ახალი ამბები

საქართველოს საგარეომ კასიანოვი დაიბარა

25 იანვარი, 2023 • 797
საქართველოს საგარეომ კასიანოვი დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი დაიბარა. მიზეზი მის მიერ ერთ-ერთ უკრაინულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუს დროს გაკეთებული კომენტარია.

კასიანოვმა “ევროპეისკა პრავდასთან” საუბრისას თქვა, რომ უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

“დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება”, — უთხრეს “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რა მოხდა მანამდე

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს უკავშირდება.

თუმცა გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ანდრეი კასიანოვმა თქვა:

“პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური საფრთხეების ზრდის შემთხვევაში, დღეისათვის საელჩო არ გამორიცხავს, მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი