. „ვიონი ჯგუფი“, ფრიდმანის არაერთი კომპანიის მსგავსად, ნიდერლანდებშია რეგისტრირებული და სწორედ ამ ქვეყნიდან ოპერირებს. მიხეილ ფრიდმანი ასევე ფლობს „ალფა ჯგუფს“, არის „ალფა ბანკის“ დამფუძნებელი — ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ბანკის. სწორედ ფრიდმანის ბიზნესჯგუფი ფლობს საქართველოში „ბორჯომის წარმოებას“.

როგორც მიხელ ფრიდმანი ამბობს, ის დაიბადა და 17 წლამდე ცხოვრობდა უკრაინაში, ლვოვში, ბიზნესი კი რუსეთში წამოიწყო, სადაც ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. მისი თქმით, თავისი მშობლები ამჟამადაც უკრაინის მოქალაქეები არიან.

„მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი და მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ათასობით თანამშრომლის მიმართ რუსეთსა და უკრაინაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ომი არასდროს შეიძლება იყოს პასუხი. ეს კრიზისი ადამიანთა სიცოცხლისა და ზიანის ფასად დაუჯდება ორივე ქვეყანას, რომლებიც ერთმანეთის მოძმეები იყვნენ ასწლეულების განმავლობაში. რადგან გამოსავალი საშიშად შორს მოჩანს, ერთადერთი, რაც შემიძლია, შევუერთდე ამ სისხლისღვრის დასრულების სურვილს“, — ნათქვამია ფრიდმანის წერილში, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ გაავრცელა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქნციები რუსი ოლიგარქების წინააღდმეგ კიდევ იქნება და ვერც ერთი ოლიგარქი, რომელიც სარგებლობს პუტინის ხელისუფლების „სიკეთეებით“, მშვიდად ვერ გააგრძელებს საქმიანობას.

რუსეთმა სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო და მას მერე ცდილობს არაერთი ქალაქის, მათ შორის, კიევის აღებას. რუსეთი უკრაინას რამდენიმე მხრიდან უტევს.

მთავარ ფოტოზე: მიხაილ ფრიდმანი (მარცხნივ), ოლეგ დერიპასკა (მარჯვნივ).

მასალების გადაბეჭდვის წესი