ახალი ამბები

ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში — ოდიშარია

26 ივნისი, 2023 • 1906
ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში — ოდიშარია

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ის, ვინც მმართველი გუნდის წევრებს პრორუსს დაუძახებს, „მიიღებს ცხვირ-პირში“.

ამის შესახებ მან კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ოდიშარიას ეს რეპლიკა, სავარაუდოდ, იმ ადამიანებს ეხებოდა, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტში საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს ხედავენ.

ამასთან, ოდიშარიამ  კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელი გიგა კობალაძე, რომელსაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები თავიანთი ჰონორარების მითვისებაში ადანაშაულებენ.

„CISAC (ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია) კი არა, ისეთი ხალხი შეჰყავთ შეცდომაში და ევროპარლამენტარებს ისეთ რაღაცებს აკეთებინებენ და ზოგიერთი ადამიანი ისეთ რაღაცებზე აწერს ხელს, რომ… რამენაირად CISAC-ს ვაპატიოთ, რომ წაუკითხავად მოიწერა წერილი.

აუდიტორული დასკვნაა, რომელიც საქპატენტმა ტენდერის საფუძველზე გამოაცხადა და მიიღო 140 გვერდი. მე ამ ადამიანის [გიგა კობალაძის] საქციელმა ისე გამაღიზიანა და კიდევ დღეს ეს უტიფრობა გრძელდება…

ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს. მე არ დავუშვებ, ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას [წარმოვადგენ] და საერთოდ, თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ენას კბილი დააჭირეთ, რა! კბილები მარტო იმისთვის არ არის, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ“, — განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გააძლიეროს.

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზე (GERA) მორგებული.

GERA 2019 წელს შეიქმნა და ხელოვანთა ნაწილი, ვინც საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს, სწორედ GERA-ს შეეურთდა.

თავის მხრივ,  GERA-ს მოქმედი კანონით არ აქვს საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი