ახალი ამბები

უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლოში ედავება

6 ივლისი, 2022 • 1143
უჩა მამაცაშვილი „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლოში ედავება

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რომელიც 2014 წელს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოშიც იყო, „ანტიკორუფციულ მოძრაობას“ სასამართლოში ედავება. პროცესი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს.

ორგანიზაციის განცხადებით, საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელთან კავშირშიც მამაცაშვილი დაადანაშაულეს, საპასუხოდ კი მამაცაშვილმა მათ სასამართლოში უჩივლა. ორგანიზაციის ლიდერების განცხადებით, აღნიშნული სარჩელი კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს ოლიგარქიული რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და აცხადებენ, რომ დღევანდელ პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას მოწმის სახით ნიკა გვარამიას გამოძახების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, თავადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარია:

„არა მარტო ანტიკორუფციული მოძრაობის“ შეფასებით, არამედ სახალხო დამცველის შეფასებითაც დღევანდელი სასამართლო პროცესი არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ებრძვის მედიას და როგორ გვებრძვიან ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ, რომლებიც ვამხელთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, არაფორმალურ მმართველებს და მათ მფარველობას, ტრანსნაციონალურ დანაშაულშია. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რას გვედავება ოლიგარქიული რეჟიმი და უჩა მამაცაშვილი.

ერთის შემთხვევაში, ეს არის ელექტროენერგიის ტარიფი, ჩვენ ვიკვლევთ, თუ რატომ გაუძვირდა ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგიის ტარიფი, რატომ გაუძვირდა კერძო სექტორს ელექტროენერგიის ტარიფი. ის, რომ არსებობს კორუფციული ინტერესი, არსებობენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ასოცირდება არაფორმალურ მმართველებთან და ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს უძვირდებათ ყოველდღიური ცხოვრება. ნაცვლად იმისა, ხელისუფლება კორუფციის აღმოფხვრით იყოს დაკავებული, გვიჩივის ჩვენ.

როცა უჩა მამაცაშვილი გვთხოვს მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას და ეს შუამდგომლობა ცალსახად დაადასტურებს სასამართლოს პოზიციას უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებით. ვითხოვთ ნიკა გვარამიას მოწმის სახით გამოძახებას იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას უშუალოდ ჰქონდა ინტერვიუ პირთან, რომელიც საუბრობდა უჩა მამაცაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით ქოლცენტრების საქმეში“, – აცხადებენ „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“.

რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის პოზიციას, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მამაცაშვილი ორგანიზაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის ანტიკორუფციული მოძრაობისგან 150 000 ლარს ითხოვს.

საქმეში მოსაზრებას სასამართლოს მეგობრის სტატუსით ომბუდსმენიც წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი