ახალი ამბები

რუსი ვარსკვლავების დასჯის მოთხოვნა და მათი ბოდიშების სერია „თითქმის შიშველი“ წვეულებისთვის

27 დეკემბერი, 2023 • 3135
რუსი ვარსკვლავების დასჯის მოთხოვნა და მათი ბოდიშების სერია „თითქმის შიშველი“ წვეულებისთვის

რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ბოდიშებს იხდიან მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში გამართული დახურული წვეულების გამო, სადაც სტუმრები „თითქმის შიშვლები“ იყვნენ მისული.

წვეულების მონაწილეთა წინააღდმეგ კამპანია წამოიწყეს სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა, ასევე, კრემლის სატელიტმა ორგანიზაციებმა.

აღნიშნული წვეულების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას მოჰყვა გაუქმებული სარეკლამო კონტრაქტები, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანების ფონდში ფულის შეტანის მოთხოვნა და „ლგბტ-პროპაგანდის“ მუხლით შესაძლო გამოძიება.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მოწყობილი შაბაში“

რუსეთში არსებული ავტორიტარული რეჟიმისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიუხედავად, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი მოსკოვში, ასე თუ ისე, თავისუფლად ფუნქციონირებდნენ გეი-კლუბები, ან ისეთი დაწესებულებები, რომლებშიც მიმდინარე წვეულებებიც შეიძლებოდა მიუღებელი ყოფილიყო „ტრადიციული ღირებულებებისთვის“ — მიდგომისთვის, რომლის ერთგულებასაც კრემლი იჩემებს

თუმცა ცნობილი ბლოგერისა და ტელეწამყვანის [18 მილიონზე მეტი გამომწერი „ინსტაგრამზე“], ნასტია ივლეევას მოწყობილი ორდღიანი წვეულება კრიტიკის ქარცეცხლში მაინც გაეხვა. მიზეზი მონაწილეთა ჩაცმულობა გახდა – წვეულების დრეს-კოდი „თითქმის შიშველი“ იყო და, შესაბამისად, სტუმებიც მის შესაბამისად იყვნენ შემოსილი.

ფოტოები წვეულებიდან.

ივლეევამ წვეულებაზე რუსეთში არაერთი ცნობილი სახე მიიწვია, მათ შორის, მომღერლები ფილიპ კირკოროვი და დიმა ბილანი, ტელეწამყვანი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნათლული ქსენია სობჩაკი და სხვები. ისინიც, ასე თუ ისე, წვეულების დრეს-კოდის შესაბამისად იყვნენ ჩაცმული. ფოტოები წვეულებიდან თავად მონაწილეებმა გაავრცელეს.

„როცა ჩვენი ბიჭები იღუპებიან“… – დასმენები და კრიტიკა

ფოტოების გავრცელებიდან მალევე, კრემლის სატელიტმა არაერთმა მოძრაობამ დააანონსა, რომ აპირებს საგამოძიებო უწყებებს მიმართოს წვეულების „გეი-პროპაგანდასა“ და სხვა საკითხებზე შესამოწმებლად, აღნიშნავს „მედუზა“.

მოძრაობა „ხალხის ძახილში“ წვეულებას უწოდეს „სკანდალური გართობი ეპიცენტრი“ და აღნიშნეს: „და ეს მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და მხარს უჭერს ტრადიციულ ღირებულებებს“.

მონაწილეთა კრიტიკით გამოირჩეოდა „კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური ფონდის“ ხელმძღვანელი, ვიტალი ბოროდინი, რომელმაც აქამდე არაერთხელ მიმართა პროკურატურას სხვადასხვა ადამიანის დასჯის მოთხოვნით.

„ეს არის ნამდვილი სოდომია, ლგბტ-პროპაგანდა. [..] რას აჩვენებენ ბავშვებს, რა მაგალითია ეს? ნამდვილი “ლგბტ-შნიკები” შეიკრიბნენ იქ. [..] რაზე ფიქრობენ? დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიდის. ჩვენი საზოგადოება გაოცებულია“, – განაცხადა მან.

„უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ ხელმძღვანელმა, ეკატერინე მიზულინამ [სხვადასხვა რეპრესიული კანონპროექტის ავტორი დეპუტატის, ელენა მიზულინას შვილი] თქვა, რომ ცინიკურია ასეთი წვეულებების ჩატარება მაშინ, როცა „ჩვენი ბიჭები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ იღუპებიან და მოუწოდა ხალხს მათი ბოიკოტისკენ „სახელმწიფო დონეზე“.

„ჩვენი მეომრები ამისთვის არ იბრძვიან… ასეთი წვეულებები ფეხში გასროლაა იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც სახელმწიფო ატარებს“, – მიიჩნევს იგი.

თავდაპირველად წვეულების ორგანიზატორი ივლეევა კრიტიკას სიხარულითაც კი შეხვდა:

„ძალიან მომწონს, როცა ყველა ჩემს წვეულებაზე წერს კომენტარებს, “გარყვნილებააო”. [..] არადა, უბრალოდ მოვიდა ლამაზი ხალხი, ლამაზ სამოსში, ნახევრად შიშველი“, – თქვა მან.

„რა მოაწყვეთ?“ – „ლგბტ-პროპაგანდის“ აღმოჩენა და ბოდიშები

ივლეევას თავდაპირველი რეაქციის მიუხედავად, წვეულებისა და მისი მონაწილეების კრიტიკას სახელმწიფო სტრუქტურებისგან მოჰყვა რეაგირება. მაგალითად, რეპერი ნიკოლაი ვასილიევი [Vacio], რომელიც წვეულებაზე პენისზე წამოცმული წინდის ამარა იყო, 200 000 რუბლით [თითქმის 6 000 ლარი] დააჯარიმეს და 15 დღით დააპატიმრეს წვრილმანი ხულიგნობისა და „ლგბტ-პროპაგანდისთვის“.

წვეულება დაინტერესების საგანი გახდა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წრეებშიც. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჰკითხა ფილიპ კირკოროვს, „რა მოაწყვეთო“.

ფილიპ კირკოროვი წვეულებაზე.

კირკოროვმა პესკოვთან თავი გაიმართლა, თუმცა მოგვიანებით, სხვების მსგავსად, საბოდიშო ვიდეო ჩაწერა.

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა არასწორ კარს შეაღებ. […] მე მხოლოდ ჩემი ქვეყნის არტისტი ვარ, მხოლოდ ჩემი ქვეყნის პატრიოტი. არასდროს მიცდია, ორ სკამზე ვმჯდარიყავი. არსად წავსულვარ და არ მიღალატია. მიყვარს მხოლოდ ჩემი მაყურებელი და მსმენელი. ვაცნობიერებ ჩადენილ შეცდომას“, – ციტირებს მას „მედუზა“.

კირკოროვის მსგავსად, „ბოდიშების აღლუმს“ სხვა მონაწილეებიც შეუერთდნენ. დიმა ბილანმა განაცხადა, რომ ესმის ხალხის უკმაყოფილება, განსაკუთრებით კი მათი, „ვინც რუსეთს წინა ხაზზე იცავს“. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის მონაწილეებს ეხმარება.

ქსენია სობჩაკმა თქვა, რომ არავის შეურაცხყოფა არ სურდა, თუმცა დაამატა – „თუკი ვინმე ჩემი ჩაცმით შეურაცხყოფილი დარჩა, ბოდიშს ვიხდი“.

სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებიდან ჩაწერილ ვიდეოში მობოდიშება ნიკოლაი ვასილიევმაც გადაწყვიტა: „ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრი ადამიანის გრძნობა შეურაცხვყავი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ რთულ დროს ასეთი საშინელი ვიდეოს მონაწილე გახვდი“. მანვე დაამატა, რომ „არანაირად არ უჭერს მხარს ლგბტ-ს და არ სურდა არანაირი პროპაგანდა“.

„მსურს, მეორე შანსი გთხოვოთ“ – საგადასახადო შემოწმება და გაწყვეტილი კონტრაქტი

ბოდიში არ ასცდა არც წვეულების ორგანიზატორ ნასტია ივლეევას: „ამბობენ, რუსეთმა იცის პატიებაო. ძალიან მინდა თქვენ, ხალხს, მეორე შანსი გთხოვოთ. თუ არა, სახალხო სასჯელიც არავის გაუუქმებია. ალბათ, ახლა ეს ხდება. თავს არ ავარიდებ, მზად ვარ ნებისმიერი შედეგისთვის“, – თქვა მან.

ივლეევას თხოვნის მიუხედავად, როგორც ჩანს, „მეორე შანსის“ ნაცვლად მისთვის სხვა შედეგები დადგა. ეკატერინა მიზულინას ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივლეევას საგადასახადო შემოწმება დაიწყო, რომელსაც „სისხლის სამართლის საქმედ ქცევის დიდი შანსი აქვს“. ამასთან ერთად, სარეკლამო თანამშრომლობა ბლოგერთან გაწყვიტეს ბანკმა „ტინკოფმა“ და მობილურმა ოპერატორმა „ემ-ტე-ესმა“.

ამ ყველაფერთან ერთად, ცნობილი სერიალის, „ბრიგადის“ პროდიუსერმა ალექსანდრ ინშაკოვმა ივლეევას სასამართლოშიც უჩივლა. კოლექტიურ სარჩელში ნათქვამია, რომ ივლეევამ „მორალური ზიანი“ მიაყენა ხალხს და 1 მილიარდი რუბლის [თითქმის 30 მილიონი ლარის] კომპენსაცია უნდა გადაიხადოს, რაც უკრაინასთან ომის ვეტენარების დახმარების ფონდს მოხმარდება.

შოუბიზნესის ის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგ ახლა რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული, რეპრესიული მანქანა ამოქმედდა, თავად არიან ამ რეჟიმის მხარდამჭერები — აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის ხელისუფლებას, უკრაინაში წარმოებულ ომს და ამ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლთათვის დახმარების კამპანიებშიც მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი